
ნებისყოფა, გამძლეობა, დისციპლინა, შეუპოვრობა და ა.შ. - ის სიტყვებია, რომლებითაც ზოგადად პოკერის მოთამაშეები ხასიათდებიან. და მაინც, მოთამაშეების უმეტესობა მერყევი ხასიათისაა. კარგი მოთამაშეებიც კი! ერთ დღეს ისინი მოთქვამენ იმაზე, რომ ცხოვრებამ დაჩაგრა და ყველა უსამართლობა ერთდროულად დაატყდა თავს, ხოლო მეორე დღეს ღმერთისგან მინიჭებული ძალით ტრაბახობენ, რომელსაც თამაშში იყენებენ. მსოფლიო ჩემპიონი, დენიელ კოლმანიც კი ასე იქცევა.
ორივე ეს უკიდურესობა გამოწვეულია ე.წ. V სიტყვით - "Variance", რომელსაც მეორენაირად დისპერსიას ვეძახით. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მოთამაშეები დისპერსიაზე ლაპარაკობენ, ამ სიტყვას ისინი ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ. ზუსტად ამით ხსნიან ისინი თავიანთ "უსამართლო" წაგებებსა და ხანგრძლივ დაუნსვინგებს.
ბევრი მოთამაშისთვის სწორედ დისპერსიაა წაგების მიზეზი და არა ცუდი თამაში. ასე რომ ისინი მუდამ იღბალზე წუწუნებენ. ალბათობის არასწორ მხარეზე ყოფნა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშისთვისაც კი. ასეთ მოთამაშეებს უკვე ნასწავლი აქვთ, როგორ გაუძლონ მსგავს სიტუაციებს. ჩვენ კი, ვინც განსაკუთრებულად განვიცდით დაუნსვინგებს და წამგებიან სესიებს, ვინც მუდმივად ვეჩეხებით მოწინააღმდეგის AA-ს KK-ით, პოკერის ალბათობა სერიოზულ ეჭვებს გვიჩენს ჩვენი თამაშის სისწორეში. რა თქმა უნდა დაუნსვინგის დროს, შეცდომებზე ფიქრი და ხელების განხილვა ძალიან სწორი საქციელია, მაგრამ კაროლებით ტუზების წინააღმდეგ ყოფნა ნამდვილად ვერ იქნება ჩვენი ცუდი თამაშის ბრალი.
რომ დავფიქრდეთ, ნებისმიერი ჩვენი წარმატება ჩვენს შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზეა აგებული. ჩვენ ასე ვსწავლობთ სიარულს, ლაპარაკს, წერას, თამაშს. ჩვენ ვაკვირდებით შეცდომებს და ვცდილობთ მათ შეცვლას. სხვანაირად რომ ვთქვათ: თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ ვცდილობთ მოქმედებების შეცვლას. თუ ჩვენ თამაშისას ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ ვიღებთ სწორ ჯილდოს, ბედ ბითით ან ქულერით ვაგებთ ხელს, ჩვენი გონება ცდილობს "გამოასწოროს" მოქმედება, რაც იწვევს თამაშის ცვლილებას, უფრო სწორად კი - სწორი თამაშის ცვლილებას. თუ შენ ტუზებით უპასუხე პრეფლოპ ოლინს და წააგე, სულაც არ ნიშნავს, რომ შემდეგ მსგავს სიტუაციაში ტუზები გადაყარო. ეს იდეა უფრო რთულდება, როცა თამაშის რეალური სირთულე იჩენს თავს: როცა რირეიზი წარუმატებელი აღმოჩნდა, მხოლოდ იღბლის გამო, სამომავლოდ იგივე სიტუაციაში გონება საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს რირეიზს. და ასე შეიძლება ჩამოვთვალოთ უამრავი სიტუაცია.
მაგრამ! მაგრამ მომგებიანი სესიები შეიძლება გაცილებით ცუდი იყოს თამაშის განვითარებისა და სწორი ხედვის ჩამოყალიბებისთვის. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ცუდი სესიები, სწორად თუ არასწორად თქვენ ცდილობთ დაუკვირდეთ საკუთარ თამაშს, აღმოაჩინოთ თქვენი შეცდომები, დაუკვირდეთ ოპონენტის თამაშს და ა.შ. შეიძლება ცუდი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ და სწორი მოქმედება შეცვალოთ არასწორით, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად ეს გაუგებრობაც გამოსწორდება. წარმატებული სესიების დროს კი თქვენ პოკერის ღმერთი ხართ. არ არსებობს არანაირი იღბალი, ყველაფერს თქვენით იგებთ! ეს ნორმალური ფიქრია, ნებისმიერი მოთამაშე თვლის, რომ ნებისმიერი წარმატება, ნებისმიერი მოგებული ბანკი, მისი დამსახურებაა ან თუ ძლიერ ხელს მოუგო ე.ი. იმსახურებდა! არავინ ფიქრობს მოგებული ხელების შემდეგ როგორ გაუმართლა, რომ ორი ოპონენტის წინააღმდეგ რივერამდე მისული ბანკი ტუზებით, მაგრამ მაინც მოიგო. თითქოს იმ ორ მოწინააღმდეგეს შანსი არ ჰქონდეს, თითქოს ეს ტუზები დაუმარცხებელი ხელი იყოს და სხვა დროს არ წაეგოს. არავინ აკვირდება მოგებულ ხელებს, არ ცდილობენ მოგებულ დარიგებაში ნაკლის და შეცდომის მოძებნას და მის გამოსწორებას. მოგებულია ე.ი. დამსახურებულია!
დიდი სისულელეა იმის ფიქრი, რომ წაგებას მხოლოდ იღბალი და მოგებას მხოლოდ ნიჭი იწვევს. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ თქვენ ფილ ჰელმუტის დაავადება გჭირთ. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენი მოგებული ბანკი თქვენი დამსახურება იქნება, უკეთ ითამაშეთ ვიდრე ოპონენტმა, უკეთ დაფარეთ თქვენი ძლიერი ხელი, უკეთ შეაშინეთ სუსტი კარტით და ა.შ. მაგრამ თუნდაც ის, რომ პრეფლოპ უპირატესი კარტით ბოლომდე უპირატესი დარჩით და მოიგეთ, თან რამდენიმე ოპონენტის წინააღმდეგ, ნამდვილად გამართლებაა. თუ ჩაუღრმავდებით და გაიხსენებთ წარმატებულ სესიებს, მიხვდებით, რომ ქეშ გეიმზე მნიშვნელობა დიდ ბანკებს, ხოლო ტურნირებზე - ბოლო სტადიაში მოგებულ რამდენიმე დარიგებას აქვს. სწორედ აქ გჭირდებოდათ გამართლება და გაგიმართლათ კიდეც.
ადამიანი რომ აპსვინგებს იმდენ დროს, ყურადღებას და ენერგიას უთმობდეს, რამდენსაც დაუნსვინგებს, ის ორჯერ და სამჯერ უკეთესი მოთამაშე იქნებოდა. ძირითადი შეცდომები მდგომარეობს იმაში, რომ აპსვინგი იწვევს არასწორი ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ძირითადად აგრესიისკენაა მიდრეკილი. და როცა ალბათობის წამგებიან მხარეს მოვხვდებით, ასეთი ჩვევები ჩვენს ბანკროლს გაანადგურებს. დაუნსვინგის დროს კი პირიქით - სტრესი და შიში პასიურობისკენ გვიბიძგებს, რაც ნორმალური იღბლის პირობებში მაქსიმალური მოგების ნაცვლად, საშუალო ან დაბალ მოგებას მოგვცემს.
დაუკვირდით საუკათ თამაშს არამხოლოდ გაჭირვებისა და წაგებების დროს. გქონდეთ იგივე მიდგომა და თავდადება მომგებიანი სესიების მიმართაც. გახსენით ხელების ისტორია ყოველი სესიის შემდეგ. მოძებნეთ ის დარიგებები, სადაც დიდი ბანკი მოიგეთ ან წააგეთ. იყავით გულახდილები საკუთარ თავთან და დეტალურად გააანალიზეთ რა იყო წაგების ან მოგების მიზეზი, თამაში თუ იღბალი? მსგავსი მიდგომა არამხოლოდ თამაშს გამოასწორებს, არამედ უკეთ გასწავლით რთულ სიტუაციებთან გამკლავებას. უიღბლობის დროს გაგახსენდებათ, რომ იღბალი ზოგჯერ თქვენ მხარესაცაა.