ვეთამაშოთ მანიაკებს, თუ მოვძებნოთ სხვა თამაში?

+ პოსტის დამატება

რამდენიმე დღის წინ CardPlayer-ზე სტატიებს ვკითხულობდი, სადაც ერთი და იგივე საკითხზე, ორი ავტორის ორ სრულიად განსხვავებულ პოზიციას გადავაწყდი და ვფიქრობ, მათი განხილვა საინტერესო იქნებოდა. ორივე მათგანი მანიაკების წინააღმდეგ თამაშს ეხებოდა.

ედ მილერის სტატია დასათაურებული იყო შემდეგნაირად: "დისპერსია თქვენი მეგობარია!" სტატიის მთავარი მიზანი იყო ისეთი მოთამაშეების გადარწმუნება, რომლებიც დისპერსიის შემცირებას ცდილობენ დიდი სვინგების თავიდან აცილების მიზნით. ედ მილერი თვლიდა, რომ თუ მოთამაშე დისპერსიას ამცირებს, ის თავისი ცოდნის გამოყენებას ვერ შეძლებს ე.ი. მის უპირატესობას დაკარგავს და შესაბამისად მისი მოგებაც დაეცემა. "დისპერსია ის ადგილია, სადაც უპირატესობა იჩენს თავს, - წერს ედ მილერი, - თუ თამაშს დისპერსიას ჩამოაშორებთ, თქვენ უპირატესობასაც კარგავთ. თუ ულიმიტო ჰოლდემში ისეთ სტრატეგიას შეიმუშავებთ, რომელიც დისპერსიას ამცირებს, იცოდეთ, რომ ვინრეიტიც მაშინვე შეგიმცირდებათ. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს, შიშის გრძნობა, თითქმის არ აქვთ."

რამდენიმე გვერდის შემდეგ კი შეხვდებით ალან სკუნმეიკერის სტატიას სათაურით "რატომ ვერ იგებთ დაბალ ლიმიტებზე?" სიმართლე გითხრათ, სტატიის სათაური შინაარსს, დიდად არ შეესაბამება. მაგრამ მთავარი თემა კვლავ მანიაკებს შეეხება. სკუნმეიკერის აზრით, ის მაგიდები, სადაც მანიაკები თამაშობენ, დიდი ბანკებისა და დაძაბული პოტების მიუხედავად, არამომგებიანია, რადგან მანიაკებთან თამაშისას იკარგება თქვენი ცოდნით განპირობებული უპირატესობა. 

დაპირისპირება ამ ორ იდეას შორის აშკარა პარადოქსია: ერთის მხრივ, მილერის აზრით, მანიაკებით გამოწვეული დისპერსია ხელსაყრელი სიტუაცია და შესაბამისად მომგებიანი თამაშია, ხოლო სკუნმეიკერი მთავარ პრობლემად სწორედ მანიაკების არსებობას ასახელებს, რადგან მანიაკებით სავსე მაგიდაზე თამაში საერთოდ არ არის დამოკიდებული ჩვენი მომზადების დონეზე. რომელი კონცეფცია შეიძლება მივიჩნიოთ სწორად? - ორივე!

წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი, ან ვისთვის როგორ... კარგი მაგიდა: მაგიდაზე მყოფი ყველა მოთამაშე, ყოველ დარიგებაზე ოლ ინს აკეთებს. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც საწყის ხელებს არჩევს და ადეკვატურად თამაშობს. რა იქნებოდა ამ შემთხვევაში საუკეთესო სტრატეგია? სტანდარტული პასუხი ამ შემთხვევაში, უფრო თაითი სტილის არჩევა იქნება. ეს შეამცირებს დისპერსიას, რადგან თქვენი ექვითი მით უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო ცოტა და კარგად შერჩეულ ხელს ითამაშებთ. მაგრამ ეს თქვენს მოგებასაც შეამცირებს, რადგან ერთ საათში გაცილებით ნაკლები დარიგების თამაში მოგიწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. 

მეორეს მხრივ, თუ თქვენ აყვებით მანიაკების თამაშს და ყოველ დარიგებაზე ოლ ინს გააკეთებთ, თქვენი უპირატესობა 0-ზე ჩამოვა, რადგან თქვენ ზუსტად იგივე რეინჯის კარტი გეყოლებათ, რაც თქვენ მოწინააღმდეგეს. მთლიანობაში კი გამოვა ისე, რომ მოგებული არავინ დარჩება, მხოლოდ პოკერ რუმს გაამდიდრებთ დატოვებული რეიკით. 

როგორც ირკვევა, საუკეთესო მიდგომა ასეთ შემთხვევაში არის თქვენი პრემიუმ ხელების დაახლოებით 35%-ის თამაში. ეს გაცილებით ფართო რეინჯია იმასთან შედარებით, რასაც თქვენ ნორმალური თამაშის პირობებში აირჩევდით. თქვენი საშუალო ექვითი ყოველ პოტში, დაახლოებით 14%-ს შეადგენს, რაც მოწინააღმდეგეების 9.5%-ს საგრძნობლად აღემატება. 

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ წააგებთ ბევრს, ძალიან ბევრს! მაგრამ გრძელ დისტანციაზე, საწყისი ხელების ასეთი შერჩევა, საკმაოდ დიდ უპირატესობას მოგცემთ, თქვენი მანიაკი 'მეგობრების' წინააღმდეგ. ეს დაახლოებით რულეტის სიტუაციას გავს: კაზინოს მხოლოდ 0 - Zero სჭირდება იმისთვის, რომ მოთამაშეზე მათემატიკური უპირატესობა მოიპოვოს, დანარჩენი კი დროის საქმეა. ის აუცილებლად მოიგებს. ასე რომ თუ თქვენ ბანკროლი ხელს გიწყობთ და კონკრეტულ ლიმიტზე დიდი დისპერსიის გადატანის საშუალებას გაძლევთ, მანიაკთან თამაში ყოველთვის მისაღები უნდა იყოს. 

თავის მხრივ, სკუნმეიკერიც მართალია - ეს ყველაფერი ფსიქოლოგიასთან უფროა კავშირში, ვიდრე მათემატიკასთან. მათემატიკის კუთხით ყველაფერი გავარკვიეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი თამაში გვაწყობს, მაგრამ რა ხდება რეალურად, როცა მაგიდასთან 2-3 მანიაკი გვიზის და აბსოლუტურად არაადეკვატური ხაზით, სრულიად გაუგებარ დინამიკას ქმნის მაგიდაზე? სინამდვილეში, მოთამაშეების უმეტესობა, ასეთი დაძაბულობისთვის, არ არის მზად. გაზრდილი დისპერსია, მათემატიკურად შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ ეს იმდენად გრძელვადიანი პროცესია, რომ ხანმოკლე პერიოდი, შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს მოთამაშისთვის. თქვენ მზად უნდა იყოთ რამდენიმე ბაი ინის დასაკარგად, შეიძლება ათეულობით ბაი ინის დასაკარგადაც და გააგრძელოთ თქვენ მიერ წინასწარ არჩეული, ოპტიმალური თამაში. თუ თქვენ ამ დროს დაკარგავთ თვითკონტროლს, თქვენ დაკარგავთ უამრავ ბაი ინს და შეიძლება მთლიანად ბანკროლი გაანადგუროთ. ამასთან ერთად, გაგიჩნდებათ დიდი სირთულეები მანიაკების წინააღმდეგ თამაშის დროს, რაც გამოცდილი მარცხის ბრალი იქნება. 

სკუნმეიკერი მოთამაშეების ისეთ პრობლემებსაც უსვამს ხაზს, როგორიცაა ტრადიციული თამაშისგან გადახვევა: მოთამაშეებს არ აქვთ საშუალება გამოიყენონ ისეთ მანევრები, როგორიცაა ბლეფი - მანიაკის წინააღმდეგ ბლეფი არ მუშაობს. მანიაკს ვერ მოპარავ ბლაინდს, მისი ხელის წაკითხვას არანაირი აზრი არ აქვს და ა.შ. ეს კი ბევრ მოთამაშეში დისკომფორტს იწვევს, ხოლო დისკომფორტით თამაში არასდროს არაა მომგებიანი. 

და საბოლოოდ, რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ? ვითამაშოთ მანიაკების წინააღმდეგ, თუ მოვძებნოთ სხვა თამაში? როგორც პოკერის შეკითხვების უმეტესობას, ამ კითხვასაც იგივე პასუხი აქვს: გააჩნია სიტუაციას! რეალურად, პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია თქვენ ბანკროლზე, თქვენ ემოციურ სტაბილურობაზე და თამაშის უნარზე, რამდენად ხართ მიჩვეული მანიაკების წინააღმდეგ თავდაცვით თამაშს? ეს დამოკიდებულია მაგიდაზე მყოფ სხვა მოთამაშეებზეც - რამდენად შეუძლიათ მათ საკუთარი ქმედებების კონტროლი? იქნება 2-3 მანიაკის გამო, დანარჩენი მოთამაშეებიც აზარტში ჩავარდნენ და თითონაც მანიაკური მოქმედებები დაიწყონ? ამ ყველაფერმა შეიძება თქვენთვის სასარგებლოდაც იმუშაოს. რუდიარდ კიპლინგის ცნობილი ციტატა ასე ჟღერს: "თუ შეინარჩუნებ თავს, სანამ მას სხვები კარგავენ..." ასეთი სიტუაციის გამოყენება მართლაც შეიძლება, მაგრამ შესაძლოა, გამოუცდელი მოთამაშე, ასეთმა ქაოსმა თავის მორევში ჩაითრიოს და თითონაც სხვების მსგავსად არეული თამაში დაიწყოს. 

 

რუმები

ქართული უცხოური