
მიუხედავად იმისა, რომ პოკერი უმეტესად მოთამაშეზე და მის მოწინააღმდეგეებზეა დამოკიდებული, იღბალი მაინც რჩება მის უდიდეს შემადგენელ ნაწილად. იღბლის ფაქტორის გათვალისწინებით, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ მაგიდაზე შეტანილ მთელ ფულს არ დაკარგავს. სწორედ ამის გამო ბევრი მოთამაშე გაურბის რისკიან სიტუაციებს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ - საერთოდ რისკის გარეშე თამაში ურჩევნია. პოკერისთვის დამახასიათებელი რისკის თავიდან აცილება იწვევს უამრავი მომგებიანი სიტუაციის ხელიდან გაშვებას.
ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ პრეფლოპ KK-ს გადაყრა ცუდი იდეაა. ამ კარტით ოლ ინის თამაში გამართლებულია არა იმით, რომ ზუსტად ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს AA არ ჰყავს, ამის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია, არამედ იმით, რომ მას შეიძლება რამდენიმე ჩვენზე სუსტი ხელი ჰყავდეს, მაგალითად: AK, QQ და ზოგჯერ JJ-იც კი. ყველა ამ სიტუაციის გათვალისწინებით ვხვდებით, რომ KK-ით პრეფლოპ ოლ ინი სწორი გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შანსი მოწინააღმდეგეს AA ჰყავდეს.
სხვადასხვა განსაზღვრებებთან ერთად, პოკერი სიტუაციების და დინამიკის თამაშად ითვლება. მაგრამ მაინც, არსებობს რაღაც მოქმედებები, რომლებიც გამართლებულად ითვლება მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიდი წაგება გარდაუვალია. თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ასეთი სცენარი გამოვრიცხოთ, იძულებულები ვიქნებით საერთოდ უარი ვთქვათ რომელიმე გამართლებულ გადაწყვეტილებაზე, რაც ბევრი მომგებიანი სიტუაციიდან გაგვრიყავს. მაგალითად ჩვენ თუ ყოველ შემოტევაზე გადავყრით KK-ს იმის შიშით, რომ მოწინააღმდეგეს, იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება ჰყავდეს AA, მაშინ ჩვენ სტეკის გაორმაგების უამრავ შანსს ვუშვებთ ხელიდან.
ზემოთ მოყვანილ მაგალითს ჰგავს შემდეგი სიტუაციაც: ყველაზე ცუდი შემთხვევის შიშით, ბევრი მოთამაშე უარს ამბობს AK-ით რირეიზის გაკეთებაზე. მათ არ იციან, როგორ გააგრძელონ თამაში თუ ფლოპს აცდებიან. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, მიუხედავად იმისა, რომ ფლოპისგან აცდენა AK-ის საკმაოდ ხშირად მოსდევს, ეს არ არის მოქმედების განვითარების ყველაზე ცუდი ვარიანტი. თუ ჩვენ იმაზე უფრო ვიქნებით აქცენტირებული, თუ რამდენად ცუდია ფლოპისგან აცდენა, ვიდრე რამდენად მომგებიანად შეიძლება გამოვიყენოთ ეს სიტუაცია, - ჩვენ ისეთივე შეცდომას დავუშვებთ, როგორც ის მოთამაშე, რომელიც პრეფლოპ KK-ს ყრის.
როცა AK-ით რირეიზს აკეთებთ, ოთხი ძირითადი სიტუაცია იჩენს თავს:
1. ყველა ფოლდავს და თქვენ პატარა, ან საშუალო პოტს იგებთ, ყოველგვარი ბრძოლისა და ფიქრის გარეშე. ეს ერთ-ერთი კარგი გაგრძელებაა, რაც შეიძლება AK-ით რირეიზს მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ლუზ თამაშში ასეთი რამ ყოველთვის არ მოხდება, ეს AK-ის მომგებიანობის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.
2. ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ქოლს აკეთებს, ხოლო თქვენ ტოპ წყვილს ღებულოთ ტოპ კიკერით. ეს პირველ შემთხვევას ნამდვილად სჯობს. თუმცა გარკვეულ რისკს ეს ვარიანტიც შეიცავს. ტოპ წყვილი და ტოპ კიკერი გაიძულებთ დიდი ბანკის თამაშს, რომელსაც ყოველთვის ვერ მოიგებთ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი სიტუაციებიდან საკმაოდ დიდ ბანკს წამოიღებთ, ხოლო ზოგჯერ, როცა თამაშში 2-3 მოთამაშეა ჩართული, ძალიან დიდი ბანკის მოგებაცაა შესაძლებელი.
3. ვიღაც 4-ბეტს აკეთბს. ასეთ სიტუაციაში რამდენიმე ფაქტორია აღსანიშნავი: თუ ლუზი ოპონენტის 4-ბეტზე თქვენ ოლ ინს გააკეთებთ, უმეტეს შემთხვევაში უპირატეს სიტუაციაში, ნაკლებ შემთხვევაში კი ანდერდოგი აღმოჩნდებით. თუ ოპონენტი ძალიან თაითია და ვიწრო 4-ბეტ რეინჯი აქვს, მისი ეს მოქმედება ადვილად გამოსაცნობი იქნება და პრეფლოპზევე შეიძლება დიდი ბანკის წაგებას თავი ავარიდოთ.
4. ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ქოლს აკეთებს და თქვენ ცდებით ფლოპს. ეს სიტუაციაც კი არ შეიძლება კატასტროფად შევაფასოთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ c-bet გამოიყენოთ და ფლოპზეც გააგრძელოთ პრეფლოპ დაწყებული აგრესია, რაც ზოგჯერ მოგებას მოგიტანთ. მაგრამ ონლაინ ლუზ თამაშში, განსაკუთრებით დაბალ ლიმიტებზე, რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ c-bet არ ამართლებს. მაგრამ ყოველ აცდენილ ფლოპზე ჩექ-ფოლდიც რომ ითამაშოთ, წინა სამი სცენარის გათვალისწინებით, AK-ის პრეფლოპ რირეიზი მაინც მომგებიან თამაშად ჩაითვლება.
ახლა უფრო ნათელი გახდა, თუ რატომ ჰგავს AK ფოლდი KK ფოლდს. თქვენ ვერ გამორიცხავთ ყველაზე ცუდ ვარიანტს, მაგრამ სამაგიეროდ, თამაშის განვითარების იმდენი კარგი ვერსია არსებობს, რომ ფოლდი ან ქოლი შეცდომა იქნებოდა.