შედეგის მისაღწევად მიზნის დასახვა, ახალი მოვლენა არ არის, ამ მეთოდს ათასწლეულების წინ იყენებდნენ. მის გამოყენებას დღესაც არნახული წარმატება მოაქვს, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საქმიანობაში, ნებისმიერ დონეზე. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა პოკერის მოთამაშისთვის? ახდენს თუ არა ის მოგების გაზრდას? ჩემი და უამრავი სხვა მოთამაშის გამოცდილების გათვალისწინებით, კონკრეტული მიზნის ჩამოყალიბება და მასზე მუშაობა, მოთამაშის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
ამერიკელი ფსიქოლოგი, ედ ლოკი თვლის, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც გაუაზრებლად, აქვს გარკვეული მიზნები. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, შეიძლება მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, შეიძლება ერთი მიზანი აღემატებოდეს მეორეს, მაგრამ ფაქტია - ჩვენ გვაქვს მიზნები და, გარკვეულწილად, ვმოქმედებთ მათ შესასრულებლად. ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბროთ. ახლა კი ჩამოვთვალოთ მიზნის დასახვის რამდენიმე პოზიტიური მხარე:
- მიზანი უფრო ფოკუსირებულს გვხდის მოქმედებაზე
- მიზანი გვიმაღლებს თავდაჯერებულობას
- მიზანი გვეხმარება სტრესის დაძლევაში
- მიზანი გვეხმარება პოზიტიურ აზროვნებაში
- მიზანი გვიმაღლებს მოტივაციას
- მიზანი გვიუმჯობესებს მორალურ სიმტკიცეს
- მიზანი გვიმაღლებს შრომისუნარიანობას
ბევრი მოთამაშე, რომელთანაც მისაუბრია ამ თემაზე, თვლის, რომ მიზნის დასახვა თამაშში უკეთეს შედეგს არ იძლევა. ამის მიზეზად მათ მოჰყავდათ გადაჭარბებული მოლოდინი, უკმაყოფილება და დისკომფორტი მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, თამაშის პროცესში მიზანზე გადართულობა და არა უშუალოდ თამაშზე და ა.შ. მე ასე არასდროს არ ვთვლიდი. ჩემი აზრით, სწორი მიზნის სწორად დასახვა, მოთამაშის საქმიანობის აუცილებელი კომპონენტია.
არსებობს მიზნის რამდენიმე ტიპი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს. პირველი ტიპი, რომელსაც ყველა იცნობს არის ე.წ. შედეგზე ორიენტირებული მიზანი. თამაშის შემთხვევაში ასეთ მიზნად შეიძლება განვიხილოთ რომელიმე ტურნირის მოგება. მართლაც მშვენიერი მიზანია, მაგრამ არა ისეთი, რომ ყოველდღიური ცხოვრება მას მიუძღვნა და მუდამ მასზე იყო გადართული.
მეორე ტიპის მიზანი, სხვა უამრავიდან, რომელიც ჩვენ გამოგვადგება არის ე.წ. პროცესზე ორიენტირებული მიზანი, რაც გულისხმობს ცოდნის ამაღლებას, ტექნიკური თვისებების გაუმჯობესებას, სტრატეგიების სწავლას. იგივე შემთხვევა რომ ავიღოთ, გინდათ ტურნირის მოგება - დაფიქრდით, რა არის საჭირო ამისთვის? კარგად უნდა ითამაშოთ ტურნირის დღეს და იღბალმაც ხელი უნდა შეგიწყოთ. ამისთვის თქვენ წინასწარ ვერაფერს იზამთ. თქვენ ვერ განსაზღვრავთ თქვენს იღბალს, ვერ განსაზღვრავთ ოპონენტის თამაშს, თქვენზე მსგავსი არაფერია დამოკიდებული. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მომზადებული, გამოცდილებითა და ცოდნით სავსე მიხვიდეთ თქვენს მთავარ მიზანთან.
პროცესზე ორიენტირებული მიზანი უნდა შეიცავდეს თქვენს მოქმედებებს, რომელიც გამოგისწორებთ თამაშს მთლიანობაში. როცა იმ საქმეში დაოსტატდებით, რაშიც ცდილობთ წარმატების მიღწევას, წარმატება თითქმის გარანტირებულია. იღბალზე და სხვა გარე ფაქტორებზე ზემოქმედებას ჩვენ ისედაც ვერ შევძლებდით, მაგრამ ის ნაწილი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მაქსიმალურად გვაქვს შესრულებული და მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. ასე რომ, თუ შედეგზე ორიენტირებული მიზანი კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე გვაქვს, ის ოცნებად გადაიქცევა, რომელიც შეუსრულებელ სურვილად დარჩება და ბოლოს ხელს ჩაგვაქნევინებს. სწორედ ამისთვის გვჭირდება პროცესზე ორიენტირებული მიზნის დასახვა, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევაში, არათუ გვეხმარება, ამ მიზნამდე მისასვლელ ერთადერთ გზად იქცევა.
ჩვენ შეგვიძლია ჩამოვწეროთ პროცესზე ორიენტირებული მიზნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც მოთამაშისთვის გამოსადეგი იქნება:
- დღეში 30 წუთი დაუთმეთ ეკვიტის კალკულატორთან ვარჯიშს
- დღეში 2 საათი უყურეთ პოკერის ვიდეოებს
- დღეში 1 საათი დაუთმეთ ხელების განხილვას
- მოაგროვეთ შემდეგი ლიმიტის 100 ბაი ინი
როგორც ხედავთ, პროცესზე ორიენტირებული მიზნები ძალიან სპეციფიური და აბსოლუტურად თქვენზე დამოკიდებულია. ის ინდივიდუალურად შეიძლება მოერგოს ნებისმიერ ადამიანს. ზოგს შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს ხელების ეკვიტის შესწავლა, ან 100 ბაი ინზე მეტი ჰქონდეს მოგროვებული, მაგრამ სჭირდებოდეს ცოდნის სხვა მხრივ გაუმჯობესება, მაგალითად სტრატეგიების შესწავლა კონკრეტული ლიმიტისთვის, კონკრეტული სახის მოთამაშეების წინააღმდეგ და ა.შ. აქ არ არსებობს არანაირი იღბლის ფაქტორი, თქვენ ან შეასრულეთ თქვენი დღიური სამუშაო, ან - არა. ამ შემთხვევაში ვერ დააბრალებთ ალბათობას, დისპერსიას, სვინგს, სხვა მოთამაშის ცუდ ან კარგ თამაშს და ა.შ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუ ამ ყველაფერს შეასრულებთ, თქვენ აუცილებლად მიიღებთ დიდ ცოდნას, რომელსაც ძალიან ცოტა თუ ფლობს და შედეგად მოიპოვებთ წარმოუდგენელ უპირატესობას ძალიან ბევრ მოთამაშეზე.
კიდევ ერთი ვარიანტი, როგორც შეიძლება დაიგეგმოს პროცესზე ორიენტირებული მიზნები, არის პრობლემებზე კონცენტრირება. მაგალითად, თქვენ ვერ თამაშობთ 3-ბეტს პოზიციის გარეშე, ან პრობლემები გაქვთ ბლაინდის პოზიციებიდან თამაშის დროს. ამ დროს შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ვიდეო კონკრეტულ სიტუაციაზე, პოზიციაზე, სათამაშო მანევრზე; შეგიძლიათ მიმართოთ მწვრთნელს, ან წაიკითხოთ ლიტერატურა და შემდეგ პრაქტიკაში დიდი დრო დაუთმოთ ახალი ტაქტიკების ტესტირებას და ნახოთ, რომელი მუშაობს საუკეთესოდ? თქვენ შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ კონკრეტული პრობლემის გამოსწორება, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს თამაშს მთლიანობაში და მოგცემთ შედეგზე ორიენტირებული მიზნის მიღწევის საშუალებას.
მიზნის ჩამოყალიბება, მრავალი წელია, ნებისმიერ საქმიანობაში უპირველეს ნაბიჯად ითვლება, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ გარანტირებულ წარმატებას იძლევა. ის გამოიყენება ბიზნესში, სპორტის ნებისმიერ სახეობაში. რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ პოკერში? მთავარია გახსოვდეთ: მიზნის მისაღწევად მთავარია პროცესი, გზა ამ მიზნისკენ და არა შედეგი. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედეგისთვის კეთდება, მაგრამ მოთამაშე აქცენტირებული პირველ რიგში პროცესზე უნდა იყოს. ფული მთავარი ამოცანაა, მაგრამ თუ თამაშის პროცესი არ გიყვარს, თუნდაც წაგების შეგრძნება, გამორიცხულია მომგებიან მოთამაშედ ჩამოყალიბდე.