მორალური სიმტკიცე - მოთამაშის აუცილებელი თვისება

+ პოსტის დამატება

ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ თუ ერთ დღეს ძალიან კარგად თამაშობთ, მეორე დღეს ყველაფერი ცუდად გამოგდით. ზოგჯერ ეს იღბლის ფაქტორიდან გამომდინარეობს, მაგრამ ძალიან ხშირად, ერთი და იგივე იღბლის პირობებში, ადამიანი სხვადასხვა დონის თამაშს აჩვენებს. 

ნებისმიერმა წარმატებულმა მოთამაშემ იცის, რომ პოკერი დისპერსიული თამაშია. აღმასვლა და ჩავარდნები, პოკერის განუყოფელი ნაწილია, რის შესახებაც ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოთამაშე კარგადაა ინფორმირებული. ამიტომ ის წინასწარ ეგუება იმ აზრს, რომ პოკერის დადებით და უარყოფით პერიოდების თავიდან ვერ აიცილებს. სტაჟიან მოთამაშეს, დამწყებისგან, სწორედ ის გამოარჩევს, რომ მას გამომუშავებული აქვს ფსიქოლოგიური სიმტკიცე, რაც წლობით უამრავი დაღმასვლითა და ჩავარდნით ვარჯიშდება. 

მარტივად რომ ვთქვათ: მოთამაშის ფსიქოლოგიური გაწონასწორებულობა და სიძლიერე გულისხმობს მის უნარს, ითამაშოს მისი საუკეთესო თამაში ნებისმიერ სიტუაციაში. მენტალური მდგრადობა, მოთამაშეს, განსაკუთრებით მაშინ ესაჭიროება, როცა ის ეჩეხება პრობლემებს, წინააღმდეგობებს, სირთულეებს, თუნდაც სერიოზულ ჩავარდნებს. შეიძლება ითქვას, ეს არამხოლოდ მოთამაშის, არამედ ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო თვისებაა. ეს თვისება, მოთამაშეს საშუალებას აძლევს იმოქმედოს მაქსიმალურად რაციონალურად, თანმიმდევრულად და მშვიდად მაშინ, როცა ის ურთულეს სიტუაციებში ვარდება. 

როცა მოთამაშეს სიმტკიცე აკლია, ის ცუდად თამაშობს და პირიქით - როცა გაწონასწორებულია ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენი ამოცანაა ჩამოვიყალიბოთ მაქსიმალურად გამძლე ფსიქიკა, რაც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში, მოგვცემს ძალას, რომ მშვიდად და გაწონასწორებულად გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს. კარგი ამბავი ისაა, რომ მორალური სიმტკიცით არ იბადებიან. ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, რომელიც გაქვს, ან არ გაქვს. რეალურად, ამ თვისების გამომუშავება, ან გაუმჯობესება სრულიად შესაძლებელია. მორალურად მტკიცე მოთამაშე არის:

  • თვითმოტივირებული - მოტივაცია უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნებისმიერი მოთამაშისთვის. კარგი მოთამაშე მუდამ ცდილობს განვითარებას. მისი მიზანია უბიძგოს საკუთარ თავს მეტი სირთულეებისკენ, მოძებნოს უფრო მეტი გამოსავალი, გაიუმჯობესოს თამაში. მას არ სჭირდება დაძალება, მისთვის თამაში არ არის ვალდებულება. ის სიამოვნებას პოულობს ნებისმიერ სირთულეში და მის გადალახვაში. როცა მის წინაშე წარმოიშვება წინააღმდეგობა, ის ყველაფერს იზამს, რათა გადალახოს ეს სიძნელე, არ აქვს მნიშვნელობა რის ფასად დაუჯდება ეს. 
  • ადეკვატურად პოზიტიური - გაწონასწორებული მოთამაშე ოპტიმისტია. ოპტიმიზმი სულაც არ ნიშნავს 4 აუტის იმედად ოლ ინზე ქოლს. ოპტიმიზმი ამ შემთხვევაში გულისხმობს ვარაუდს, რომ ნებისმიერი სირთულე დაძლეული იქნება, თუ ის მართლა მოინდომებს. პოზიტიური ხედვა, საკუთარი თავისა და შრომით მიღებული შედეგის იმედი, სწორედ წარმატებული მოთამაშის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. 
  • ემოციურად გაწონასწორებული - კარგი მოთამაშეები მუდამ აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს. ემოციების უკონტროლობა იწვევს სუსტ გადაწყვეტილებებს და შედეგად წარუმატებლობას. თუ გინახავთ ცნობილი მოთამაშეების თამაში, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ისინი იმდენად აკონტროლებენ ემოციებს, წინასწარ იმდენად აქვთ "გათიშული" მღელვარების უნარი, რომ არამხოლოდ წაგებას, არამედ მოგებასაც კი საკმაოდ უემოციოდ ხვდებიან. 
  • რთულ სიტუაციებში მშვიდი - ნუ ეცდებით თავიდან აიცილოთ სირთულეები. შეხედეთ მათ, როგორც გამოწვევას, როგორც აუცილებელ წინააღმდეგობას, რომელიც უნდა გადალახოთ. თუ შანსები თქვენს წინააღმდეგაა, თუ ყველა სუსტად გთვლით, ნაცვლად იმისა, რომ თავი აარიდოთ ასეთ გამოწვევას, პირიქით - მოინდომეთ მაქსიმალურად და დაამტკიცეთ რა შეგიძლიათ. 
  • მიზანდასახული - თქვენ უნდა გქონდეთ წარმატების წარმოუდგენელი სურვილი. დაისახეთ მიზანი და იარეთ მისკენ შეუჩერებლად. არ აქვს მნიშვნელობა ნაბიჯების ზომას, მთავარია ნაბიჯი ყოველთვის გადაიდგას. მშვიდად მიიღეთ ნებისმიერი წარუმატებლობა და ნუ ჩაიქნევთ ხელს მათ გამო. წინასწარ იცოდეთ, რომ წარუმატებლობა აუცილებლად იქნება. მთავარია რამდენად გინდათ მიზნის მიღწევა. 
  • ფოკუსირებული - იმისთვის, რომ წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდეთ, საკმარისი არ არის რამდენიმე წარმატებული და წარუმატებელი სესია. თქვენ წლობით უნდა გახსოვდეთ თქვენი მთავარი მიზანი და ამ წლების განმავლობაში ერთი წუთითაც არ უნდა გავიწყდებოდეთ ის. ყოველდღე, ყოველ მომენტში, ყოველ გადაწყვეტილებაზე, დაფიქრდით, არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი და რამდენად ეხმარება თქვენი მთავარი მიზნის შესრულებას?
  • თავდაჯერებული - თუ გინდათ გაიუმჯობესოთ მორალური სიმტკიცე, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ თავდაჯერებულობის ამაღლება. თავდაჯერებული მოთამაშე ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მონდომებისა და შრომის შემთხვევაში, ის აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს. 
  • დაივიწყეთ საპატიო მიზეზები - თუ გსურთ, რომ დომინანტი იყოთ ამ თამაშში, დაივიწყეთ ყოველგვარი სულელური მიზეზი, რასაც მოიმიზეზებთ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში. მორალურად ძლიერი მოთამაშე ყოველთვის აგებს პასუხს თავის შეცდომებზე. მან იცის, რომ ასეთი მიდგომით, თავის მომავალს ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს. 

 როგორც ხედავთ, ფსიქოლოგიური სიმტკიცის ჩამოყალიბებას უამრავი პატარა ნიუანსი ესაჭიროება, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყალიბდება და უმჯობესდება. სამუშაო წლობით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ შედეგს ყოველთვის იძლევა. აკონტროლეთ თქვენი გონება, თქვენი გადაწყვეტილებები. გააანალიზეთ თქვენი ყოველი მოქმედება, რატომ აკეთებთ ამას, რა იყო რეალუი მიზეზი, რა იქნება სწორი გადაწყვეტილება, რა იქნება შედეგი და ა.შ. როცა თქვენ გაიაზრებთ, რომ საკუთარი თავის მთავარი ოპონენტი თავად თქვენ ხართ, მაშინ დაიწყება თქვენი მორალური სიმტკიცის ჩამოყალიბება და განვითარება. 

რუმები

ქართული უცხოური