პოკერს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ყავს - ჯო მაკკიენი
2015 წლის World Series Of Poker, რომელიც ისტორიაში უამრავი სენსაციით, ახალი სახეების აღმოჩენითა და მსოფლიო რეკორდებით შევა, ოფიციალურად დასრულდა. პოკერის სერიები, მსოფლიო ჩემპიონატად აღიარებული, მეინ ივენთით დაგვირგვინდა, რომელმაც 8 ნოემბერს აიღო სტარტი.
2015 წლამდე, როგორც წესი, პოკერის სამყარო და მისი ვარსკვლავები უამრავ ვარაუდს გამოთქვამდნენ, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მეინ ივენთის ოქროს სამაჯურის მფლობელი, ვინ შეიძლებოდა შესულიყო პოკერის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონის სახელით? წელს კი საქმე სხვაგვარად იყო: თუ აქამდე ვარაუდები მოგებაზე გამოითქმებოდა, ამჯერად იმის გამოცნობა დაიწყეს, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მსოფლიო ჩემპიონი ჯო მაკკიენის ნაცვლად სხვა გამხდარიყო?
24 წლის ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშე, პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთ უდაოდ დამსახურებულ მსოფლიო ჩემპიონად ჩაიწერება! მან ფინალური მაგიდა, ჩიპების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი, ოფერ ზვი შტერნის სტეკზე, ორმაგი ჩიპლიდით დაიწყო, არაფერს ვამბობთ სხვა მოთამაშეებზე. როცა მაგიდასთან 6 მოთამაშე დარჩა, მეორე ადგილზე მყოფს, მაკკიენის სტეკი 2.81-ჯერ აღემატებოდა, 3 მოთამაშის შემთხვევაში 3.21-ჯერ. ვინც მის წინააღმდეგ თამაში გადაწყვიტა, ან ანდერდოგი აღმოჩნდა, ან მაკკიენის სწორმა გადაწყვეტილებამ უკან ჩამოიტოვა. მასზე დომინირება ვერავინ შეძლო. კითხვაზე, ხომ არ უნერვიულია მისი სტეკის შესახებ, მაკკიენმა უპასუხა, რომ ეს ბოლოს მეინ ივენთის დაწყებიდან მე-6 დღეს მოხდა და მას შემდეგ ის კომფორტულად გრძნობდა თავს.
ფინალური მაგიდის პირველ დღეს, მან, მაგიდიდან 3 მოთამაშე გამოთიშა, რითიც 63 მილიონიანი სტეკი, 91.35 მილიონამდე გაზარდა. მეორე დღეს, მაკკიენმა, მაგიდიდან მხოლოდ მაქს შტაინბერგის გაგდება მოახერხა. გადამწყვეტი მესამე დღე, ამერიკელმა, 128.825 მილიონიანი სტეკით დაიწყო. აშკარა იყო, რომ ის ტურნირის მოგებას აპირებდა. ჯოშ ბეკლისა და ნილ ბლუმენფილდს ისღა დარჩენოდათ, მეორე ადგილისთვის ებრძოლათ.
ერთ-ერთი რთული სიტუაცია, რომელშიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონი აღმოჩნდა, ჩიპების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი ნილ ბლუმენფილდის წინააღმდეგ ნათამაშები დარიგება იყო, სადაც 61 წლის ვეტერანმა გემბლერმა, სტეკის უმეტესი ნაწილის გამოყენებით ბლეფი გადაწყვიტა. მაკკიენმა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ტოპ წყვილით ქოლი გააკეთა და მოწინააღმდეგე სამეულის ბოლოში გადაისროლა. ამ დარიგების შემდეგ, ბლუმენფილდმა რამდენიმე პატარა დარიგება მოიგო, მაგრამ პოზიციების შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. 22-ის წყვილით, ის, მომავალი ჩემპიონის QQ-ს დაუპირისპირდა და საბოლოოდ მესამე ადგილს და $3.398 მილიონ დოლარს დასჯერდა.
ჰედს-აპი ფინალური მაგიდის დინამიკით გაგრძელდა - მთავარი გმირი კვლავ მაკკიენი იყო, რომელმაც გადამწყვეტი ორთაბრძოლა, ჯოშ ბეკლის 37 მილიონიანი სტეკის წინააღმდეგ, 155.65 მილიონიანი სტეკით დაიწყო. პირველი სამი დარიგება, რა თქმა უნდა, მაკკიენის იყო, ერთი ბეკლის. ამის შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო - 24 წლის მოთამაშის დომინანტობით. ფინალური ჰედს-აპის მე-13 დარიგებაზე, ჯოშ ბეკლიმ 44-ით, 19 მილიონიანი სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ კი, მაკკიენმა AT-ით მიიღო მოწინააღმდეგის ოლ ინი და ბეკლის სატურნირო თამაში 50%-იანი იმედით დატოვა.
QT5 ფლოპზე, მაკკიენი წინ, ხოლო ბეკლი - 2აუტერის ამარა აღმოჩნდა. 5 თერნი და J რივერი კი იმის ნიშანი იყო, რომ პენსილვანიელი 24 წლის ჯოზეფ მაკკიენი, $7.683.346 დოლარისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
2015 წლის WSOP მეინ ივენთის ფინალური მაგიდის შედეგები
1. ჯო მაკკიენი - აშშ - $7.683.346
2. ჯოშ ბეკლი - აშშ - $4.470.896
3. ნილ ბლუმენფილდი - აშშ - $3.398.298
4. მაქს შტაინბერგი - აშშ - $2.615.361
5. ოფერ ზვი შტერნი - ისრაელი - $1.911.423
6. ტომას კანული - აშშ - $1.426.283
7. პიერ ნუვილი - ბელგია - $1.203.293
8. ფედერიკო ბუტერონი - იტალია - $1.097.056
9. პატრიკ ჩენი - აშშ - $1.001.020