ნიუ ჯერსი და დიდი ბრიტანეთი ონლაინ პოკერის ბაზრის გაერთიანებას გეგმავენ
როგორც Global Gaming Business იუწყება, შესაძლოა, ნიუ ჯერსის შტატსა და დიდ ბრიტანეთს შორის მასშტაბური ხელშეკრულება დაიდოს, რომლის საფუძველზეც ორი გრანდიოზული ლოკაციის ონლაინ პოკერის ბაზრის გაერთიანება იქნება შესაძლებელი. ნიუ ჯერსის აზარტული თამაშების აღსრულების დივიზია (DGE) და დიდი ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისია პრინციპულ საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ.
DGE-ის დირექტორის, დევიდ რებუკის განცხადებით, ნიუ ჯერსის აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული ხელშეკრულებაზე შეთანხმებისა და ძალაში შესვლის დაჩქარების პროცესში - "მოუთმენლად ველით ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების ამოქმედებას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნიუ ჯერსის ონლაინ გემბლინგის უკანასკნელი 15 თვიანი ისტორიის განმავლობაში." როგორც ჩანს, DGE მართლაც სერიოზულადაა დაინტერესებული გაერთიანებულ სამეფოსთან ხელშეკრულების გაფორმებით - ორგანიზაციამ უკვე მიმართა რამდენიმე მსხვილ ონლაინ ოპერატორს, მათი მოთხოვნებისა და პირობების შესათანხმებლად.
ბრიტანეთის მოსახლეობა 65 მილიონს აღწევს. ნიუ ჯერსის შტატის ასეთი დაინტერესება, ბაზრების გაერთიანების თაობაზე, ნამდვილად არაა გასაკვირი. მაგრამ იმ სარეგულაციო და ტექნიკური დეტალების გარდა, რომლებზე შეთანხმებაც დიდ დროს მოითხოვს, კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც მსგავსი შეთანხმების მიღების წინ იჩენს თავს, ონლაინ პოკერის ოპერატორებში გვხვდება: ბრიტანელ მოთამაშეებს უკვე აქვთ წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. რამდენადაა შესაძლებელი, რომ, მაგალითად, PokerStars-მა თანხმობა განაცხადოს ბრიტანელი მოთამაშეების გლობალური ბაზრიდან ამოღებასა და მათ გაცილებით პატარა, ნიუ ჯერსის ბაზართან დაკავშირებაზე?
ერთადერთი გზა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნებოდა ასე გამოიყურება: PokerStars-მა, ბრიტანელ მოთამაშეებს, pokerstars.nj-ზე შესვლის საშუალება უნდა მისცეს, პარალელურად კი, მათ, საკუთარი ექაუნთებით გლობალურ ბაზარზე წვდომა უნდა შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნიუ ჯერსის შტატის მოთამაშეებს ბრიტანულ ბაზარზე სრული წვდომა არ ექნებათ, შეერთებული შტატების ონლაინ გემბლინგისთვის, ეს ყველაფერი, მაინც დადებით და სწორ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.