ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი - ზოგი მათგანი გვინდა, ზოგი გვჭირდება. მაგრამ თითქმის ყველაფერს მომავლისთვის ვდებთ. თითქმის ყველაფერი ბოლო წამამდე მიგვყავს, ან საერთოდ არ ვაკეთებთ.
პოკერის თამაში დაქირავებული შრომისგან, იმით განსხვავდება, რომ მოთამაშეს გრაფიკი აქვს თავისუფალი. დანარჩენი თითქმის ყველაფერი იგივე რჩება - გამოცდილება, ცოდნა, დაძაბულობა, დაღლილობა, რეჟიმი, დისციპლინა... დამწყები მოთამაშე, დღეში ერთ საათს მაინც, ექვითის კალკულატორთან უნდა ატარებდეს, კითხულობდეს ლიტრატურას პოკერის შესახებ, განიხილავდეს ძველ დარიგებებს. უნდა ზრუნავდეს სწორ კვებაზე, ვარჯიშზე, დასვენების ფორმის შერჩევაზე და ა.შ. ეს ყველამ ვიცით, არაფერი ამაში ახალი არ არის, მაგრამ რამდენი აკეთებს ამას? მოთამაშეების უმეტესობას ძალიან უჭირს იმის რეალურად განხორციელება, რაზეც ინფორმაცია აქვს და რის საჭიროებასაც ხედავს.
მოტივაცია, ძალიან საინტერესო კონცეფციაა, რომელიც ადამიანების უმეტესობას არ ესმის. ყველა ველოდებით მოტივაციის თავისით მოსვლას, რომელიც რაიმე ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. ის კი წლები არ ჩანს. ამ პოსტში განვიხილოთ მოთამაშის მოტივაციის ასამაღლებელი 6 ხერხი.
1. იმოქმედე!
ძალიან ხშირად ვამბობთ გვიჩნდება ისეთი აზრები, როგორიცაა: მე აუცილებლად ვნახავ ვიდეოებს პოკერის სტრატეგიაზე, როცა სწავლის განწყობა მექნება. რეალურად რომ დაფიქრდეთ, რამდენჯერ გაგჩენიათ სწავლის სურვილი აწმყოში? სამომავლოდ სწავლა ყველასთვის მისაღებია, მაგრამ ამ მომენტში? სინამდვილეში რაციონალური სურვილი და სწორი აზრი, ძალიან იშვიათად იწვევს მოტივაციას და უფრო იშვიათად მოჰყვება მას მოქმედება. რაც გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, არის ის, რომ მოტივაცია მოქმედებას მოსდევს. უცნუარია, მაგრამ თუ ჩვენ ვაიძულებთ საკუთარ თავს, შევასრულოთ რაიმე სახის სასარგებლო მოქმედება, რომელიც გვეზარება, მოტივაცია მაშინვე დაიწყებს გაზრდას.
2. გაითვალისწინეთ "რატომ?"
რა არის ის მიზეზი, რის გამოც აკეთებთ რამეს? ამ მიზეზის ცოდნა და ხშირად ფიქრი, შეიძლება მოტივაციის საწვავადაც ჩაითვალოს. ყურადღება მიაქცეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ მიზეზი და არა მიზანი. ნებისმიერი თამაშის მიზანი ფულის მოგებაა, მაგრამ მიზეზი ყოველთვის განსხვავებულია. სწორედ მიზეზის დამახსოვრება, საკუთარი თავისთვის მისი ხშირად შეხსენება, შეიძლება გადაიქცეს მოტივაციის ისეთ წყაროდ, რომელიც მომენტალურ მოქმედებას გაიძულებთ. თუ ჩამოვწერთ მოთამაშის განვითარების პრიორიტეტებს, პირველ ადგილზე ყოველთვის პრაქტიკული "მეცადინეობა", ანუ თამაში იქნება. როცა თქვენ გახსოვთ მიზეზი და მიზანი, მაშინ იკარგება თამაშის მთავარი როლი და მნიშვნელოვანი ხდება ყველაფერი, რაც ამ მიზნამდე მისვლაში დაგეხმარებათ.
3. ამოცანის დაშლა
ზედმეტი დაძაბულობა, რომლის დროსაც შესასრულებელ სამუშაოს ძალიან რთულად აღვიქვამთ, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოტივაცია შეიძლება საერთოდ გაგვიქრეს. თუ გვაქვს კითხვა "როგორ დავაშროთ ზღვა?" - პასუხი გვექნება "თითო ჭიქის ამოღებით". თუ თქვენ გაქვთ ძალიან რთული, ძალიან დიდი, მასშტაბური და გრძელვადიანი ამოცანა, რომელიც ერთი შეხედვით დიდ მღელვარებას იწვევს, მოიქეცით მარტივად - დაშალეთ ის პატარა ნაწილებად. დაიწყეთ უმცირესით: გაქვთ მიზანი? რა არის პირველი ყველაზე პატარა ნაბიჯი, რომელიც გჭირდებათ ამ მიზნის შესასრულებლად?
4. დათქვით ზუსტი დედლაინები
ყოველთვის დააწესეთ ვადები, რომელშიც უნდა მოასწროთ სამუშაოს შესრულება. მაგალითად: თქვენ გადაწყვიტეთ, თამაშის პარალელურად, პოკერის თეორიული მხარეც გაიუმჯობესოთ. აიღეთ პოკერის ბიბლია - დოილ ბრანსონის "სუპერსისტემა", წიგნი რომელიც 605 გვერდია. გაიხსენეთ როდის წაიკთხეთ ბოლოს ამხელა წიგნი? გაქვთ ამის დრო? 605 გვერდი ძალიან ბევრია არამხატვრული ლიტერატურისთვის, რაც ნამდვილად უნდა დაეზაროს ნებისმიერ ადამიანს. თამაშის, სამსახურის, მეგობრებთან ურთიერთობისა და ცხოვრებისეული სხვა ასპექტების გათვალისწინებით დათქვით დედლაინი - წიგნს წაიკითხავთ 2 თვეში. ასე დღეში მხოლოდ 10 გვერდის წაკითხვა, ანუ დაახლოებით ნახევარი საათი დაგჭირდებათ. ეს ნამდვილად არ ისმის ისე შემაშფოთებლად, როგორც 605 გვერდი.
5. ვალდებულება და მხარდაჭერა
მოძებნეთ მეგობარი ან ადამიანი, ვისაც ენდობით და დადეთ მასთან ხელშეკრულება, რომ სწორედ მას ჩააბარებთ თქვენს მიღწევებს, პროგრესს, ცოდნასა და გამოცდილებას. ამისთვისაც დათქვით ზუსტი დრო. იქონიეთ ხშირი ურთიერთობა ამ ადამიანთან. მოუყევით პროცესის რომელ სტადიაზე ხართ. თუ თქვენ ვერ ეტევით დროში და ვერ ასწრებთ, შეიმუშავეთ სტრატეგია, მოძებნეთ დამატებითი დრო, რათა დაუბრუნდეთ ჩვეულ რითმს. თუ ეს ადამიანი თქვენთან ერთად ისწავლის იგივეს, თუ გაინაწილებთ სამუშაოს და ერთმანეთს მოეხმარებით ინფორმაციის მიღებაში - ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. როცა ვინმე შენზეა დამოკიდებული, როცა პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვს, როცა ამ ყველაფრის პარალელურად მხარდაჭერას ღებულობ სხვა ადამიანისგან, მოტივაცია და შემართება სერიოზულ მასშტაბებს აღწევს.
6. გაითვალისწინეთ ხარჯები
კითხეთ საკუთარ თავს, რა დაგიჯდებათ ეს მიზანი? რამდენი დაგეხარჯებათ ფინანსურად, ემოციურად, დროის მხრივ, რა საფასურის გადახდა მოგიწევთ მეგობრებისა და ოჯახის სახით? იყავით გულახდილი საკუთარ თავთან. დაკარგავთ თუ არა, ან რამდენს დაკარგავთ, თუ ვერ მიაღწევთ დასახულ მიზანს? ზოგჯერ, შფოთვა და ნერვიულობა მოტივაციის საუკეთესო წყარო შეიძლება გახდეს.
თუ თქვენ დასახავთ მიზანს, დაშლით მას მარტივ ნაწილებად, მოიხმართ ადამიანებს, ან პირიქით - თუ ადამიანების გარეშე უკეთ მოახერხებთ კონცენტრირებას, თუ გადადგამთ თუნდაც მცირე, მაგრამ ინტენსიურ ნაბიჯებს ამ მიზნისკენ - თქვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. გახსოვდეთ, რომ წარმატება არ მიიღწევა მხოლოდ ერთი შეტევითა და მცდელობით. წარმატება ძალიან ბევრ მცდელობას, ჩავარდნასა და წარუმატებლობას ნიშნავს, რომლის შემდეგაც ადამიანს კვლავ შეუძლია მიზნისკენ შეუპოვრად სიარული.