ჩემი ბლოგების უმეტესობა სატურნირო თამაშს და ინტერნეტში მოპოვებულ MTT სტრატეგიებს შეეხება. როგორც კრის ფერგიუსონი ამბობს, სატურნირო ტაქტიკა, ქეშ-გეიმისგან, არც იმდენად განსხვავდება, როგორც ეს დამწყებ მოთამაშეებს წარმოუდგენიათ და ამ ტაქტიკის გამოყენება და ადაპტირება ორივე შემთხვევისთვისაა შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში კი, მინდა თქვენი ყურადღება ქეშ-გეიმის კონკრეტულ დარიგებაზე გავამახვილო.
ეს დარიგება, უკვე გასული წლის ზაფხულში, კაზინო Aria-ში გამართულ Super High Roller Cash Game-ზე მოხდა. სიტუაცია ასეთი იყო: ქეშ-გეიმის მეორე დღე, ბლაინდები - $400/$800, ანტე - $200. კარტების დარიგებამდე, თამაშში, უკვე შემოვიდა $1.600 დოლარიანი 'სტრადლი'. ავსტრალიელი ქეშ-გეიმერი, მეტ კირკი, მაგიდასთან ახალი დაბრუნებული იყო. მისი სტეკი $300.000 დოლარს შეადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტ კირკი, მაგიდაზე, ყველაზე აგრესიული მოთამაშე იყო, რომელიც მაგიდას საკუთარ დინამიკას სთავაზობდა. მეორეს მხრივ, მაგიდას კიდევ ერთი აქტიური მოთამაშე, ენდრიუ რობლი ჰყავდა, რომელიც გემბლინგისთვის აშკარად მზად იყო. მისი სტეკი უკვე $1.4 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
'კატოფამდე', სადაც პოლ ნიუი იჯდა, ყველამ დაფოლდა. ბრიტანელმა მომენტის გამოყენება სცადა და A6-ით $4.500-მდე გაზარდა. მეტ კირკმა K6-ით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ამჯერად, მაგიდაზე, $18.000 დოლარი შეიტანა. ენდრიუ რობლმა, სმოლ ბლაინდიდან, კირკს სტეკის ოდენობა ჰკითხა და Q5-ით $50.000 დოლარიანი რირეიზი გააკეთა. თამაშში დარჩენილმა პატრიკ ანტონიუსმა და პოლ ნიუიმ საკუთარი კარტები მაშინვე გადაყარეს. უკანდახევის ნაცვლად, მეტ კირკმა, რობლის რირეიზს კიდევ ერთი $50.000 დოლარი დაამატა, რაზეც ენდრი რობლმა, რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, ქოლით უპასუხა.
227 ფლოპზე, მეტ კირკმა სულ რაღაც $35.000 დოლარიანი სი-ბეთი გააკეთა, რაზეც რობლმა მაშინვე უპასუხა. თერნზე A დაიდო. ამჯერად, კირკმა, $50.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა. ენდრიუ რობლმა, მოწინააღმდეგის დაკვირვებაში, სულ რამდენიმე წამი დახარჯა და ოლ ინი გამოაცხადა. მეტ კირკს ერთი წამიც კი არ უფიქრია დარჩენილი $90.200 დოლარის დამატებაზე, მომენტალურად გადაყარა კარტი. დარიგების დასრულების შემდეგ, ენდრიუ რობლმა, მოწინააღმდეგეს, საკუთარი კარტი აჩვენა, რასაც მეტ კირკისგან შეძახილი მოჰყვა: ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბაა?!
დარიგების ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია შესაძლებელი
ასეთი დარიგების თამაშის შესაძლებლობა, ონლაინ მოთამაშეს იშვიათად მიეცემა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს დარიგება არათუ ტურნირებისგან, ჩვეულებრივი ქეშ-გეიმებისგანაც განსხვავდება. დიფ სტეკ თამაში, სადაც თითოეულ მოწინააღმდეგეს 350 ბიგ ბლაინდზე მეტი აქვს, მეოთხე-მეხუთე დონის ფიქრს მოითხოვს, სადაც მოთამაშეები არამხოლოდ მათემატიკით და საკუთარი ან მოწინააღმდეგის კარტზე დაყრდნობით, არამედ ერთმანეთის გამძლეობაზე, ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და გამოცდილებაზე თამაშობენ. ძირითადი განსხვავება, დიფ სტეკ ქეშ-გეიმებსა და ტურნირებს შორის, სადაც საწყის ლეველებზე ყველა მოთამაშეს 200-300 ბიგ ბლაინდი აქვს, ისაა, რომ ქეშ-გეიმებზე დიდი სტეკი მეტი მოძრაობის, მეტი დაძაბულობის შექმნის საშუალებას იძლევა. ტურნირზე კი ყველაფერი პირიქითაა - რაც უფრო ცოტა ჩიპი გრჩება, მით უფრო აქტიური და აგრესიული ხარ.
მეტ კირკის პრეფლოპ 3-ბეთი, მისი არჩეული სტრატეგიის ნაწილი იყო - ის აგრესიული უნდა ყოფილიყო მთელი თამაშის განმავლობაში და მოთამაშეები წნეხში უნდა მოექცია. ენდრიუ რობლმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ კირკი წამსვლელია ასეთ თამაშზე და მას შესაძლოა არაფერი ჰყავდეს. რობლს, ფლოპის დარიგების შემდეგ, საშუალო სიძლიერის კარტთან ერთად, პოზიციაც ექნება, ამიტომ ის რირეიზს აკეთებს და აგრესორზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. თუმცა კირკი არ ნებდება და $100.000 რირეიზს დებს, რაც სიმართლე რომ ითქვას, რობლისთვის მშვენიერი შეთავაზებაა - 4:1 ფლოპის სანახავად.
227 ფლოპი არაფრისმომცემია, ამას ყველა ხვდება - არცერთი მოთამაშე არ გაუმჯობესებულა და თუ რომელიმე წინ იყო, წინ დარჩებოდა. თუ რომელიმეს AA/KK/QQ ჰქონდა, მისი მდგომარეობა არ გაუარესდებოდა. ეს კი, ამ დარიგებისთვის, გადამწყვეტი ასპექტია. ორივე მოთამაშეს ჰგონია, რომ მოწინააღმდეგე სუსტია და თუ ისინი რეალურად ძლიერ ხელს განასახიერებენ, ოპონენტს დანებება მოუწევს. უნდა ითქვას, რომ ორივე მოთამაშე სრულიად მართალია და იდეალურად კითხულობენ ერთმანეთის მდგომარეობას.
მოწინააღმდეგის შეშინებას, თავდაპირველად, მეტ კირკი ცდილობს და პატარა ბეთს აკეთებს. რობლმა იცის, რომ ასეთი ზომის ბეთი მას თამაშის გაგრძელების საშუალებას მისცემს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თერნზე შესაძლებლობა ექნება კირკის ქმედებას კიდევ ერთხელ დააკვირდეს. თერნზე A იდება და კირკი კვლავ აგრძელებს მცირე ზომის ბეთების კეთებას. რობლი ფიქრობს, რომ დროა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას - თუ მოწინააღმდეგეს რივერის ჩვენების საშუალებასაც მისცემს, შესაძლოა, კირკმა თავისი დამაჯერებელი ისტორიის მოყოლა განაგრძოს და ოლ ინი გააკეთოს, რის შემდეგაც რობლი იძულებული იქნება კარტი გადაყაროს.
თამაშს რომ მეტ კირკის პერსპექტივიდან შევხედოთ, ერთადერთი კარტი, რომლის ნახვაც მას არ სურდა A იყო. როგორც დარიგების დასრულების შემდეგ თქვა, A-ის გარდა ნებისმიერ კარტზე, ის ოლ ინის გაკეთებას აპირებდა. მან იცის, რომ ფლოპზე მისმა პატარა ზომის ბეთმა, რობლის მაღალი A-ის მქონე ხელს, ქოლის საშუალება მისცა. თუ რობლს ამაზე სუსტი ხელი ეყოლებოდა, ის გადაყრიდა, ხოლო თუ ჯიბის წყვლი ჰყავდა - ის გაზრდიდა.
ეს დარიგება ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს დიფ სტეკ ქეშ-გეიმებზე, სრულიად არაფრისმომცემი კარტებით, როცა მაგიდასთან მსოფლიო დონის მოთამაშეები სხედან, რომლებიც არამხოლოდ საკუთარ ხელზე, არამედ მოწინააღმდეგის გონებაზე თამაშობენ.