ენდი ბლოჰის $9 მილიონად შეფასებული სასახლე
თუ პოკერის მოყვარული ხარ, ენდი ბლოჰის შესახებ აუცილებლად გექნება გაგონილი. WSOP-ის სამაჯურის მფლობელი, მხოლოდ ლაივ ტურნირებში, $5.3 მილიონ დოლარიან მოგებას ითვლის. ის, ბლექჯექის მოთამაშეთა იმ გუნდის წევრია, რომლის ისტორიაც ფილმ "21"-ში იყო აღწერილი. როგორც ონლაინ გამოცემა PokerTube იტყობინება, ლეგენდარულმა გემბლერმა, ლას ვეგასში მდებარე სახლის გაყიდვა, $8.999.000 დოლარად გადაწყვიტა.
სამსართულიანი სახლი, რომელიც 6 საძინებელ ოთახსა და 10 სააბაზანოს ითვლის, 4 წლის წინ, სპეციალურად ენდი ბლოჰის შეკვეთით აშენდა. 1000 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართის მქონე სასახლე, რომელსაც ბლოჰი უბრალოდ სახლად მოიხსენიებს, ნათლად აჩვენებს, თუ რას ნიშნავს წარმატება და ნებისმიერი დამწყები თუ პროფესიონალი გემბლერისთვის, უდიდეს მოტივაციად შეიძლება ჩავთვალოთ. 'სახლი', რომლის ეზოდანაც ლას ვეგასის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, მრავალფეროვანი ნათებითა და ჭეშმარიტად აზარტული სულისკვეთებით, ვეგასის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა.
ენდი ბლოჰის საუკეთესო მიღწევა, ფულადი ანაზღაურების მხრივ, 2006 წელს გამართული WSOP-ის $50.000 დოლარიანი H.O.R.S.E. ივენთია, რომლის მეორე ადგილისთვისაც, მან, $1.029.600 დოლარი მიიღო. მაშინდელი ტურნირი ლეგენდარულმა ჩიპ რიზმა მოიგო, რისთვისაც ჰედს-აპის 286 დარიგება გახდა საჭირო. რიზმა, პირველი ადგილისთვის, $1.784.640 დოლარი მიიღო. უცნაურია, მაგრამ მისი თავბრუსდამხვევი კარიერისთვის უდიდესი ერთჯერადი ანაზღაურება იყო. სამწუხაროდ, 2007 წელს ჩიპ რიზი გარდაიცვალა და ამ ივენთზე მოგებული ოქროს სამაჯური, მისთვის მესამე და უკანასკნელი აღმოჩნდა.
ერთადერთი ოქროს სამაჯური, ენდი ბლოჰმა, 2012 წელს, WSOP-ის $1.500 დოლარიან სევენ-ქარდ სტადში მოიგო, $126.363 დოლარით პირველი ადგილისთვის. ერთი წლით ადრე, მას უკვე ჰქონდა მოგებული მელბურნში გამართული Aussie Millions ($103.847).
ენდი ბლოჰის ბლექჯექის კარიერა მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იწყება - ის შეუერთდა ე.წ. 'კარტის დამთვლელთა' ჯგუფს, რომელთა საქმიანობა, მოგვიანებით, წიგნში Bringing Down The House იქნა აღწერილი. ჯგუფის სქემა შემდეგნაირი იყო: ჯგუფის რამდენიმე წევრი ჯდებოდა ბლექჯექის მაგიდასთან და თამაშობდა მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, საკმაოდ დაბალი ფსონებით. მათი მიზანი დასტაში არსებული კარტის დათვლა იყო. ამის შემდეგ, მაგიდასთან ე.წ. ჰაიროლერი ჯდებოდა, რომელსაც მაგიდასთან მყოფი წევრები ფარულად, სპეციალური ტერმინოლოგიის დახმარებით, ბანქოს დასტაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ისინი თამაშს კვლავაც დაბალი ფსონებით აგრძელებდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ. ჰარიოლერი კი მთელ თავის ოსტატობას იყენებდა, რათა გუნდის წევრების მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, რაც შეიძლება დიდი თანხა მოეგო. მოგვიანებით, წიგნის მიხედვით, Columbia Pictures-მა ფილმი გადაიღო - "21", რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებდა. ფილმმა, $35 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით, $158 მილიონის მოგება აჩვენა.