ყველასთვის ცნობილია, რომ პოკერის ნებისმიერი სახეობა გაცილებით ადვილი სათამაშოა პოზიციიდან. როცა გადაწყვეტილების მიღება ბოლოს გვიწევს, ჩვენ შანსი გვეძლევა ვნახოთ ოპონენტების მოქმედებები, ბეთინგი, რეაქციები დარიგებულ კარტზე და ა.შ. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ ინფორმაციას და შესაბამისად უპირატესობას გვაძლევს. ამ პოსტში, ვეცადე, პოზიციიდან თამაში დამეყო ორ ნაწილად - პრეფლოპ და პოსტფლოპ ფაზებად. რთული სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანი ფაზაა, რადგან ორივემ შეიძლება გადაწყვიტოს კონკრეტული დარიგების ბედი. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.
პრეფლოპ თამაში
როგორც წესი, ითვლება, რომ პრეფლოპ თამაში გაცილებით ადვილია. სხვა მიზეზების გარდა, ამას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ 100-დან 100 შემთხვევაში პრეფლოპ გადაწყვეტილების მიღება გვიწევს და გამოცდილებაც იზრდება, ხოლო პოსტფლოპ შეიძლება 100-დან მხოლოდ 2-3-ჯერ ვითამაშოთ. საუკეთესო პოზიცია ამ შემთხვევაში 'ბატონის' (button) ადგილია. ეს პოზიცია საშუალებას გვაძლევს მთელი მაგიდის გადაწყვეტილებები, რეაქციები, საუბარი მანამდე შევაფასოთ, სანამ არათუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, არამედ სანამ საერთოდ საკუთარ კარტს დავხედავთ. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ამ პოზიციის ერთადერთ 'სისუსტედ' შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ ჩვენ შემდეგ სმოლ ბლაინდი და ბიგ ბლაინდია დარჩენილი. მაგრამ პოსტფლოპ, რაც არ უნდა მოხდეს, უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის ჩვენზე იქნება.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ პოზიციიდან? მაგიდის ყველა მოთამაშის წინააღმდეგ, თუ ერთი რომელიმე ოპონენტის? იქნებ ეს ოპონენტი ძალიან გახსნილი მოთამაშეა, რომელიც ხშირად ზრდის ფსონს, ხოლო ჩვენ კარგი კარტით რირეიზის გაკეთება გვინდა? ან იქნებ პირიქით - ძალიან თაითი მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის ძლიერი ხელით შემოდის თამაშში? ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მკაცრად შევარჩევთ საკუთარ კარტს, რომლითაც ქოლის, ან რირეიზის გაკეთებას ვაპირებთ.
მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გამორჩეული სტილის კონკრეტული მოწინააღმდეგე არ გვყავს და მთელი მაგიდის წინააღმდეგ თამაშს ვაპირებთ, საუკეთესო იდეა იქნება "რაც უფრო გვიან - მით უკეთესი!" 'ბატონის' პოზიციიდან, თქვენ, არამხოლოდ პრეფლოპ იქნებით უკანასკნელი გადაწყვეტილების მიმღები (ბლაინდების გამოკლებით), არამედ რაც არ უნდა მოხდეს, პოსტფლოპ აუცილებლად ბოლოს მოგიწევთ მოქმედების შესრულება. ეს კი წარმოუდგენელ უპირატესობას გაძლევთ. ამ დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სხვა მოთამაშეებმა იციან თქვენი ამ უპირატესობის შესახებ და თუ ისინი გაზრდიან, ამით ან თქვენი თამაშიდან გაგდება და პოზიციის 'ყიდვა' უნდათ, ან მართლაც ძლიერი ხელი ყავთ, რომლითაც უპოზიციოდ დაპირისპირებისაც კი არ ეშინიათ.
თუ ისე მოხდა, რომ თქვენამდე ყველამ ფოლდი გააკეთა, 'ბატონის' პოზიცია ბლაინდების მოპარვის საშუალებას გაძლევთ. და თუ ბლაინდების მოპარვა არ გამოგივიდათ და მოწინააღმდეგემ თქვენი რეიზი ქოლით მიიღო, პოსტფლოპ ისევ პოზიციაში აღმოჩნდებით და ისევ დიდი უპირატესობით.
პოსტფლოპ თამაში
როგორც უკვე ვთქვით, ფლოპის დარიგების შემდეგ, საუკეთესო პოზიცია 'ბატონია', განსაკუთრებით მულტივეი პოტებში, როცა თამაშში ერთდროულად რამდენიმე ადამიანია შესული. 'ბატონი' საშუალებას გაძლევთ, ფლოპზე, თერნზე და რივერზე, უკანასკნელმა მიიღოთ გადაწყვეტილება. პოზიციისთვის აუცილებელი არ არის 'ბატონის' ადგილზე ყოფნა. ჩვენ შეიძლება UTG+1 პოზიციაზე ვიყოთ, ხოლო მოწინააღმდეგე UTG-ზე, რაც უკანასკნელი გადაწყვეტილების მიღების უპირატესობას ისევ ჩვენ გვაძლევს.
თუ ოპონენტი ჩექს აკეთებს - რა თქმა უნდა, პირველ რიგში გასარკვევი პრეფლოპ თამაშია. მაგრამ მიუხედავად პრეფლოპ ისტორიისა, ოპონენტის ჩექის შემდეგ, თქვენ, თითქმის 100%-იან შემთხვევაში, ბეთს აკეთეთ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც: შეიძლება თქვენი ოპონენტი, თავისი არასასურველი მდგომარეობის გამო, ჩექ-რეიზის თამაშს აპირებდეს. ყურადღება მიაქციეთ მის ისტორიას - როგორ თამაშობდა აქამდე საშიშ ბორდებზე? დარწმუნდით, რომ თქვენი ბეთი საკმაოდ აგრესიული, ანუ პოტთან მიახლოებული იყოს, რათა მოწინააღმდეგეს ადვილი ჩექ-რეიზის საშუალება არ მისცეთ.
თუ თქვენი ოპონენტი პატარა ბეთს აკეთებს - რამდენადაც თქვენმა მოწინააღმდეგემ იცის თქვენი უპირატესობის შესახებ, მცირე ზომის ბეთი მისი მხრიდან, შეიძლება განხილული იყოს, როგორც სიტუაციის შესამოწმებელი მოქმედება. მას არ სურს ჩექის გაკეთება, რადგან თქვენგან სავარაუდო ბეთს ელოდება. ასეთ დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწინააღმდეგეს საშუალო სიძლიერის ხელი აქვს, რომლითაც უნდა მოსინჯოს, ღირს თამაშის გაგრძელება, თუ არა? თუ მოწინააღმდეგე გამოცდილი, კარგი მოთამაშეა, შეიძლება მისი ასეთი ბეთი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. მან შეიძლება მსგავსი მცირე ზომის ფსონით რირეიზის გაკეთება გაიძულოთ, რათა შემდეგ ბანკი გაზარდოს. ყოველთვის გაიხსენეთ კონკრეტული მოთამაშის ისტორია, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ.
თუ ოპონენტი დიდ ბეთს აკეთებს - აქაც, სხვა შემთხვევების მსგავსად, პოზიცია დაფიქრებაში და გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ. დიდი ბეთის დროს, ოპონენტი თავისი ხელის პოლარიზებას ახდენს. შეიძლება, მას არ სურს უპოზიციოდ თამაშის გაგრძელება და ამიტომაც ბანკის ყიდვას ცდილობს. თუ ფიქრობთ, რომ ოპონენტს სუსტი ხელი აქვს და მართლაც ბანკის ყიდვას ცდილობს, მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება - რირეიზი, რომელიც მას თამაშის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს. ან სულაც შეგიძლიათ მისი ბეთი ქოლით მიიღოთ და თერნზე, ისევ მის გადაწყვეტილებას დაელოდოთ. თუ აქ ჩექი გააკეთა, მაშინ გზა ხსნილია - დიდი რეიზი და ბანკი თქვენია. თუ მან ისევ აგრესია გააგრძელა, მაშინ გაითვალისწინეთ მიმდინარე მოვლენები და დაფიქრდით, იქნებ მას მართლაც ძლიერი ხელი ჰყავს? უკან დახევა პოკერში, არასდროს ნიშნავს დამარცხებას. მთავარია სწორად შეაფასოთ კონკრეტული ოპონენტი. შეფასების საშუალებას კი პოზიცია აუცილებლად გაძლევთ.