ფილ ჰელმუტი დონალდ ტრამპს ლუზ-აგრესიულ მოთამაშეს ადარებს
2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩვნები სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც ტელევიზიების, ჟურნალებისა და გაზეთების მთავარი სათაურები ეთმობა, დონალდ ტრამპია. მისი სპონტანური და გულახდილი ფრაზები უამრავ მითქმა-მოთქმასა და აჟიოტაჟს იწვევს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ტრამპმა მექსიკელების მისამართით გამოთქვა, ასე ჟღერს: "მათ მოაქვთ ნარკოტიკები, იწვევენ კრიმინალის ზრდას, მათ გამო ხდება გაუპატიურებები... თუმცა, ვვარაუდობ, ზოგიერთი მათგანი კარგი პიროვნება შეიძლება იყოს." თქვენ ასეულობით მსგავსი გამონათქვამის მოძებნა შეგიძლიათ, რომელიც უმცირესობებისადმი ტოლერანტულად განწყობილი საზოგადოების მეთაურისთვის კატეგორიულად შეუფერებელი და კომიკურიც კია.
მოგწონთ თუ არა ტრამპი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მას რომ გულშემატკივრებისა და მხარდამჭერების არმია ჰყავს - ფაქტია. რესპუბლიკელები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ტრამპის სუსტი მხარე, ან მისი დამარცხების საშუალება მოძებნონ. გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ონლაინ გამოცემამ TheStreet ისეთი ადამიანები გამოკითხა, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან. მათ შორის იყო WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი ფილ ჰელმუტი. "ტრამპი ტიპიური ლუზ-აგრესიული მოთამაშეა" - თქვა ჰელმუტმა. უნდა ითქვას, რომ ასეთი შეფასება საკმაოდ ახლოსაა ტრამპის იმიჯთან. ლუზ-აგრესივი თამაშობს ნებისმიერ ორ კარტს, გამუდმებით უტევს მოწინააღმდეგეს და უხეში მანევრებით ცდილობს ოპონენტების დამარცხებას. შესაბამისად, ტრამპიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევა მიიღოს, გამოიყენოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც რაიმე უპირატესობას მოუტანს, არასდროს იხდის ბოდიშს, ცდილობს მუდამ სიტუაციების ცენტრში იყოს.
"როდესაც ლუზ-აგრესივს ეთამაშებით, იფიქრეთ ჰარპუნზე (ბარჯი - ზღვის ბინადრებზე სანადირო მოწყობილობა,დიდი ისრით). საკმარისია ერთხელ სწორად ამოიღოთ მიზანში და მსხვერპლი უკვე თქვენია. ლუზ-აგრესივის წინააღმდეგ, საკმარისია ერთი დიდი ბანკი ითამაშოთ, სადაც სრული უპირატესობა გექნებათ და მისი თამაში დასრულებულია. რეალურად, დონალდ ტრამპი სამიზნეა, დიდი სამიზნე" - თქვა TheStreet-თან საუბრისას ფილ ჰელმუტმა. როგორ უნდა დაამარცხონ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მსგავსი უხეში და აგრესიული მეტოქე? ჰელმუტი ამისთვის მოთმინებას, დისციპლინასა და უფრო დიდი აგრესიის ჩვენებას გვთავაზობს.
ფილ ჰელმუტი რესპუბლიკური პარტიის დებატებს იხსენებს, სადაც მარკო რუბიო დონალდ ტრამპს მისივე გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუპირისპირდა. რუბიომ ტრამპს შეახსენა, თუ როგორ დააჯარიმეს 35 წლის წინ ცნობილი ბიზნესმენი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი, არალეგალი პოლონელი მუშების დაქირავების გამო. ტრამპის დეკლარირებული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი კი არალეგალებთან ბრძოლაა. "რუბიომ სწორი სვლა გააკეთა, - ამბობს ჰელმუტი, - როგორც იქნა, მან წინასაპრეზიდენტო თამაში შემდეგ დონეზე გადაიყვანა. ზიხარ და ელოდები საჭირო მომენტს, ამასობაში კი შენი სტეკი სულ უფრო მცირდება. ბოლოს ხვდები, რომ მეტი მოთმენა აღარ შეიძლება და შეტევას იწყებ. მარკო რუბიომაც სწორედ ეს ქნა - ხანგრძლივი მოთმინების შემდეგ, სწორი მომენტი და ადგილი შეარჩია და ისე შეუტია, რომ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა."