ჩვენ, დამწყებმა მოთამაშეებმა, ვიცით საკუთარი რეაქცია წაგებასა თუ მოგებაზე; ვიცით, როგორ ვიღლებით თამაშისგან და რამდენიმე დღის შემდეგ როგორ გვინდება ისევ კარტის დანახვა; ვიცით რამხელა შრომა და მოთმინებაა ჩადებული იმ ფულში, რომელსაც უბრალოდ მოგებულს ეძახიან. თუ გულახდილები ვიქნებით, ზოგჯერ ჩვენც ვიცით, რომ გაგვიმართლა და მოვიგეთ. საინტერესოა, როგორ აღიქვამენ იგივე მოვლენებს ადამიანები, რომლებიც უკვე ათწლეულებია პოკერს თამაშობენ? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პერიოდულად რომელიმე ცნობილი მოთამაშის პოსტი გამოვაქვეყნო.
რამდენიმე დღის წინ ბარი გრინშტეინის ბლოგ პოსტს წავაწყდი. მსოფლიო პოკერის ლეგენდას, ამ პოსტში, საუბარი ჰქონდა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთმა დარიგებამ მისი და კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშის მომავალი. რამდენად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს ერთი დარიგება ადამიანისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მილიონობით ხელი აქვს ნათამაშები?
ბარი გრინშტეინი:
ამასწინათ ანტონიო ესფანდიარის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც მან $600.000 დოლარიანი პოტი ახსენა, რომელიც მე და ანტონიომ "ჰაი სტეიკს პოკერის" მეშვიდე სეზონში ვითამაშეთ. T64 ფლოპზე მას 78 ჰყავდა, მე - 44. მე ოთხიანების სეტით და ანტონიო ესფანდიარი ორმაგი გატერით + სტრეიტ ფლეშ დროთი, ფლოპზევე ოლ ინ სიტუაციაში აღმოვჩნდით. თერნზე ანტონიომ ფლეში დაიჭირა, მე კი გაწყვილებული ბორდის გარეშე დავრჩი და დარიგება წავაგე. ეს ესფანდიარისთვის ყველაზე დიდი პოტი იყო, რომელიც მას ცხოვრებაში მოუგია. ხოლო ჩემთვის იყო დარიგება, რომელმაც გამტეხა და დარჩენილი "ჰაი სტეიკს პოკერი" უღიმღამოდ მათამაშა.
ამ დარიგების შემდეგ არცერთი ჰაი როლერ ივენთი აღარ მითამაშია. ესფანდიარი კი პირიქით - მან "ჰაი სტეიკს პოკერიც" არაჩვეულებრივად ითამაშა და მალევე ძალიან ძვირადღირებულ თამაშებზე გამოჩნდა. საბოლოოდ კი ანტონიომ WSOP-ის One Drop-ზე, პოკერის ტურნირისთვის წარმოუდგენელი თანხა - $18.346.673 დოლარი მოიგო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ "ჰაი სტეიკს პოკერში" ნათამაშებმა იმ ერთმა დარიგებამ, ჩვენ ორი განსხვავებული გზა მოგვცა.
"ჰაი სტეიკს პოკერის" მაყურებელთა ნაწილი და პოკერის მოყვარულები თვლიან, რომ ამ გადაცემაში ნაჩვენები მოგებული და წაგებული თანხები ნამდვილი არ არის. უამრავი ადამიანი დღემდე მეკითხება, მართლა ხდებოდა თუ არა ეს დარიგებები? ნამდვილად საკუთარი ფულით ვთამაშობდით თუ არა? მე გარანტიას ვაძლევ ნებისმიერი სატელევიზიო შოუს მაყურებელს, რომ ყველა დარიგება რეალურია. უბრალოდ, როცა რამდენიმე საათიანი სესიიდან მოსაწყენ ხელებს ამოიღებ, სადაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მარტო იმ დარიგებებს ტოვებ, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაყურებელს ხელოვნური გადაცემის განცდა უჩნდება. მახსოვს, ერთხელ გადაცემის პროდუსერს ველაპარაკებოდი. ძალიან დამწუხრებული ჩანდა, რადგან 8 საათიანი თამაშიდან, მხოლოდ ერთი დარიგება იყო ყურადღების ღირსი.
ჩვენ ნამდვილად საკუთარი ფულით ვთამაშობდით. ზოგიერთი მოთამაშე, ვინც მაგიდასთან იყო, ღებულობდა გარკვეულ თანხებს სპონსორებისგან, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი ფულით ვიყავი მისული. გადაცემის მფლობელები, სატელევიზიო ეთერში გამოჩენისთვის, საათში $1.250 დოლარს, ანუ სესიისთვის $10.000 დოლარს გვიხდიდნენ, მაგრამ მაგიდაზე ფული ნამდვილად ჩვენი ბანკროლიდან ჩნდებოდა. $600.000 დოლარიანი დარიგებაც ჩემი ჯიბიდან იყო გადახდილი. ამ ხელმა ჩემს კარიერას დიდი ზიანი მიაყენა. მან სრულიად შეცვალა ჩემი თამაშის განრიგი მომავალ წლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ანტონიო ძალიან წარმატებული მოთამაშე იქნებოდა. მას წარმატება არც მანამდე აკლდა. მაგრამ ამ დარიგების გარეშე, მეეჭვება მას ასეთი სიმაღლეებისთვის მიეღწია.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. მე უამრავი მომგებიანი და წამგებიანი სესია მქონდა. მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარიგება ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ძვირი დამიჯდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ეს მაინც ერთი დარიგება იყო, პოკერის ძალიან, ძალიან ხანგრძლივ თამაშში.