ნეგრანუს და ჰელმუტის ცუდი სტარტი WSOP-ზე; აივი ისევ არ ჩანს
2015 წლის WSOP-ის შესახებ უამრავი აზრი გამოითქვა, უამრავი წინასწარმეტყველება კეთდებოდა, სიახლეები და ხმაურიც ბევრია, მაგრამ სიჩუმის ნაკლებობასაც არ განიცდის. პირველ რიგში სიჩუმეა იმ ორი მოთამაშისგან, რომლისგანაც მაყურებელი ყველაზე მეტ ხმაურს ელოდება - დენიელ ნეგრანუსა და ფილ ჰელმუტს, ნათამაშები 8-9 ივენთიდან და დახარჯული რამდენიმეათეული ათასი დოლარიდან, მოგება 0 აქვთ. ფილ აივი კი, საერთოდ არ გამოჩენილა წლევანდელ სერიებზე.
წლევანდელი პოკერის სერიების პირველი ათი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. 'კოლოსის' ივენთი, უამრავი საიტის, ჟურნალისა და გადაცემის მთავარ მოვლენად იქცა და, უნდა ითქვას, სრულიად დამსახურებულად! რამდენიმე მოთამაშემ, 'სამაჯურების რბოლაში', პოზიციები გაიუმჯობესა და WSOP-ის სხვა გამარჯვებულები წნეხში მოაქცია. მაგალითად, ტუან ლიმ ზედიზედ მეორედ მოიგო $10.000 2-7 ივენთი; კეიტ ლერმა კი, $10.000 ჰედს-აპ ივენთზე, კარიერაში მეორე სამაჯური მოიპოვა. მაიკლ მიზრაკის ძმამ, რობერტ მიზრაკიმ და მაქს პესკატორიმ, მესამე სამაჯური შეჰმატეს თავიანთ კოლექციებს. წინ კი უამრავი შესაძლებლობა, სურპრიზი, აღმოჩენა და სენსაცია გველოდება.
სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან იმ მოთამაშეთა მაჩვენებლები, რომლებიც სამაჯურებში და ფულში რეკორდებს ამყარებენ. BluffMagazine-ის მიხედვით, ფილ ჰელმუტი იმ ხუთ მოთამაშეში შევიდა, რომლებსაც ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდათ წლევანდელ WSOP-ზე. ამ მომენტისთვის, 9 ივენთიდან მას 0 დოლარი აქვს გამომუშავებული. ჰელმუტმა ოთხჯერ მიაღწია ივენთების 'მეორე დღეს', მაგრამ მისი დაგროვილი ჩიპები ფულად ქცევას ჯერ ვერ ახერხებენ. მისი საუკეთესო შედეგი, ჯერჯერობით, $5000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზეა, სადაც მან 34.500 ჩიპის მოგროვება მოახერხა. ისიც უნდა ითქვას, რომ დარჩენილია 50 ივენთი, რომლითაც სამაჯურის მოგებაა შესაძლებელი, აქედან ბევრია ჰოლდემი. ასე რომ ფილ ჰელმუტისგან, ბევრი თაყვანისმცემელი ელოდება, კარიერაში კიდევ ერთი სამაჯურის ჩაწერას, რომ არაფერი ვთქვათ მაღალ საპრიზო ადგილებზე და ფულის გამომუშავებაზე.
წნეხის ქვეშაა ასევე დენიელ ნეგრანუ, რომელიც რიგით მეშვიდე სამაჯურისთვის იბრძვის. მან, წლევანდელი სერიები შედარებით გვიან დაიწყო და 8 ივენთიდან მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა 'მეორე დღეზე' გასვლა, თუმცა ჰელმუტის მსგავსად უშედეგოდ. წელს, მისი საუკეთესო შედეგი, $10.000 პოტ ლიმიტ ომაჰაში 40.000 ჩიპია. თუმცა ნეგრანუს თაყვანისმცემლებს მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ აქვთ, რამდენადაც კანადელის მიერ წინასწარ დაგეგმილი ძვირადღირებული ტურნირები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
$10.000 დოლარიან რაზ ივენთში, ჯერჯერობით კარგად მიიწევს ერიკ საიდელი, რომლისთვისაც ეს მეოთხე ტურნირია წლევანდელ WSOP-ზე. მიუხედავად პოკერის სერიებისა, საიდელს საიდ გეიმებზე უარი არ უთქვამს - რამდენიმე დღის წინ, მან Rio-ში $25.000-იან ჰაი როლერ ივენთი მოიგო, $354.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.
WSOP-ზე უამრავი სუპერ ვარსკვლავის ნახვა შეიძლება და არამხოლოდ პოკერის სამყაროდან. აქ არიან პროფესიონალი მოთამაშეები, მსახიობები, ცნობილი ჟურნალისტები, ფეხბურთისა და გოლფის ვარსვკლავები... მოკლედ ყველა, მაგრამ არა ფილ აივი! ის ჯერჯერობით მაკაუშია, სადაც ცოტა ხნის წინ, ახალი Poker King Club გაიხსნა, რომლის ცერემონიასაც აივი, ჯონი ჩენი და ტომ დუანი ესწრებოდნენ. როგორც კულუარებში ვრცელდება, აივიმ, WSOP-ის თამაშს, მაკაუში მაღალი ლიმიტების ქეშ გეიმები ამჯობინა, სადაც ის უკანასკნელი სამი კვირაა თამაშობს.