ჯო მაკკიენი - მოთამაშე, რომელსაც WSOP-ის მოგების დიდი შანსი აქვს
უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, WSOP-ის ისტორიაში არავის მოუგროვებია იმაზე მეტი სათამაშო ჩიპი მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე, ვიდრე ამერიკელ ჯო მაკკიენს. ტურნირის საბოლოო სტადიაზე, როცა მონაწილეები, ყველაზე მძიმე სიტუაციაში, ერთი მოთამაშის გამოვარდნას და ფინალურ მაგიდაზე გადასვლას ელოდნენ, მან არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა. მაკკიენმა, სამთვიანი შესვენების გამოცხადებამდე, ფინალურ მაგიდაზე სათამაშოდ, 63.1 მილიონი ჩიპის მოგროვება შეძლო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დენიელ ნეგრანუ, სწორედ მის წინააღმდეგ ნათამაშებ დარიგებაში გამოეთიშა მეინ ივენთს და მე-11 ადგილი დაიკავა.
ტურნირზე, მთლიანობაში, 6.420 მოთამაშე დარეგისტრირდა, რომლებმაც $10.000 დოლარის სანაცვლოდ, 30.000 ჩიპიანი საწყისი სტეკი მიიღეს. მაკკიენი, ამჟამად, ტურნირში დარჩენილი ჩიპების 32.76%-ს ფლობს, რაც ჯეიმი გოლდისა და გრეგ რეიმერის სტეკებზე დიდიც კი არის, როცა ამ უკანასკნელებმა, სწორედ ფინალური მაგიდისთვის მოგროვებული დიდი სტეკის წაყლობით, მეინ ივენთის მოგება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხეს.
უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, იმ მოთამაშეებიდან, რომელთა სტეკი დარჩენილი ჩიპების 30%-ს მაინც შეადგენდა, ყველაზე ცუდი შედეგი მეორე ადგილი იყო. გრეგ რეიმერი, ჯეიმი გოლდი, ჯონათან დუჰამელი - მეინ ივენთის გამარჯვებულები გახდნენ. ერთადერთი მოთამაშე, რომლის სტეკიც 30%-ს ცდებოდა და რომელმაც მეინ ივენთის მოგება ვერ შეძლო - დარვინ მუნია. მან ფინალური ჰედს-აპი ჯო კადასთან წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.
იმ მოთამაშეთა ადგილები, რომელთა სტეკების ზომა 20%-ზე ნაკლებს შეადგენდა, მეცხრედან მესამემდე მერყეობს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩიპ ლიდი, მეინ ივენთის მოსაგებად, საკმარისი არგუმენტი არ არის. მაგრამ ასეთი მოცულობის სტეკი, მოთამაშეს საშუალებას აძლევს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს მოწინააღმდეგეები და სერიოზული ზეწოლა განახორციელოს მათზე. როგორც ჯო მაკკიენი ამბობს, ის სწორედ ამას აპირებს. მისი აზრით, ის საუკეთესო პოკერს თამაშობს და იღბალიც მის მხარეს იხრება - "ასეთი მასშტაბის ტურნირის მოსაგებად, იღბალი აუცილებელი პირობაა. მაგრამ ამასთან ერთად, მე მართლაც კარგად ვთამაშობ. დენიელ ნეგრანუს ტურნირიდან გაგდების გამო, სიმართლე გითხრათ, არ განვიცდი. მესმის, რომ ბევრი გულშემატკივრობდა მას, მაგრამ მე ჩემი საქმე მქონდა გასაკეთებელი. ბევრ ოლ ინ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ სტეკის სიდიდის გამო, აშკარად ოპონენტებზე ნაკლები ნერვიულობა მიწევდა, ეს კი თამაშში დიდი უპირატესობაა."