რუსეთი ონლაინ გემბლერების დაჯარიმებას გეგმავს
რუსეთის ტერიტორიაზე აზარტული ონლაინ თამაშები, ჯერჯერობით, არალეგალურია. ნებისმიერ ონლაინ ოპერატორი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ინტერნეტით სათამაშო მომსახურებას სთავაზობს, ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. როგორც მსოფლიო პრაქტიკაშია მიღებული, სახელმწიფოს მხრიდან ჯარიმებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელის რისკს თავად ის კაზინო იღებს, რომელიც დაურეგულირებელ ბაზარზე ლიცენზიის გარეშე მოქმედებს. რუსეთში ამ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ.
ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში, ჯარიმებისა და სასჯელის დაკისრების საშიშროების წინაშე, შესაძლოა თავად მოქალაქეები გახდნენ. თათრეთის ოლქში, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, სადაც 3.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სწორედ მსგავსი შინაარსის კანონის მიღებას ცდილობენ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კაზინოსა ან თამაშების მომწოდებელი ოპერატორის გარდა, თავად მოთამაშეც დაჯარიმდება. როგორც RT News-ის ინფორმაციით გახდა ცნობილი, მოთამაშეებისთვის დადგენილი ჯარიმა 20.000 რუბლი, დაახლოებით $300 დოლარი იქნება. განახევრებული ჯარიმები დაეკისრებათ არასრულწლოვნებს, რომლებიც აზარტული ოპერატორების მომსახურებით ისარგებლებენ. კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ არასრულწლოვანი მომხმარებლების მშობლებსა და ოჯახის წევრებს.
ზოგიერთი პოლიტიკური ავტორიტეტი თვლის, რომ კანონპროექტი შეიძლება გადაჭარბებულად მკაცრი იყოს. მათ რიგებში არის ახალგაზრდული ორგანიზაციის, Media Guard-ის ლიდერი კირილ გრინჩენკო, რომელიც კრემლის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრება. "ჩვენ აქტიურად ვებრძვით ონლაინ კაზინოებს, - ამბობს გრინჩენკო, - მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება მომხმარებლებისთვის ასეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვაა." აზარტული თამაშების სამეთვალყურეო სამსახურს საშუალება აქვს ნებისმიერ ონლაინ ოპერატორს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ინტერნეტის რუს მომხმარებელზე ყოველგვარი წვდომა შეუწყვიტოს. მართალია, ასეთ საიტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევათ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება.
მიიღებენ თუ არა გამკაცრებულ კანონს რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ონლაინ გემბლინგის ლეგალიზებასა და სარეგულაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, დიდი ხანია ისმის.