WSOP Circuit Tbilisi 2016
3 მარტს სტარტი აიღო თბილისურმა WSOP Circuit-მა, რაც ქართული პოკერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. პოკერის ქართული სერიები ჯერ კიდევ ნოემბერში, WSOP-ისა და adjarabet.com-ის თანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა. WSOP Circuit Tbilisi 19 ივენთს მოიცავს, საიდანაც ჯერჯერობით 6 ოქროს ბეჭედი გათამაშდა. პოკერის სერიებს უამრავი მოთამაშე ესწრება- უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, საქართველოს წარმოადგენს. აქ შეხვდებით ასევე მოთამაშეებს ამიერკავკასიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან. მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი GPI-ის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულის ლიდერი, სტივ ო'დუაიერია, რომელმაც, სამწუხაროდ, ფულში შესვლა მხოლოდ PL ომაჰას ივენთზე მოახერხა - $1.029 დოლარით მეექვსე ადგილისთვის.
პოკერის ფესტივალი 3 მარტს, $110 დოლარიანი WSOP Warm-UP-ით გაიხსნა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $30.000 დოლარს შეადგენდა. პოკერის დიდი ფესტივალისთვის, ასეთი ზომის ბაი-ინი, შეიძლება ორგანიზატორების საჩუქრად ჩაითვალოს. როგორც ტურნირების დაწყებამდე WSOP-ის მენეჯმენტი აცხადებდა, პირველი ღონისძიება დამწყებ მოთამაშეებს დიდ ტურნირზე მონაწილეობისა და პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევდა. მართლაც, ტურნირზე 732 მოთამაშე დარეგისტრირდა, რის შედეგადაც გარანტირებული საპრიზო ფონდი გაორმაგდა. ტურნირის გამარჯვებული თურქი მოთამაშე, ოზგულ უსალი გახდა, $12.400 დოლარით პირველი ადგილისთვის.
კიდევ ერთი ხელმისაწვდომი ტურნირი, რომელიც იაფი ტურნირების მოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცა WSOP R&A იყო, რომლის ბაი-ინი $45 დოლარს შეადგენდა, $10.000 დოლარიანი გარანტირებული საპრიზო ფონდით. ივენთი ნუკრი მეტრეველის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $3.500 დოლარი მიიღო.
4 მარტს WSOP Circuit-ის ფარგლებში სტარტი აიღო Adjarabet Championship-მა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $100.000 დოლარს, ხოლო ბაი-ინი $330 დოლარს შეადგენდა. ტურნირზე 332 მოთამაშე დარეგისტრირდა, რამაც პრაიზპული $218.700 დოლარამდე გაზარდა. ტურნირი ამ მომენტშიც მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც აღნიშვნის ღირსად შეიძლება ჩაითვალოს, WSOP Hyper Turbo Madness-ია, რომელიც სპორტის სასახლეში შეკრებილი მოთამაშეების დიდი რაოდენობის გამო გაუქმდა. მართალია, ინციდენტი საკმაოდ კურიოზულია, მაგრამ აშკარაა თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს საქართველოში პოკერი.
რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება WSOP Circuit-ს ეთმობა, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მთავარი ღონისძიების გარანტირებული საპრიზო ფონდი $300.000 დოლარს, ხოლო ბაი-ინი $1.100 დოლარს შეადგენს. ღონისძიება, 2008 წლის WSOP მეინ ივენთის გამარჯვებულმა, პიტერ ისტგეითმა გახსნა. შეგახსენებთ, რომ WSOP Circuit-ზე დარეგისტრირება მე-11 ლეველამდეა შესაძლებელი. მეინ ივენთი 9 მარტს დასრულდება. პერიოდულად, ჩვენ, მიმდინარე ღონისძიებების აფდეითებს შემოგთავაზებთ.