ბლეფი პოკერის ზუსტად ის ნაწილია, რაც თამაშს არნახულად საინტერესოს ხდის. ბლეფის კონცეფცია რომ არ არსებობდეს, პოკერი იღბლის თამაში გახდებოდა, რომელსაც ლიდერი არასდროს ეყოლებოდა. როგორც ტექნიკური არსენალის ნაწილი, ბლეფი ის იარაღია, რომლითაც მოთამაშეები შეცდომაში შეგვყავს, ან თავად ჩვენ ვებმებით მახეში. მოწინააღმდეგის ბლეფის თავიდან ასაცილებლად უამრავი მეთოდი არსებობს, პასიური თამაში, პოტ-კონტროლი, პოზიციისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა და ა.შ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ბლეფს ჩვენ ვაკეთებთ? რა შეცდომები შეიძლება დავუშვათ ასეთ დროს? ბლეფის უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ დამწყებები და არამხოლოდ ისინი, ხშირად განსაკუთრებით 'დიდ ცოდვას' სჩადიან და ბლეფის დროს მთავარ ყურადღებას აგრესიას უთმობენ. აგრესია მართლაც აუცილებელია, მაგრამ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი ბლეფის გაკეთების დროს?
როდესაც ბორდი და თქვენი ჰენდ-რეინჯი აცდენილია. რას ნიშნავს ბლეფი? - მოქმედება, რომელსაც ჩვეულებრივ შემთხვევებში თქვენ არ შეასრულებდით. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა გულისხმობს იმას, რომ მას გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს შექმნილი თქვენზე. რეალურად თქვენი ჰენდ-რეინჯის შესახებ სავარაუდო ვარიანტების შექმნა, რომლებიც მოწინააღმდეგეს შეიძლება ჰქონდეს, თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მაგიდაზე ახლახანს დაჯექით? ვერცერთ ნაცნობს ვერ ხედავთ, რომელმაც თქვენი თამაშის სტილი იცის. ასეთ დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა მოთამაშემ ძალიან ფართო ჰენდ-რეინჯით, ძალიან აგრესიული სვლების კეთება დაიწყოს. აქ მხოლოდ სიმშვიდე და მოთმინებაა საჭირო. დაელოდეთ მომენტს, დაელოდეთ თუნდაც დროის გასვლას, რათა გარკვეული წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ თქვენზე. შეისწავლეთ მაგიდის დინამიკა და მოიქეცით იმის საწინააღმდეგოდ, რასაც თქვენზე თქვენი მოწინააღმდეგეები ფიქრობენ.
ზედმეტი სიმშვიდე, ან ზედმეტი ნერვიულობა. ეს შეცდომა ლაივ პოკერის მოყვარულებს შეეხებათ. ბევრ მოთამაშეს, ბლეფის დროს, საკუთარი ნერვების კონტროლი ძალიან უჭირს. მოზღვავებული ადრენალინი, თქვენგან სრულიად დამოუკიდებლად, იწვევს კანკალს, ოფლიანობას, მოუსვენრობას, აგრესიულ ქცევას და ა.შ. ზოგ ადამიანზე კი ადრენალინი სრულიად სხვანაირად მოქმედებს: მათი სხეული იმდენად იცავს თავს ამ ჰორმონისგან, რომ ისინი ზედმეტად მშვიდები, პასიურები და ნელები ხდებიან. ამ პრობლემის გამოსავალი მხოლოდ პრაქტიკაა. თუ ადრენალინი გამოიყო, თქვენ სხეულის კონტროლს ვეღარ შეძლებთ, თქვენზე არაფერი იქნება დამოკიდებული, მაგრამ ადრენალინის გამოყოფამდე, ნერვული იმპულსები თქვენ ხელშია. ეს ისაა, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. წინასწარ განსაზღვრეთ, რომ ბლეფის გაკეთებაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ამით არავის არ აწონებთ თავს, ეს მხოლოდ თამაშის შემადგენელი მცირე დეტალია.
თქვენ არ აკეთებთ საკმარისი რაოდენობის ბლეფს. როგორც პოკერის ძველი ანდაზა ამბობს: თუ თქვენ ყოველი ბლეფის დროს იგებთ ე.ი. საკმარის ბლეფს არ აკეთებთ. იმისთვის, რომ თქვენი ბლეფი რეალურად მომგებიანი იყოს, თქვენ ისეთი სიხშირით უნდა მიმართავდეთ ამ ხერხს, რომ ზოგჯერ მოწინააღმდეგემ არ უნდა დაგიჯეროთ, ზოგჯერ ეჭვი უნდა შეიტანონ თქვენში. თუ ყოველი ბლეფის დროს იგებთ, გამოდის, რომ თქვენ რამდენიმე ასეულ დარიგებაში ერთხელ მიმართავთ ამ ხერხს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მოთამაშე ბლეფს ფულის ხარჯვად თვლის, დღევანდელი პოკერი იმდენადაა განვითარებული და გართულებული, რომ ამ ინსტრუმენტის გარეშე მოგება თითქმის შეუძლებელია. მაშინ როცა დაბალი ლიმიტის თამაშებში, განსაკუთრებით ონლაინ პოკერში, ბლეფის გაკეთება არაფრისმომცემად ითვლება, მაღალი ლიმიტის თამაშებში ბლეფის გარეშე ერთი საათით გაძლებაც კი წარმოუდგენელია.
თქვენ მიერ მოყოლილი ამბავი არადამაჯერებელია. ჰენდ-რეინჯის მსგავსად, თქვენ უნდა დაუკვირდეთ, რამდენად სწორ ამბავს უყვებით მოწინააღმდეგეს? რამდენად შეგესაბამებათ და არის თუ არა ის დამაჯერებელი? ამისთვის შემდეგი კითხვების დასმა მოგიწევთ: როგორ ითამაშეთ პრეფლოპ? რამდენად ემთხვევა ფლოპზე დადებული კარტი თქვენ მიერ პრეფლოპ მოქმედებებს? გამოიწვევს თუ არა რაიმე შედეგს თქვენი აგრესია თამაშის ამ ეტაპზე? რას განასახიერებს თქვენი ჩექ-რეიზი თერნზე? თერნზე ან რივერზე დადებულმა კარტმა მოგცათ თუ არა სავარაუდო დროინგ ჰენდის დასრულების საშუალება? ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბლეფის დროს უდნა გაითვალისწინოთ: ვის უყვებით თქვენს ისტორიას? რამდენად გაიგებს მოწინააღმდეგე ამ ამბავს? თქვენ შეიძლება მოქმედებათა სწორი ჯაჭვი შექმნათ, ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, მაგრამ ოპონენტმა უბრალოდ ვერ გაიგოს ვერაფერი და მეორე ან მესამე წყვილით ქოლი გააკეთოს. ნუ ეცდებით ბლეფის გაკეთებას გამოუცდელ მოთამაშესთან, ან 'ქოლინგ სთეიშენთან'.
თქვენ არ გაქვთ საკმარისი ფული. თუ თქვენ 10 ბიგ ბლაინდით ზიხართ და მოწინააღმდეგე 75-ით, ბლეფი სრულიად აზრსმოკლებული განზრახვაა. ამისთვის გარკვეული თანხაა საჭირო, რომელიც 'ბლეფ ექვითის' შექმნის და აგრესიას გარკვეულ დატვირთვას მისცემს. ასეთ დროს ე.წ. ნახევარ-ბლეფსაც კი აზრი ეკარგება და ჩექი, თერნზე და რივერზე უკეთესი კარტის ამოსვლის იმედით, გაცილებით უკეთეს თამაშად ჩაითვლება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენ სოლიდური სტეკი გქონდეთ, მაგრამ ფული ამჯერად მოწინააღმდეგეს აკლდებოდეს. ასეთ შემთხვევებშიც ბლეფი თავის სიმძიმეს კარგავს და მასში დახარჯული ფული, შეიძლება დაკარგულად ჩავთვალოთ.