იღბლის ფაქტორი პოკერში და მასთან დამოკიდებულება

+ პოსტის დამატება

ვისაც რამდენიმე საათი მაინც გაგიტარებიათ კაზინოში, გაგონილი გექნებათ ფრაზები: მე ვერასდროს ვიგებ კოინ ფლიპს! მისი ტუზები იგებენ, ჩემები - არა. ორი საათის განმავლობაში ერთი დარიგებაც არ მომიგია... და უამრავი მსგავსი სისულელე. შეიძლება იგივე თქვენც გითქვამთ. მე ნამდვილად მითქვამს და არაერთხელ. გარდა ამ ფრაზებისა, მოთამაშეები ცდილობენ "ხელოვნურად" გამოასწორონ მათი იღბალი - ზოგი თვლის, რომ მთავარი დამნაშავე დილერია და მის გამოცვლას ითხოვს; ზოგი მაგიდას ან სკამს იცვლის; ონლაინ თამაშის პირობებში სიმღერაც კი შეიძლება გამოცვალოს ადამიანმა.

ყველას აქვს იღბლიანი და უიღბლო ნიშნები, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის. ასეთი ფრაზები, აზრები, მოქმედებები სხვა არაფერია თუ არა უბრალო წუწუნი. ყველამ იცის, რომ დილერის, სკამის და ატმოსფეროს გამოცვლა, არანაირ ზეგავლენას არ ახდენს იღბალზე. რა თქმა უნდა, თუ სერიოზული მიზეზი გაქვთ, რის გამოც ადგილის გამოცვლა გინდათ კაზინოში, ან თუ რაიმე გარე ფაქტორი განწყობაზე და შემდეგ თამაშზე მოქმედებს, ეს სულ სხვა საქმეა, მაგრამ ასეთი ქმედებით იღბლის ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია! ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, თუ ის მშვიდადაა. მაგრამ თამაშისა და აზარტის დროს, ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

ასეთი წინადადებებისა და მოქმედებების გახმაურება, არამხოლოდ სულელურია, არამედ უხერხულიცაა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს საქციელს მიმართავს, არასდროს ჩაითვლება სერიოზულ მოთამაშედ, რომელმაც იცის როგორ გაუმკლავდეს წაგებას. ის დამწყები მოთამაშეებისთვისაც კი არასერიოზულ ადამიანად ჩანს. ამასთან ერთად, იღბალზე წუწუნი, არამხოლოდ თქვენს რეპუტაციას, არამედ თამაშსაც ავნებს. იღბალზე წუწუნის დროს შეიძლება მოხდეს ორი რამ: კარგი მოთამაშეები აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს სისუსტეს, უკანდახეულობასა და პესიმიზმს; ან იგივე მიზეზების გამო, თქვენ თავად გადაყრით ფულს სრულიად უაზრო დარიგებაში, რომელსაც ნორმალურ პირობებში ყურადღბასაც არ მიაქცევდით. ორივე შემთხვევაში თქვენ წაგებული ხართ. 

მაგრამ ამავე დროს თქვენ შეიძლება ეს ყველაფერი გაკვეთილად გამოიყენოთ: თქვენ უნდა იცოდეთ, რამდენად ძვირფასია იღბლის ფენომენის გაგება და სწორი გაანალიზება. 

პოკერი, რა თქმა უნდა, ცოდნისა და უნარების თამაშია. თუ გინდათ, რომ წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ პოკერის ტექნიკური საკითხები, როგორებიცაა: საწყისი ხელების შეფასება, დროინგ ჰენდების შეფასება, ბლეფისა და მისი სხვადასხვა სახეობების ცოდნა და სწორ დროს გამოყენება, სწორი პოზიციის იდეა სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისად და ა.შ. ჩამონათვალი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გავაგრძელოთ. მაგრამ ამასთანავე უნდა გავიაზროთ, რომ პოკერი იღბლის თამაშიც არის. 

ჯესი მეი, ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი, პოკერს შემდეგნაირად ხსნის: პოკერი ცოდნისა და იღბლის თამაშია. ყველა ფიქრობს, რომ ყველაზე რთული ამ ცოდნაში და უნარებში დაოსტატებაა. სინამდვილეში ისინი ცდებიან. პოკერის მთელი ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშე უნდა დაოსტატდეს სწორედ იღბალში. იღბლის გაგებასა და სწორად დანახვაშია პოკერის ფილოსოფია, რომელსაც ადამიანების უმეტესობა არათუ ვერ ახერხებს, საერთოდ არც ფიქრობს ამაზე. სწორედ იღბლის გამოა პოკერი განსაკუთრებული მოვლენა და სწორედ ამის გამო უბრუნდებიან ადამიანები ამ თამაშს.

ამ აზრის ბოლო ფრაზა ყველაზე ადვილი გასაგებია. თუ თამაში მხოლოდ ცოდნასა და უნარებზე იქნებოდა, მას ამდენი თაყვანისმცემელი არ ეყოლებოდა. პოკერი გადაიქცეოდა ისეთ რთულ მოვლენად, როგორიცაა ჭადრაკი, სადაც იღბლის ფაქტორი ბოლომდე გათიშულია. სწორედ ამ მიზეზით, თქვენ არ უნდა უსაყვედუროთ თქვენს სუსტ ოპონენტებს ცუდი თამაშის გამო. თუ ვინმე ცუდად თამაშობს და უმართლებს, ის სწორედ ამ მიზეზით ზის თქვენთან მაგიდაზე. სუსტი მოთამაშეები იღბლის იმედად სხდებიან სათამაშო მაგიდასთან. დროებითი წარუმატებლობა და სხვისი ცუდი თამაშის გამო წაგება, რამდენიმეწლიანი სათამაშო პერიოდისთვის არ უნდა აღიქმებოდეს სერიოზულად. იღბლის ფაქტორი სწორედ ისაა, რაც პროფესიონალ, რეგულარულ მოთამაშეს სჭირდება დამწყებების მოსაზიდად. 

მაგრამ არსებობს მეორე მნიშვნელოვანი იდეა: თქვენ უნდა დაოსტატდეთ იღბალში, თქვენ უნდა გაიგოთ იღბლის იდეა, როგორ მუშაობს ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ დაუბრუნდებით წინა დღის, რამდენიმე თვის წინანდელ ან წლების წინანდელ პერიოდებს და გამოცდილ ტკივილს ვერ დააღწევთ თავს. მუდამ გექნებათ იგივეს განცდის შიში, რაც ყოველ წამს შეგიშლით ხელს, გაგიფუჭებთ თამაშს, შეანელებს თქვენს განვითარებას და სავარაუდოდ რეგრესსაც გამოიწვევს. 

სხვა პოსტებშიც ხშირად მითქვამს და აქაც გავიმეორებ: წარუმატებლობა, უიღბლო სესიები ძალიან გამოსადეგია კარგი მოთამაშისთვის. ნებისმიერმა რთულმა სიტუაციამ, შეიძლება გაცილებით ღრმა ანალიზამდე მიგვიყვანოს. არსებობს ცუდი დარიგების სხვადასხვა ვარიანტები. კარგი და ცუდი მოთამაშე ყოველთვის წააგებს ფულს, მაგრამ კარგი მოთამაშე იმით განსხვავდება ცუდისგან, რომ ნაკლებ ფულს დაკარგავს ასეთ სიტუაციებში. ამაში კი მას გამოცდილება და დაუნსვინგების გაანალიზება ეხმარება. 

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ძველი ცუდი პერიოდების გახსენება ამჟამინდელ სირთულეს იწვევს, მაშინ ცოტა ხნით შეიძლება საერთოდ დავივიწყოთ ისინი. თუ სესიას ვიწყებთ და ერთი თვის წინანდელი მძიმე დაუნსვინგის გამო, შიშები გვეწყება, გამართლებულ რისკებს ვერ ვიღებთ, ბლეფის დროს ხელი გვეშლება, საერთოდ გადავაგდოთ მოგონებები ან გამოვკეტოთ ცოტა ხნით მეხსიერების ბნელ კუთხეში და მხოლოდ მაშინ გავხსნათ და გავიხსენოთ, როცა წარმატება "დამღლელი" გახდება. 

იღბალი ისეთივე ფაქტია პოკერში, როგორც ცხოვრებაში. ის შეიძლება გრავიტაციას შევადაროთ - გრავიტაცია ნამდვილად არის და ჩვენ ყელაფერს ვაკეთებთ მასთან შესაბამისობაში. იღბლის უგულებელყოფა და ყველაფრის ცოდნამდე და ტექნიკურ საკითხებამდე დაყვანა, უბრალოდ წამგებიან მოთამაშეს შექმნის. იღბლის არგათვალისწინება იგივეა, რაც საკუთარი კარტების ნახვის გარეშე თამაში. თუ თამაშს რომელიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს, თუნდაც რთული და თუნდაც ძალიან რთული, ის აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, შევაფასოთ და ვიცოდეთ, რამხელა ზიანისა და სარგებელის მოტანა შეუძლია მას. 

რუმები

ქართული უცხოური