ლეგენდარულმა ბარნი ბოუტმენმა WSOP-ის მეორე სამაჯური მოიგო
17 ოქტომბერს, ბრიტანელმა ვეტერანმა გემბლერმა, ბარნი ბოუტმენმა, კარიერაში მეორე ოქროს სამაჯური მოიპოვა. 2015 წლის WSOPE-ის €550 ევროიანი პოტ ლიმიტ ომაჰას პირველი ადგილისთვის, ბოუტმენს €54.725 ევრო შეხვდა. "ნებისმიერ იღბლიანს შეუძლია მოიგოს WSOP-ის ერთი სამაჯური, - ხუმრობით თქვა ბრიტანელმა, - მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ იღბლიანმა მეორეს მოგებაც შეძლო."
2002 წლიდან მოყოლებული, ბრიტანელი მოთამაშე, WSOP-ის რეგულარად ითვლება და მისთვის საპრიზო ადგილზე გასვლა და პოკერის მსოფლიო სერიებისგან მიღებული შემოსავალი უცხო არასდროს ყოფილა. მაგრამ 2012 წელს, როგორც იქნა, 10 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და $1.500 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის მოგებისთვის, ბოუტმენმა პირველი ოქროს სამაჯური მიიღო.
"2012 წლის გამარჯვებასთან შედარებით, წლევანდელი მოგება სრულიად განსხვავებულ ემოციებს იწვევს. ამჯერად, გაცილებით ხალხმრავალ, ხანგრძლივ და დამღლელ ტურნირზე მომიწია საუკეთესო შედეგის ჩვენება. ივენთზე უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი, მათ შორის ბრიტანეთის საუკეთესო მოთამაშეებიც იყვნენ და მათთნ დაპირისპირება, სტაჟიანი მოთამაშისთვისაც კი, დიდი გამოცდილებაა. უამრავ ტურნირზე მქონია დიდი სტეკი, მაგრამ უიღბლობის გამო ის შედეგი არ მიჩვენებია, რასაც ვიმსახურებდი. მაგრამ ბოლოს როგორღაც გამიმართლა და ვეგასში WSOP-ის ივენთი მოვიგე. ამის შემდეგ ჩემი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. ხაზს ვუსვამ - მიდგომა და არა თამაში. გაცილებით მოტივირებული გავხდი და კიდევ ერთი სამაჯურის მოგების სურვილი სულ უფრო და უფრო გამიძლიერდა."
გარდა ამ წარმატებისა წლევანდელ ევროპულ WSOP-ზე, ბოუტმენმა კიდევ ერთ, €3.250 ევროიან პოტ ლიმიტ ომაჰას ივენთზე მიაღწია ტოპ ადგილებს, მაგრამ ისევ ჩვეული უიღბლობის გამო, ზუსტად ფინალური მაგიდის დაწყებამდე დათმო სტეკი. "სულ რაღაც 11 მოთამაშე იყო დარჩენილი, როცა ტურნირის ჩიპ ლიდერი ვიყავი, - იხსენებს ბრიტანელი, - ასეთ ხელებს არასდროს ვთამაშობ და ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ფინალურ მაგიდაზე თამაშის საუკეთესო შანსი მქონდა და ვერც კი გავიაზრე, ისე გავანიავე ჩემი სტეკი. ბოლო ტურნირზე კი, იმდენად მოტივირებული ვიყავი, ფინალურ მაგიდაზე მოხვედრას ვერაფერი გადაეღობებოდა წინ!"
გამარჯვების ჟინით შეპყრობილი მოთამაშის შეჩერება შეუძლებელია, მითუმეტეს თუ მან უკვე ორჯერ გამოსცადა ასეთი გამარჯვება. რა თქმა უნდა ვეტერანი გემბლერი WSOPE-ის მეინ ივენთის თამაშსაც გეგმავს, რომელზეც, გასულ წლებში ბევრჯერ უთამაშია და ფულში საკმაოდ ღრმადაც შესულა. "ბედ ბითების გამო, ვერასდროს მოვახერხე მეინ ივენთის ფინალურ ადგილებზე გასვლა. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ წლევანდელი მეინ ივენთი რომ არ ვითამაშო!"