
დღეს მინდა ვილაპარაკო სიტუაციაზე, რომელზეც მოთამაშეებს თავისებური პასუხი ექნებათ. პასუხების სიმრავლის მიუხედავად, კითხვა კითხვად რჩება: ვაჩვენოთ თუ არა მომგებიანი ხელი?
ეს არჩევანი წარმოიქმნება მხოლოდ ერთ ვარიანტში, როცა თქვენ აკეთებთ ბეთს ან რეიზს, რომელზეც არავინ პასუხობს და თქვენ გყავთ ერთადერთი ცოცხალი, ჯერ კიდევ გადაუყრელი კარტი ხელში. დილერი თქვენკენ გამოწევს მოგებულ ჩიპებს და სანამ თქვენ მას დაუბრუნებთ კარტს, თქვენ გეძლევათ არჩევანი - ამოატრიალოთ ის და ანახოთ მთელ მაგიდას, თუ გააცუროთ დაფარულად? სიმართლე ითქვას, ხელის ჩვენება არჩეულ სტრატეგიასთან არის კავშირში და არა სურვილთან. ასე რომ ამაზე ერთი და სწორი პასუხი არ არსებობს.
ზოგ მოთამაშეს თავისი თამაშის პოლიტიკად აქვს გამოცხადებული, არ აჩვენოს მომგებიანი ხელი, თუ ამას თამაშის წესები არ მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. პოკერში, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა არის ის, რომ რაც შეიძლება მარტივი გადაწყვეტილებები მივიღოთ. იმის წინასწარ განსაზღვრა, რომ ყოველ მოგებულ დარიგებაზე, საკუთარ ხელის გახსნაზე არც კი ვიწყებთ ფიქრს, საკმაოდ სწორი მიდგომაა, რადგან 'გახურებულ თამაშში' არავის უნდა კიდევ ასეთი გადაწყვეტილებებით დაიტვირთოს თავი. რთული არჩვენი და ფიქრი ისედაც საკმარისია.
საკუთარი ხელის ნებაყოფლობით ჩვენება, ოპონენტებს საკმაოდ დიდ ინფორმაციას აძლევს: რომელი პოზიციიდან რა ხელით თამაშობთ, რა ხელებით ზრდით ან ღებულობთ რეიზს, აკეთებთ სტანდარტულ სიბეთს, თუ თქვენი ყველა ბეთი კარგ ხელს ნიშნავს, როგორ თამაშობთ ფლეშ დროს შემთხვევაში და უამრავი მსგავსი პატარა ნიუანსი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შემდგომ დარიგებებზე.
დავუშვათ, თქვენ გინდათ, რომ ამ მარტივ ტაქტიკას ცოტათი გასცდეთ და თქვენი თამაში გადაიყვანოთ შემდეგ ლეველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შერჩევით, კონკრეტული სიტუაციების ანალიზის საფუძველზე გახსნათ თქვენი კარტი და აჩვენოთ რას და როგორ თამაშობდით. როდის და რის მიხედვით უნდა გააკეთოთ ეს? როგორც ვთქვი, და თქვენც მოგეხსენებათ, ამაზე ერთი და სწორი პასუხი არ არსებობს. ასე რომ გთავაზობთ სამი სხვადასხვა გავლენიანი მოთამაშის პასუხს, ხოლო არჩევანი თქვენ გააკეთეთ.
დენიელ ნეგრანუ
დენიელ ნეგრანუ, თავის წიგნში Hold'em Wisdom for All Players, ამბობს, რომ თქვენ უნდა აჩვენოთ თქვენი კარტი ნებისმიერ დროს, როცა ითამაშეთ ისე, როგორც თქვენ არ თამაშობთ ჩვეულებრივ და როგორ თამაშსაც არ აპირებთ სამომავლოდ. მარტივად რომ ვთქვათ, გახსნათ კარტი მაშინ, როცა თამაშობთ უცნაურად და თქვენთვის შეუფერებლად. მსგავსი ქმედება გასცემს ცრუ ინფორმაციას თქვენ შესახებ. სუსტი მოთამაშეები გადაწყვეტენ, რომ ეს თქვენი თამაშის სტილია და მსგავს შემთხვევებში ისევ იმას გაიხსენებენ, რაც ნანახი აქვთ. ნეგრანუ იმაზეც აფრთხილებს მკითხველს, რომ დამწყებმა მოთამაშეებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი თამაშისგან. მისი აზრით, ეს ძლიერი მოთამაშეების ხერხია სუსტების წინააღმდეგ და არა პირიქით.
მაიკ კარო
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოკერის წიგნი არის მაიკ კაროს Most Profitable Hold'em Advice, სადაც კარო რამდენიმე გვერდს უთმობს იმის განხილვას, თუ რის მიხედვით უნდა შეარჩიოთ ის ხელები, რომელთა ჩვენებასაც აპირებთ. მაგალითად, კარო ფიქრობს, რომ თქვენი ყველაზე ძლიერი ხელები უნდა აჩვენოთ სწორედ იმ მოთამაშეებს, რომლებიც უკვე შეშინებულები არიან თქვენით და ხშირად ფოლდავენ თქვენ მიერ გაკეთებულ ბეთებზე. მათ მაშინვე უჩნდებათ აზრი "ასეც ვიცოდი. მას ყოველთვის ყავს ხელი ჩემს წინააღმდეგ, როგორც ვვარაუდობდი და კიდევ კარგი, რომ ვფოლდავდი". ეს მათ კიდევ უფრო თაითებად აქცევს და თქვენ გაცილებით ხშირად შეძლებთ მათ წინააღმდეგ ბლეფის გაკეთებას. ამის საპირისპიროდ, კარო გვირჩევს, რომ ბლეფები ვაჩვენოთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხშირად აკეთებენ ქოლებს ჩვენს ბეთებზე, რადგან ისინი უკეთესად გადაგვიხდიან მაშინ, როცა ნათსი გვეყოლება.
ანტონიო ესფანდიარი
2011 წელს, ანტონიო ესფანდიარის კომენტატორებთან ერთად მიჰყავდა WSOP, სადაც მას პირდაპირ ეთერში დაუსვეს ჩვენი განსახილველი კითხვა: ვაჩვენოთ, თუ არ ვაჩვენოთ? მან თქვა, რომ ის არასდროს აჩვენებს ისეთ ხელებს, რომელიც ოპონენტის თამაშსა და გადაწყვეტილებებს გააუმჯობესებს. მისი აზრით, თუ ოპონენტი ფოლდს აკეთებს, უმჯობესია მას აჩვენო ბლეფი და არა მომგებიანი ხელი. ანტონიო ესფანდიარი თვლის, რომ მთავარი დეზინფორმაცია და მოწინააღმდეგეების აზარტში და ტილტში ჩაგდებაა, რათა მათ შემდგომ უფრო მეტი შეცდომა დაუშვან. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ძლიერი ქმედებაა, თუმცა საკმაოდ რთულიც.
არჩევანი თქვენზეა, რომელ რჩევას გამოიყენებთ და რის მიხედვით გახსნით ხელებს. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ კარტის გახსნა/არგახსნა სტრატეგიისა და ტაქტიკის საქმეა და არა გემოვნების, გაბრაზების, სიხარულის, მოწინააღმდეგის დასჯისა და სხვა ემოციაზე დაფუძნებული შეგრძნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.