
ცოდნა ძალაა! როცა ინგლისელი ფილოსოფოსი, სერ ფრანსის ბეიკონი ამ სიტყვებს წერდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, ეს სიტყვები ყოველი მოთამაშის გონებაში რამდენჯერმე გაიელვებდა, როცა ისინი მაგიდას მიუსხდებოდნენ.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შესავალს და ამ სიტყვებს პოკერთან არანაირი შეხება არ აქვთ, მაშინ მითხარით: რას აკეთებთ პირველ რიგში, როცა თქვენს ოპონენტს ხედავთ? თქვენ აკვირდებით მის ჩაცმულობას, გებულობთ მის სქესს, ცდილობთ განსაზღვროთ მისი ასაკი, რაოდენობის ჩიპებით თამაშობს და ა.შ. თუ ონლაინ პოკერის მოყვარული ხართ, აკვირდებით იმას, რისი შესაძლებლობა გაქვთ - მის ნიკს. ნიკით კი, სიმართლე ითქვას, ბევრი რამის თქმა შეიძლება. მაგალითად თუ მოწინააღმდეგეს რომელიმე ცნობილი მოთამაშის სახელი აქვს ნიკად აღებული, შეიძლება ის დამწყებ ენთუზიასტად ჩავთვალოთ, რომლისთვისაც მთავარი არა მოგება, არამედ პოკერის ჟინი. ადამიანების უმეტესობა ფეხბურთის თამაშს იწყებს არა თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად, არამედ ცნობილი ფეხბურთელის მიმართ ჩამოყალიბებული სიმპათიის გამო. ცნობილი მოთამაშის სახელი ნიკად და ცნობილი ფეხბურთელის მაისური ეზოში - ერთი და იგივე ფენომენია. თუ მას ერთი შეხედვით გაუგებარი ასოების და ციფრების კომბინაცია აქვს - ის საკმაოდ ახლოს უნდა იყოს მათემატიკასთან, კარგად ერკვეოდეს პოკერის თეორიაში და საინტერესო იდეები უნდა ჰქონდეს თამაშზე. ხოლო ყველაზე გავრცელებული ნიკის სტილით - საკუთარ სახელთან ერთად მიწერილი დაბადების თარიღით, შეიძლება გავიგოთ რა სახის ცუდი მოთამაშეა ჩვენს წინააღმდეგ. აუცილებელი სიტყვა აქ არის ‘ცუდი’, ხოლო თაითია ის, ლუზი, აგრესიული თუ პასიური, ამას მისი ასაკი განსაზღვრავს. რაც უფრო დიდია მოთამაშის ასაკი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის თაითი იქნება და მისი აგრესია დამაჯერებელი.
ამასობაში მივედით თავდაპირველად დასმულ შეკითხვამდე - რას ვაკეთებთ, როცა ოპონენტს ვხედავთ? ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას მის შესახებ. პოკერი სწორედაც ინფორმაციის თამაშია და მისი მთელი ხიბლი მის სიმცირეშია. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტის კარტს ვერ ვხედავთ, ბორდის კარტები საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ზოგჯერ კი დიდ გაუგებრობაში ვეხვევით. ამიტომაც ჩვენ მთელი შემართებით ვცდილობთ, მაქსიმალურად დეტალური, თუნდაც მცირედი ინფორმაცია მოვიპოვოთ იმის შესახებ თუ ვინაა ოპონენტი, როგორ თამაშობს, როგორ საუბრობს, როგორია მისი ბეთინგი, ბევრი აქვს თუ არა მოგებული ან წაგებული, რამდენ ხანს ანდომებს გადაწყვეტილების მიღებას, როგორია მისი ისტორია ერთი ან რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ და ა.შ.
ერთ-ერთი გზა, რომლითაც ინფორმაცია შეგიძლიათ ცოდნად გადააქციოთ, ოპონენტებზე ‘ნოუთების’ ჩანიშვნაა. ბევრი ონლაინ მოთამაშეს აქვს შემდეგი წესი: ოპონენტების ტენდენციებისა და თამაშის სტილის შესახებ, პატარა მინიშნებების გაკეთება. მაგრამ იგივეს გაკეთება, ლაივ თამაშების დროსაცაა შესაძლებელი.
როცა დარიგება შოუდაუნამდე მიდის, ჩვენ საშუალება გვეძლევა დავინახოთ მოთამაშეების კარტები და გავაანალიზოთ მათი ქმედებები ყოველ ბეთინგ რაუნდზე. არ აქვს მნიშვნელობა, დარიგებაში ვმონაწილეობდით თუ არა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მაინც ხელმისაწვდომი და გამოსადეგია.
დავუშვათ, ჩვენი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დარიგებას იგებს KQ
-ით, 9
3
5
J
A
ფლოპზე. ჩვენ შეიძლება შევხედოთ კარტებს და ვთქვათ, რომ დიდი არაფერი, ნატსმა ფლეშმა მოიგო. ამის თქმა უფრო ადვილია, თუ დარიგებაში არ ვმონაწილეობდით. მაგრამ თუ ამ დარიგების გაანალიზებას შეეცდებით, საქმე საკმაოდ რთულდება: ჩვენ არ ვიცით როგორ მივიდა ეს მოთამაშე რანერ ფლეშამდე. გააკეთა თუ არა C-ბეთი ამ კარტით ცარიელ ფლოპზე? როგორ მოიქცა, როცა ფლეშ დრო მიიღო თერნზე? გააგრძელა თუ არა აგრესია, როცა საფლეშე გახდა, თუ პირიქით - შეარბილა თამაში? რამხელა ველიუ ბეთი გააკეთა, როცა ნატსი ფლეში მიიღო რივერზე? პასუხები ამ კითხვებზე, უამრავ ინფორმაციას იძლევა, რომელიც უამრავი მანევრის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული მოთამაშის წინააღმდეგ, შემდეგ დარიგებებში.
გარდა ასეთი სიტუაციებისა, როცა დიდ ტურნირს თამაშობთ, სხვა სახის ინფორმაციის მოპოვებაც შეგიძლიათ. დიდ ტურნირებზე, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი ხდება თითოეული მაგიდის ლაინაფი. შეგიძლიათ გადახედოთ თქვენ მაგიდაზე მჯდომ მოწინააღმდეგეებს, მოძებნოთ მათი სტატისტიკური მაჩვენებლები Handon Mob-ზე, ნახოთ რამდენად მომგებიანად და წარმატებულად თამაშობენ და წინასწარ განსაზღვროთ, ვისთან გექნებათ დაძაბული თამაში და ვინ იქნება მარტივი, "გადამხდელი" მოწინააღმდეგე. იგივეს გაკეთება ონლაინ მოთამაშეებზეც შეგიძლიათ და ეს გაცილებით ადვილი იქნება. განსაკუთრებით თუ უცხოურ საიტებზე თამაშობთ.
ყველაზე ადვილი გზა ინფორმაციის მოსაპოვებლად, ძველი, კეთილი საუბარია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ადვილად შეიძლება დეტალური ინფორმაცია მიიღოთ მოთამაშისგან, თუ მას უბრალო კითხვას დაუსვამთ მისი თამაშის შესახებ. ის თქვენ მოგიყვებათ რამდენად არ უმართლებს ბოლო დროს, რას ცდილობს შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად და ა.შ. ის კონკრეტულ დარიგებებსაც კი მოგიყვებათ და თან დიდი სიხარულით. ნამდვილად არ დამალავს დიდ მოგებას და მის განსაკუთრებულ თამაშს ამ მოგების მისაღწევად. ასე რომ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ გულახდილად დაუსვათ კითხვა და მიიღოთ გულახდილი პასუხი.
მთავარია, გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია აუცილებელია და საჭიროა მისი ცოდნად, ანუ ძალად გარდაქმნა. შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არაფრისმომცემ შრომად და წვალებად მოგეჩვენოთ, გადაწყვიტოთ, რომ მთავარი კარტი და იღბალია, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როცა თერნზე ან რივერზე ძალიან რთული გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები, რისთვისაც კონკრეტულ ოპონენტზე ნებისმიერი სახის ინფორმაცია წარმოუდგენლად დიდ სამსახურს გაგიწევთ.