PokerStars-ის ბოიკოტს 888poker პრომო აქციებით პასუხობს
ამ მომენტისთვის, 'პოკერსტარსის' წინააღმდეგ წამოწყებულ ბოიკოტს, უკვე 2.600 მოთამაშე შეუერთდა. როგორც 'ჯეოპოკერის' მკითხველისთვისაა ცნობილი, ათასობით ონლაინ რეგულარი, მათ შორის ამერიკული და კანადური პოკერის ცნობილი სახეები, 'პოკერსტარსის' VIP სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. პოკერ-რუმის ბოიკოტირების იდეა რუს ონლაინ გრაინდერებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშის მობილიზება შეძლეს.
'პოკერსტარსზე', შეიძლება ითქვას, რომ მიკრო ლიმიტებზე საპროტესტო ტალღა ფაქტიურად არ შეინიშნებოდა. მაგრამ რაც შეეხება მაღალ ლიმიტებს, აქ სიტუაცია საგრძნობლად განსხვავდება. დასწრების დაბალი მაჩვენებელია ასევე ძვირადღირებულ ონლაინ ტურნირებზეც.
3 დღიანი საპროტესტო აქცია არც მსოფლიოს რიგით მეორე უდიდეს საიტს - '888პოკერს' გამოპარვია და ბოიკოტირებულ მოთამაშეებს თავიანთი სოლიდარობა გამოუცხადეს. როგორც Two+Two-ს ფორუმზე გახდა ცნობილი, ბოიკოტის პერიოდში, პოტ-ლიმიტ ომაჰას $1/$2 და უფრო მაღალ ლიმიტებზე, '888პოკერმა' მოთამაშეებს რეიკი გაუნახევრა და 5%-ის ნაცვლად 2.5% შესთავაზა. ქეშ გეიმების გაიაფების გარდა, პოკერ-რუმმა ორი ყოველდღიური ტურნირი დაამატა, რომელიც $5.000 დოლარიანი გარანტირებულ საპრიზო ფონდისთვის, $55 და $30 დოლარიან ბაი-ინებს აწესებს.
ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება, რაც '888პოკერმა' მოთამაშეების მხარდასაჭერად განახორციელა, გარანტირებული ტურნირების პრაიზ პულის არნახული ზრდაა, რომელმაც $108.000 დოლარი შეადგინა. მაგალითად: ყოველკვირეული $600 დოლარიანი Tuesday Volcano-სთვის დაწესებული $85.000-იანი გარანტირებული საპრიზო ფონდი $100.000-მდე გაიზარდა. კანადელმა elmatador333-მა, აღნიშნული ტურნირის მოგებისთვის, აქამდე უპრეცედენტო $21.500 დოლარი მიიღო.