სეტ მაინინგი: რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება დაბალი ჯიბის წყვილებით თამაშის დროს?

+ პოსტის დამატება

ე.წ. ჯიბის წყვილები, ტეხასურ ჰოლდემში, ორი მიზეზითაა განსაკუთრებით მიმზიდველი: პირველ რიგში, ჩვენ უკვე გვყავს გამზადებული ხელი, როცა ჯერ ფლოპიც კი არ დარიგებულა და რა თქმა უნდა, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - იშვიათი შანსი იმისა, რომ ფლოპზე სეტი დავიჭიროთ. ხელის წყვილი, საშუალოდ, 17 დარიგებაში ერთხელ გვექნება, ამიტომაც მათ გამოყენებაზე უარის თქმა კიდევ უფრო რთულდება, თუნდაც საქმე ყველაზე სუსტ 22-თან გვქონდეს. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ისეთი ჯიბის წყვილებიც კი, როგორებიც JJ-77 არეალში არიან, დარიგების დასაწყისში, ბევრად მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე დარიგების ბოლოს. 

მოთამაშეების უმეტესობას, ჯიბის წყვილის დარიგებისას, ერთი და უმთავრესი სურვილი უჩნდება: იქნებ ფლოპზე სეტი მიიღოს, რამაც შესაძლოა დიდი ბანკის მოგების საშუალება მისცეს. მართლაც, თუ თქვენ ხელში 55 გყავთ, ოპონენტი AK-ით გიტევთ, ხოლო ფლოპზე A95 იდება, თქვენ საქმე მოსალოცად გქონიათ! აქ მხოლოდ 'ქოლის' ღილაკზე დაჭერა გევალებათ. 

ასეთ სტრატეგიას, პოკერის საერთაშორისო ტერმინი ზუსტად ეხმაურება - 'სეტ მაინინგი' (set mining), რაც ოქროსა ან სხვა ძვირფასი მეტალის მაძიებლობას გულისხმობს. მეორე ვარიანტის მიხედვით, 'სეტ მაინინგი' შეუმჩნევლად, ფარულად დანაღმულ ველს, მტრისთვის დაგებულ მახეს აღწერს, საიდანაც მოწინააღმდეგისთვის გამოღწევა ფაქტიურად წარმოუდგენელია. მართლაც, თუ ოპონენტი AK-ით გიტევთ, ფლოპზე ტოპ წყვილს ღებულობს ტოპ კიკერით, ამაზე უკეთეს სიტუაციას ის ვერც ინატრებს. ამ დროს კი, თქვენ, ჯიბის წყვილით დანაღმულ ველზე ელოდებით, საიდანაც გამოღწევის საშუალება მას ფაქტიურად არ აქვს. ასეთ დროს, ერთადერთი რამ, რაც თქვენ გევალებათ - 'ქოლის' ღილაკზე დაჭერაა. 

უმეტეს შემთხვევაში 'სეტ მაინინგი' დაბალი წყვილით პრეფლოპ რეიზის ქოლით მიღებას გულისხმობს, ფლოპზე სეტის დაჭერის იმედით. რა თქმა უნდა, დაბალი ჯიბის წყვილითა და პოზიციის გათვალისწინებით, შესაძლებელია რეიზის გაკეთებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ოპციაზე ვისაუბროთ, რაც სეტის გაკეთების იმედით, მოწინააღმდეგის რეიზის მიღებას გულისხმობს.

ვთქვათ, თქვენ იმყოფებით ტურნირის პირველ ლეველზე, ბლაინდები 25/50. მოწინააღმდეგე აკეთებს რეიზს 150-მდე, ხოლო თქვენამდე ყველა ფოლდავს. თქვენ, 33-ით ხელში, 'ბიგ ბლაინდის' პოზიციაზე იმყოფებით. ასეთ დროს ორი კითხვა ჩნდება: მივიღოთ თუ არა მოწინააღმდეგის რეიზი? გავაკეთოთ თუ არა რირეიზი? მეორე კითხვაზე პასუხი უამრავია, რასაც კონკრეტული სიტუაციისა და კონკრეტული ოპონენტის განხილვა დასჭირდება. პირველ კითხვაზე კი პასუხი არასდროს იცვლება. 

ტეხასურ ჰოლდემში ჯიბის წყვილების 78 კომბინაცია არსებობს, ხოლო ნებისმიერი ორი კარტისგან 1.326 კომბინაცია კეთდება. გამოდის, რომ, საშუალოდ, ჯიბის წყვილი 17 დარიგებაში ერთხელ გექნებათ. კითხვას 'რამდენ შემთხვევაში მივიღებთ სეტს ფლოპზე?' საკმაოდ რთული მათემატიკა აქვს, მაგრამ საშუალოდ 8.5 დარიგებიდან ერთხელ ჩვენ სეტი გვეყოლება, რაც დაახლოებით 12%-ია. ეს პასუხი არასდროს შეიცვლება. ერთადერთი პასუხი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს გამომდინარეობს კითხვიდან: რამდენის მოგებას შევძლებ, თუ ფლოპზე სეტი დავიჭირე?

განვიხილოთ პოტ ოდსები იმ სიტუაციისთვის, როდესაც ბლაინდები 25/50-ია, ხოლო მოწინააღმდეგე 150-იან ბეთს აკეთებს. ბანკში 225 ჩიპია, თქვენ მიერ გადახდილი 50-იანი ბიგ ბლაინდის ჩათვლით, რომელიც თქვენ აღარ გეკუთვნით. თქვენ მხოლოდ 100 ჩიპის დამატება გჭირდებათ, რათა ფლოპი ნახოთ. ეს კი იმას გულისხმობს, რომ თქვენი პოტ ოდსები 2.25:1 იქნება, რაც ნამდვილად არ არის საუკეთესო მომენტი ჩიპების მაგიდაზე შესატანად. მით უმეტეს, თუ თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავთ მოგებას, როცა ფლოპზე სეტს ღებულობთ, რაც 8.5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ხდება. 

მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, თქვენ არ აკეთებთ ქოლს მხოლოდ 225 ჩიპის მოსაგებად. თქვენ იმედი გაქვთ, რომ სეტის დაჭერის შემთხვევაში გაცილებით დიდ ბანკს მოიგებთ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგის სტეკები. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე უკვე ე.წ. 'იმპლაიდ ოდსებთან', ანუ შესაძლო ოდსებთან გაქვთ. თუ თქვენ 8.5 შემთხვევიდან ერთხელ იგებთ, გამოდის, რომ თქვენ მინიმუმ 8.5-ჯერ უნდა გააკეთოთ ინვესტიცია დაბალი ჯიბის წყვილით, რათა თქვენი ქოლები მათემატიკურად გამართლებული იყოს. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ სეტით მთლიან სტეკს ვერ მოიგებთ, ზოგჯერ შეიძლება დამარცხდეთ კიდეც. 

პოკერის თეორეტიკოსები გვთავაზობენ ე.წ. '10-ის წესს', რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენი 'სეტ მაინინგი' გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქოლისთვის გადახდილ თანხაზე 10-ჯერ მეტს მოიგებთ. ზოგს, ეს რიცხვი, 20-მდეც აჰყავს. გამოდის, რომ თუ თქვენ დაბალი ჯიბის წყვილებით თამაშობთ და 100 ჩიპს იხდით, მინიმუმ 2000 უნდა მოიგოთ, რათა 'სეტ მაინინგის' სტრატეგია მათემატიკურად მომგებიანი გახდეს. 

აქ უკვე 'ეფექტურ სტეკებამდე' მივედით, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ თქვენ ქოლისთვის 100 ჩიპი გჭირდებათ, ხოლო მოწინააღმდეგის სტეკი 500 ჩიპს შეადგენს, თქვენი ქოლი გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორიც: შესაძლოა თქვენ მხოლოდ ერთი ოპონენტის წინააღმდეგ არ თამაშობდეთ, რაც თავისთავად უკეთეს პოტ-ოდსებსა და გაცილებით უკეთეს 'იმპლაიდ ოდსებს' გაძლევთ. თუ თქვენ ფლოპზე სეტი მიიღეთ და შეძელით 2 ან რამდენიმე ოპონენტის მცირე სტეკის მოგება, ხანგრძლივ დისტანციაზე 'სეტ მაინინგი' გამართლებულ სტრატეგიად ჩაითვლება. 

'სეტ მაინინგი' ერთ-ერთია იმ მრავალი მეთოდიდან, თუ როგორ ვითამაშოთ დაბალი ჯიბის წყვილებით. მაგრამ თუ თქვენ პასიური თამაში გადაწყვიტეთ და ჯიბის წყვილით მხოლოდ ქოლს აკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი საკმაოდ ცუდი შანსები და ყურადღება მიაქციეთ სტეკებს, რომლებსაც თქვენ და თქვენი მოწინააღმდეგე ფლობთ. 

რუმები

ქართული უცხოური