პრაღა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რეგულაციებს ამკაცრებს
ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, სანამ პრაღას WPT, EPT და საერთაშორისო პოკერის სხვა ფესტივალები ესტუმრებოდა, ათასობით ევროპელ ტურისტთან ერთად, პრაღის საქალაქო საბჭომ საკმაოდ მკაცრი და დროისთვის 'შეუსაბამო' გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქალაქის მასშტაბით კაზინოებისა და სათამაშო დაწესებულებების რიცხვი შესამჩნევად უნდა შემცირებულიყო.
გადაწყვეტილება, საბჭომ, ერთთვიანი დრამატული და დაძაბული მსჯელობის შემდეგ მიიღო. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან, 212 სათამაშო ოპერატორს, ფუნქციონირებისთვის საჭირო ლიცენზია შეუჩერდება. შედეგად, ქალაქს, 101 აზარტული დაწესებულება დარჩება. პარალელურად იგეგმება 'ნულოვანი ტოლერანტობის ზონების' შექმნა, რომელიც ქალაქის გარკვეულ უბნებს შეეხებათ. ამ ადგილებში არათუ აიკრძალება აზარტული საქმიანობა, სამომავლოდაც კი შეუძლებელი იქნება სათამაშო ბიზნესის რეგისტრირება.
მიუხედავად რეგულაციების გამკაცრებისა, აკრძალვები არ შეეხებათ დიდ კაზინოებს, რომლებიც სასტუმროს ფუნქციებსაც ითავსებენ. არ გაუმართლათ პატარა აზარტულ დაწესებულებებს, სადაც უმეტესწილად ე.წ. სლოტები და სხვადასხვა სათამაშო აპარატებია განთავსებული. ასეთები კი, ჩეხეთის დედაქალაქში, ასეულობით მოიძებნება. პრაღის მერის, ანდრეა კრანჩოვას განცხადებით, მსგავსი დაწესებულებები ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი და პათოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს.
როგორც CT24 იუწყება, €35 მილიონიანი შემოსავლიდან, რომელიც აზარტული ბიზნესიდან ბიუჯეტში გადაედინება, €30 მილიონი სწორედ სლოტებზე და სათამაშო აპარატებზე მოდის. 2015 წლის დასაწყისში, გამოკითხული მოსახლეობის აზრი, სათამაშო ბიზნესის აკრძალვასთან დაკავშირებით 50/50-ზე გაიყო, რამაც პრაღის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთული გახადა. დედაქალაქის მესვეურები, საქმეს, თითქმის ერთი თვის განმავლობაში განიხილავდნენ. რა თქმა უნდა, აკრძალვები არ შეეხოთ დიდ კაზინოებს, როგორებიც Hilton და Corinthian არიან. სწორედ ამ კაზინოებში გაიმართა EPT-ისა და WPT-ის მსოფლიო პოკერის ტურები. მიუხედავად ამისა, აზარტული საქმიანობის მომავალი, ქვეყნის მასშტაბით, კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველია.