HK$500.000 Triton Short Deck-ზე ივან ლიუმ ტომ დუანი და ჯეისონ კუნი დაამარცხა
სამხრეთ კორეაში მიმდინარე Triton High Roller-ის სერიებზე, კიდევ ერთი შორთ დექ ივენთი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ტაივანელი ივან ლიუ გახდა, რომელმაც HK$ 8.470.000 - დაახლოებით, $1.079.586 დოლარი მოიგო. მან პირველი დღის უკანასკნელი დარიგების შემდეგ ჩიპლიდის მოპოვება და ტურნირის ბოლომდე შენარჩუნება შეძლო.
შესაძლოა, ივან ლიუ პროფესიონალ მოთამაშედ არ ჩაითვალოს, მაგრამ სამხრეთ კორეაში გამართულ სერიებზე მან საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები დადო: 'ტრიტონის' ყოველწლიურ ივენთზე მან მე-6 პოზიცია დაიკავა; ხოლო HK$ 100.000-იან სასტარტო ტურნირზე მინიმალური ანაზღაურების მოგება შეძლო. ბოლოს კი ყველაფერი ძვირადღირებული ივენთის მოგებით და მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურებით დასრულდა.
"შორთ დექის თამაში რამდენიმე თვეა, რაც დავიწყე, - ყვება ლიუ, - ვაი კინ იონგთან და სხვა გემბლერებთან ერთად ვცდილობდი დაოსტატებას. თამაში ჯერ კიდევ ახალია და მის შესწავლას დრო დასჭირდება."
ლიუს მოგებას განსაკუთრებულ ელფერს ის ფაქტი სძენს, რომ ფინალურ მაგიდაზე მას ოპონირებას ტომ დუანი და ჯეისონ კუნი უწევდნენ. სამწუხაროდ, რუი ცაოს წინააღმდეგ დუანმა დიდი დარიგება წააგო. შემცირებული სტეკის გაზრდა პოკერის ლეგენდამ ვეღარ მოახერხა და თამაში მე-5 პოზიციიდან დატოვა, $252.371 დოლარიანი ანაზღაურებით. რაც შეეხება ჯეისონ კუნს: მან შორტ სტეკით თამაშის მასტერკლასი აჩვენა. კუნმა რამდენჯერმე გარისკა სატურნირო სიცოცხლე და სიმამაცისთვის დაჯილდოვდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, მე-3 ადგილი მისი უკანასკნელი გაჩერება აღმოჩნდა.
ფინალური ჰედს-აპი რუი ცაოსა და ივან ლიუს შორის გაიმართა. "რუი ცაო, ჩემი აზრით, შორთ დექის საუკეთესო მოთამაშეა, - ამბობს ლიუ, - ჩემი ყურადღება ამჟამად მეინ ივენთისკენაა მიმართული. მის მოსაგებად ყველაფერს ვიზამ."