WSOP მეინ ივენთის მეორე დღე - დარჩენილია 3 მოთამაშე
WSOP მეინ ივენთის ფინალური მაგიდის დაძაბული პირველი დღის შემდეგ, 'ნოემბრის ცხრიანიდან' დარჩენილი ექვსეული კვლავ შეიკრიბა კაზინო Rio-ს Penn&Teller-ის დარბაზში, მოწინავე ადგილების გამოსარკვევად. გარანტირებული $1.426.283 დოლარის მიუხედავად, დაძაბულობა და სტრესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
ისტორია კვლავ განმეორდა - პირველი დღის მსგავსად, მეორე დღის ზუსტად მეორე დარიგებაზე (37-ე ლეველი, ბლაინდები: 300.000/600.000 ანტე:75.000) ტომას კანულიმ 1.4 მილონამდე გაზარდა, რასაც მაქს შტაინბერგის ოლინი და ორიგინალი რეიზერის ქოლი მოჰყვა. შტაინბერგი: TT, კანული: AA. ტომას კანულის ადგილას ყოფნაზე ნებისმიერი მოთამაშე იოცნებებდა. JT6 ფლოპის შემდეგ კი, კანული და მისი გულშემატკივრები, განადგურებულები დარჩნენ. მეგობრებითა და ოჯახის წევრებით გარშემორტყმული მოთამაშე უშედეგოდ ელოდებოდა სიტუაციის გამოსწორებას. თერნზე და რივერზე დადებულმა Q-მა და 8-მა არანაირი ცვლილება არ მოიტანეს. დიდი იმედგაცრუებისა და სტრესის მიუხედავად, ტომას კანულიმ, თამაშის დამთავრებისთანავე მიცემულ ინტერვიუში თქვა: "ეს მეინ ივენთი, ჩემ ცხოვრებაში, საუკეთესო თავგადასავალი იყო. როცა AA დამირიგდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ნებისმიერმა მოთამაშემ პატივი უნდა სცეს თამაშის ამ ნაწილს. იღბალზე წუწუნი დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია."
ტომას კანულის გავარდნის შემდეგ, მთელი წნეხი ჯოშ ბეკლიზე გადავიდა. მაგრამ 98-ე დარიგებაზე, ამერიკელს, საჭირო დროს საჭირო კარტი აღმოაჩნდა: ოფერ ზვი შტერნის ოლ ინს, ბეკლიმ AA-ით მომენტალურად უპასუხა და 75232 ფლოპზე, ებრაელის T9-ს ადვილად მოუგო. ამჟამად, სწორედ შტერნი აღმოჩნდა შორტ სტეკის ამპლუაში და 121-ე დარიგებაზე, ნილ ბლუმენფილდის AK-ით გაკეთებულ ოლ ინს, AJ-ით უპასუხა. 753KQ ბორდმა ოფერ ზვი შტერნი ჩიპების გარეშე დატოვა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 პოზიცია მიუჩინა.
თამაშის დასასრულებლად და შესვენების გამოსაცხადებლად, კიდევ ერთი მოთამაშის გავარდნა იყო საჭირო, მაგრამ დარჩენილი 4 მონაწილე ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი მსხვერპლი არ გაეღო. 143-ე დარიგებაზე, მაგიდის ჩიპ ლიდერმა, ჯო მაკკიენმა 2 მილიონამდე გაზარდა, რაზეც მაქს შტაინბერგმა 16.5 მილიონიანი ოლ ინით უპასუხა. მაკკიენი: AQ, შტაინბერგი: AJ. იღბალმა ამ შემთხვევაში ხუმრობისგან თავი შეიკავა და 97583 ბორდით, მაქს შტაინბერგი ტურნირიდან გამოთიშა.
ფინალური სამეული, ლას ვეგასის დროით, საღამოს 6 საათზე კვლავ შეიკრიბება 2015 წლის WSOP-ის მსოფლიო ჩემპიონის გამოსარკვევად, რომელიც არამხოლოდ $7.683 მილიონ დოლარს მიიღებს, არამედ სამუდამოდ ჩაწერს თავის სახელს პოკერის ისტორიაში.