ფილ აივი, კაზინო 'ბორგატასა' და მას შორის არსებულ დავაზე
ფილ აივისა და 'ბორგატას' შორის დაპირისპირებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. კაზინო, ცნობილ მოთამაშეს, $9.6 მილიონ დოლარიანი აფიორის გამო უჩივის. აივის ე.წ. edge-sortin-ში ადანაშაულებენ. WSOP-ის 10 სამაჯურის მფლობელი კი, საპასუხო საჩივრით შედის სასამართლოში - მისი საჩივრის თანახმად, კაზინომ 2012 წელს გამართული თამაშების დროს გამოყენებული კარტები გაანადგურა, რამაც გამოძიებას ხელი შეუშალა.
ლეგენდარული მოთამაშე ამბობს, რომ კაზინომ მას ყველა მოთხოვნა შეუსრულა, მათ შორის: კაზინომ, ფილ აივის, უფლება მისცა ეთამაშა მისთვის სასურველი ბანქოთი, ეთამაშა მისთვის გამოყოფილ პერსონალურ დარბაზში, ეთამაშა დილერის წინააღმდეგ, რომელიც მანჯურიულ (ჩინური დიალექტი) ენაზე ლაპარაკობდა და მაგიდაზე ყოფილიყო ქალი, რომელიც შემდგომში აივისთან 'თანამონაწილეობაში' დაადანაშაულეს.
26 მარტს, გასაჯაროვდა ფილ აივისა და რამდენიმე იურისტს შორის გამართული კითხვა-პასუხის ჩანაწერი, სადაც მოთამაშე უამრავ თემას შეეხო, მათ შორის მის სტრატეგიას და კაზინოს მხრიდან ალკოჰოლისა და 'ქალაქში ყველაზე მიმზიდველი მიმტანების' ტაქტიკურად გამოყენების საკითხს. ჩვენ სწორედ ამ ჩანაწერის რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ:
გამოდის, რომ თქვენ კაზინოში 4 ვიზიტი გქონდათ და თითოეული ვიზიტის დროს რამდენიმე საათი ითამაშეთ, არა?
აივი: დიახ, მე რამდენიმე საათი ვითამაშე. მათ არ შეუზღუდავთ ჩემი სათამაშო დრო, არ უკითხავთ რას ვაკეთებდი, არ უკითხავთ ჩემი სტრატეგიის შესახებ და არც ის, თუ რატომ იყო კელი ჩემთან ერთად.
რაც შეეხება სტრატეგიას, როგორც პროფესიონალი მოთამაშე, რას უპასუხებდით რომელიმე კაზინოს თანამშრომელს, დაცვის წევრს, ან დილერს, თუ ის გკითხავდათ თქვენი სტრატეგიის შესახებ?
აივი: არაფერს. მხოლოდ დავცინებდი მათ...
ეს სასაცილო იქნებოდა?
აივი: შენ არასდროს არ აჩვენებ საკუთარ კარტებს, არასდროს ეუბნები როგორ ხარ, რას აკეთებ, რა სტრატეგია გაქვს დღეს და ა.შ.
თქვენ უფასო სასმელი ახსენეთ. 'ბორგატსგან' მიიღეთ ეს შემოთავაზება?
აივი: დიახ
რაიმე ლიმიტი გქონდათ დაწესებული ალკოჰოლურ სასმელზე?
აივი: არა, არანაირი ლიმიტი. ნებისმიერი რაოდენობის და ნებისმიერი სასმელის მოთხოვნა შემეძლო.
რაიმე ლიმიტი თუ დაგიწესეს სიმთვრალეზე? ნებისმიერ კონდიციაში შეგეძლოთ 50.000 დოლარიანი ბეთების კეთება?
აივი: შეზღუდვა არც ამაზე ყოფილა.
ვინ გემსახურებოდათ ამ დროს? თქვენ ლამაზი მიმტანები ახსენეთ.
აივი: დიახ, მათ ქალაქში ყველაზე ლამაზი გოგოები ჰყავთ.
და საკმაოდ გამომწვევად აცვიათ, არა?
აივი: დიახ, მათ იციან რას აკეთებენ. კაზინოს მთავარი მიზანია ყველაფრით მოგხიბლოს და რაც შეიძლება დიდხანს გაგაჩეროს შენობაში.
თქვენ აღნიშნეთ, რომ 'ბორგატას' შეეძლო გარკვეული ღონისძიებების გატარება, რაც ამ სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუშლიდა. ერთ-ერთი მათგანი CSM-ის კარტის მანქანა არის, არა?
აივი: დიახ. ეს არის მანქანა, რომელიც კარტებს შეუჩერებლად არიგებს. ზუსტად არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს მოწყობილობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა. ადამიანს არ შეუძლია მისი დამარცხება. ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც კაზინოს თავდაცვის მიზნით შეეძლო იყო ის, რომ დილერს ერთი და იგივე ბანქო არ გამოეყენებინა. ეს ყველაფერს გაართულებდა.
'ბორგატაში' თამაშისას ალკოჰოლს ღებულობდით?
აივი: გულისხმობთ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი თუ არა? ვერ გეტყვით, შეიძლება ვიყავი კიდეც. შეიძლება კლუბიდან პირდაპირ კაზინოში მივსულიყავი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი იყო, რომ კელი ყოფილიყო ფხიზელი. უფასო ალკოჰოლი ამ ბიზნესის ნაწილია. კაზინო ყველაფრით ცდილობს მოგხიბლოს, მოგადუნოს, ყურადღება გაგიფანტოს. უფასო ალკოჰოლი და ლამაზი მიმტანები, სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყო და ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მათ გამომწვევად აცვიათ, მუდამ გიღიმიან, ფლირტის გაბმას ცდილობენ და ა.შ. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მათგანის ნომერიც კი მაქვს. ეს ყველაფერი ამ საქმიანობაში ჩვეულებრივი ამბავია.