გამოვიყენოთ ოპონენტების რეაქციები საკუთარი თამაშის შესაფასებლად

+ პოსტის დამატება

პოკერი, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან რთული თამაშია უამრავი სხვადასხვა ასპექტის გამო. წინა ბლოგებში, ხშირად ვწერდი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრესი, მუდმივი წინსვლა და თამაშის დახვეწა, სწრაფვა სრულყოფილი თამაშისკენ. ერთ-ერთი სირთულე, რომელზეც თითქმის არავინ ფიქრობს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია საკუთარი თამაშის ხარისხზე, არავინ გვაძლევს ამ ფიდბექს. ჩვენი თამაშის ხარისხის ერთადერთ საზომად შეიძლება საკუთარი საფულე ჩავთვალოთ, მაგრამ ისიც არ იქნება ყოველთვის მართალი.

საფულე რომ თამაშის ხარისხის საზომი არაა, ამაზე ის გარემოება მიუთითებს, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ხშირად წაგებულები აღმოვჩნდეთ, მაშინაც კი, როცა კარგად ვთამაშობთ. ეს მხოლოდ ბედ ბითებს და ქულერებს არ გულისხმობს. შეიძლება ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, სწორი ბლეფები აკეთო, მაგრამ უშედეგოდ. შეიძლება სწორად მოითხოვო ‘ველიუ’ რომელიმე ხელიდან ან სწორი ქოლი გააკეთო, მაგრამ მეორე საუკეთესო ხელი აღმოგაჩნდეს, რაც ყველაფერს გააფუჭებს.

რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოც ხშირად ხდება: შეიძლება ძალიან ცუდად ითამაშო და მაინც მოიგო. ან შეიძლება საშუალო დონეზე თამაშობდე და იგებდე კიდეც, მაგრამ არა იმდენს, რამდენის მოგებაც საუკეთესო შემთხვევაში შეიძლებოდა. თუ კმაყოფილი ხარ ყოველი მოგებული ბანკით, თუ კმაყოფილი ხარ იმით, რომ უფრო მეტი ფულით დგები, ვიდრე მაგიდასთან დაჯდომამდე გქონდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ განვითარებისგან და წინსვლისგან ძალიან შორს ხარ. ამასთან ერთად ისიც უნდა იგულისხმო, რომ მაგიდიდან გაცილებით მდიდარი შეიძლება ამდგარიყავი, ასე რომ ყოველდღიურად უამრავ შანსს უშვებ ხელიდან. თუ მაგიდაზე მოსაგები 100 ლარი დატოვე, უნდა ჩაითვალოს, რომ 100 ლარი წააგე.

მაშინ როგორ უნდა შევაფასოთ საკუთარი თამაში? გრძელვადიანი შედეგები ნამდვილად გამოსადეგი იქნება საკუთარი თამაშის ხარისხის შესაფასებლად, მაგრამ კონკრეტულ მოქმედებებზე პასუხს ისინი ვერ მოგვცემენ. მართალია დისტანციას ‘არ ადარდებს’ დისპერსია და სვინგები, მაგრამ ჩვენ მაინც იმას დავინახავთ, რომ ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ. პასუხი იმაზე, თუ რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი, რომელი სტრატეგია ამართლებს ჩვენთვის, რა არის ჩვენი თამაში, ჩვენ არ გვექნება.

ჩემი დაკვირვებით, საკუთარი თამაშის საუკეთესო შემფასებლები სხვები არიან. თუ მოწინააღმდეგე დაბნეულია, თუ არ იცის ბეთი გააკეთოს თუ ჩექი, ქოლით უპასუხოს ჩემს ბეთს თუ რეიზით, მაშინ ვხვდები, რომ რაღაცას ნამდვილად სწორად ვაკეთებ. მაგალითისთვის განვიხილოთ ველიუ ბეთის შემთხვევა. ვთქვათ, რივერზე მივიღეთ საუკეთესო კარტი, ჩვენ უკვე ნათსი გვყავს. ოპონენტი აკეთებს ჩექს, ჩვენ სტანდარტულ ველიუ ბეთს და ის ქოლს. ბანკი მოგებულია, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ოპონენტის ქოლზე ან ფოლდზე მნიშვნელოვანი არის დრო, რომელიც მას დასჭირდა რომელიმე გადაწყვეტილების მისაღებად. რა თქმა უნდა, ზოგჯერ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ სწორად ვითამაშეთ თუ არა, მოწინააღმდეგეს იმდენად სუსტი ან ძლიერი ხელი ჰყავს, რომ მისი გადაწყვეტილება მომენტალურია, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ოპონენტის ქოლზე მნიშვნელოვანი არის ბეთის ზომა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. გასაგებია, რომ მოვიგეთ, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტის მოგება?

ველიუ ბეთის დროს, ნაკლებად უნდა ვიფიქროთ ბანკის მოგებაზე. ჩვენ ნათსი გვყავს, ბანკი ისედაც მოგებულია, ამაზე ფიქრისთვის დრო არ უნდა დავხარჯოთ. თუ გვინდა, რომ გადაგვიხადონ, გავაკეთოთ მინიმალური ფსონი და 99%-ში ჩვენ გადაგვიხდიან. არც ესაა მთავარი. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ისეთი ზომის ბეთი, როცა მოთამაშე სერიოზულად დაფიქრდება ქოლზე და ფოლდზე ერთდროულად, როცა ის რამდენიმე წამს, შეიძლება წუთსაც გამოიყენებს გადაწყვეტილების მისაღებად. როცა მივაგნებთ ასეთი ზომის თანხას, გავაკეთოთ ამ თანხაზე ოდნავ, სულ მცირედით მომცრო ბეთი, ისეთი რომ მათემატიკამ უბიძგოს მოწინააღმდეგს ქოლისკენ.

იგივე შეიძლება ვთქვათ ბლეფზეც. სისულელეა პატარა ველიუ ბეთის და დიდი ბლეფის გაკეთება. ბევრი გვასწავლის, რომ ბლეფი უნდა იყოს ძალიან დიდი და ველიუ ბეთი - ისეთი, რომ მისი გადახდა მიმზიდველი იყოს. სულაც არა! რაელურად, ველიუ ბეთიც და ბლეფიც თითქმის ერთნაირი ზომის უნდა იყოს. აქ მთავარია მოვძებნოთ საზღვარი, როცა მოწინააღმდეგეს გაუჭირდება მოქმედება, როცა ის დიდხანს მოანდომებს გადაწყვეტილების მიღებას.

შემდეგი თამაშისას დაფიქრდით ამაზე - თუ თქვენი მოწინააღმდეგეები არ ნერვიულობენ, არ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ თქვენ საკმაოდ სუსტად თამაშობთ. ა

რუმები

ქართული უცხოური