
ლაივ ტურნირები, ალბათ, ყველას გვითამაშია. თუ ამ საქმეში გამოუცდელი ხართ, ან თუ ფინალურ მაგიდამდე ჯერ არ მისულხართ, შეიძლება ტურნირის გადამწყვეტ სტადიაზე რამდენიმე უცნაურობას წააწყდეთ, რომელიც დაძაბულობით, საპრიზო ადგილების მოახლოებით, ან მედიის გააქტიურებითაა გამოწვეული. ლოკალურ ტურნირებზე, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ რამდენიმე რეგულარს შორის, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, სრულიად უცხო აღმოჩნდეთ და თავი უხერხულად იგრძნოთ.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მთავარი საპრიზო ადგილებამდე მიღწევაა და თუ კარგი მოთამაშე ხარ, ეტიკეტის წესების ცოდნის გარეშეც გაართმევ თამაშს თავს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რეალურ ტურნირებსა თუ ქეშ-გეიმებზე დაძაბულობა გაცილებით დიდია, ვიდრე სალხში, ოჯახურ ატმოსფეროში ნათამაშებ სესიებზე. უხერხულობისგან თუ დაბნეულობისგან, მოთამაშემ, შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. დღევანდელ ბლოგ-პოსტში განვიხილოთ რისი გაკეთება ღირს და რისგან უნდა შევიკავოთ თავი ფინალურ მაგიდაზე თამაშისას.
თუ დიდი ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვდით, დიდი შანსია, რომ თქვენით მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ჩამოგართვან ინტერვიუ, ან სულაც პატარა კითხვარი შეგავსებინონ - ეს უკანასკნელი, უმეტესწილად, კაზინოს წარმომადგენლებისგან, ან ტურნირის ორგანიზატორებისგან იქნება შემოთავაზებული. ყოველთვის ღიად, გახსნილად და მაქსიმალურად პოზიტიურად უპასუხეთ თქვენთვის დასმულ კითხვებს. ეს დაგეხმარებათ გაცდეთ პოკერის ლოკალურ წრეს და გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინოთ საკუთარი სახელი. 60-70 წლებში, მსოფლიოს არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავდა, მაგრამ სანამ მათი პირადი ცხოვრებით, შეხედულებებით, ყოველდღიურობით, მედია არ დაინტერესდა, ისინი ე.წ. მეორე ფენის წარმომადგენლები იყვნენ. თუნდაც დოილ ბრანსონის გახსენებაა საკმარისი - ადამიანი, რომელმაც 50 წელზე მეტი პოკერს დაუთმო, ფართო მასებისთვის სწორედ 90-იან და ადრეულ 2000-იანებში გახდა ცნობილი.
თუ ფინალურ მაგიდას მიაღწიეთ და თუ თქვენი სტეკითაც კმაყოფილი ხართ, ნუ იქნებით ზედმეტად თვითკმაყოფილი. გაითვალისწინეთ, რომ სხვა მოთამაშეებმაც იგივე გზა გაიარეს გადამწყვეტ მაგიდამდე მისასვლელად. ყველამ ვიცით, რომ პოკერი ის თამაშია, სადაც მოგების დროს ჭკვიანები ვართ, ხოლო წაგების შემთხვევაში არ გვიმართლებს. ტურნირის სიღრმეში შეღწევა სულაც არ ნიშნავს, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ. გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიმართლათ, რამდენჯერ გააორმაგეთ სტეკი, რამდენი 'კოინფლიპი' მოიგეთ და რამდენჯერ აღმოჩნდით დომინანტი წყვილით სუსტი წყვილის წინააღმდეგ. მოთამაშეების მიმართ უპატივცემულობა ყველას აგრესიულად განაწყობს და შესაძლოა თქვენზე ნადირობაც კი დაიწყონ. მაშინ, როცა თავაზიანი ურთიერთობის ხარჯზე, შესაძლოა კრიტიკულ მომენტში, რომელიმე მათგანმა საკუთარი აგრესია შეარბილოს და მეგობრულად 'დაგინდოთ'. გახსოვდეთ, რომ პოკერი, კარტებთან, იღბალთან და ალბათობასთან ერთად, კომუნიკაციაცაა.
მზად იყავით შეთანხმებებისთვის! ფინალურ მაგიდებზე ხშირად იმართება მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდეს საპრიზო ფონდი. ბევრი მოთამაშე უარს ამბობს ასეთ შეთავაზებაზე. მიზეზი უამრავია: ზედმეტი თავდაჯერებულობა, აზარტი, სხვა მოთამაშეების უპატივცემულობა, მათ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, საკუთარი სტეკის სიდიდე. გაითვალისწინეთ, რომ პოკერის თამაშისას ყველაფერია შესაძლებელი და შორტსტეკად მყოფმა მოთამაშემ, შესაძლოა, ტურნირი მოიგოს კიდეც. ასე რომ, საპრიზო ფონდის ახლებურად გაყოფა ბევრ შემთხვევაში მომგებიანი წინადადებაა. ყურადღება მიაქციეთ დარჩენილი მოთამაშეების სტეკებს, ტურნირის სტრუქტურას, სტეკების შეფარდებას ბლაინდებთან, მოთამაშეთა გამოცდილებას, რაოდენობას და ა.შ.
ეცადეთ თავი შეიკავოთ ე.წ. 'ჰოლივუდინგისგან' და დროის უაზროდ გაწელვისგან. ძალიან ხშირად, ისეთი ტურნირების ფინალურ მაგიდებზეც კი, რომლებიც ტელევიზიით არ გადაიცემა, მოთამაშეები საჭიროდ თვლიან ზედმეტი დროის გამოყენებს. მათ იციან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ მაინც დიდ დროს უთმობენ საბოლოო ოპციის არჩევას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სხვებისთვის საჩვენებლად ხდება. უმეტეს შემთხვევებში, მსგავსი მოქმედება, მთელი მაგიდის გაღიზიანებას იწვევს. პირადად შევესწარი სიტუაციას, როდესაც ტურნირზე, რომლის თითო ლეველი მხოლოდ 20 წუთი გრძელდებოდა, ორმა მოთამაშემ მხოლოდ ერთი დარიგებისთვის 10 წუთი დახარჯა. ერთს 'ტოპ სეტი' ჰყავდა, მეორეს - 'ბოთომ სეტი'. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა ქულერი იყო, გადაწყვეტილების მიღება ორივესთვის საკმაოდ მარტივი იყო და სულაც არ საჭიროებდა თითო რაუნდისთვის 2 წუთიან ფიქრს.
ზემოთ, საპრიზოს განაწილება ვახსენეთ. ერთ-ერთი არაეთიკური და შემაწუხებელი საქციელი, შეთავაზებებზე უარის თქმის მსგავსად, ისეთ მოთამაშეს ახასიათებს, რომელიც გამუდმებით კითხულობს საპრიზოს გაყოფის შესახებ. თუ მაგიდაზე მყოფმა მოთამაშეებმა უკვე განიხილეს ეს თემა და შეთანხმდნენ, რომ საპრიზო ადგილების ანაზღაურება უცვლელი რჩება, ნამდვილად არ ღირს ყოველი დარიგების შემდეგ ყველასთვის შეხსენება და უკვე განხილული სქემის თავიდან გადამეორება. დაელოდეთ მოთამაშეების რაოდენობის შემცირებას. თუ მიწოდებულ წინადადებაზე 9 ადამიანმა უარი თქვა, მხოლოდ 3-4 მათგანის დაყოლიება ბევრად ადვილი საქმე იქნება.
ნუ 'შეეკვრებით' რომელიმე მოთამაშეს! ორ ან რამდენიმე მოთამაშეს შორის, წინასწარი შეთანხმება, ერთმანეთში თამაშის მსვლელობისას არალოგიკური ხაზის არჩევა, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშონ მაგიდაზე და რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურება მიიღონ, ნებისმიერი კაზინოს წესებს ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დიდ რისკს იღებთ საკუთარ თავზე და შესაძლოა დისკვალიფიკაციაც მიიღოთ, რაც ტურნირიდან გაგდებას გულისხმობს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. რა თქმა უნდა, პოკერს ყველა ისე თამაშობს, როგორც თავად მიაჩნია სწორად და ვერავინ დაგდებთ ბრალს, თუ რივერზე სეტით ჩექი გააკეთეთ, მაგრამ თუ მსგავსი რამ ხშირად გამეორდა, თან ერთი და იგივე მოთამაშის წინააღმდეგ, მაგიდის დანარჩენი მონაწილეები და დილერი ამას აუცილებლად შეამჩნევენ და თავის მართლება, უკვე, ტურნირის ადმინისტრატორებთან მოგიწევთ.