პოკერის ბოტის დამპროექტებელი $30.000 დოლარს იგებს
პოკერში რომ ბოტები არსებობენ, ყველას სმენია, მაგრამ როგორ მოქმედებენ ისინი, როგორ იგებენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და საერთოდ - როგორ უნდა მოვახერხოთ პოკერის ბოტის შენიღბვა, არავინ იცის - ყოველ შემთხვევაში, ბოტის წარმატებული მფლობელისგან ეს ინფორმაცია არავის მიუღია. სულ ცოტა ხნის წინ, 2+2 ფორუმზე ფარული წევრი - themadbotter გამოჩნდა, რომლის მონაყოლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მან $30.000 დოლარის მოგება შეძლო.
როგორც themadbotter ყვება, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, მან, $30.000 დოლარზე მეტის მოგება შეძლო. 2+2 ფორუმზე საჯაროდ გამოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მოგებული თანხა უკვე გაანაღდა, ჩანაფიქრი გამოუვიდა, ხოლო ბოტი 'პენსიაზე გაუშვა'. themadbotter ასეთი საქციელის გამო არანაირ სირცხვილს ან სინდისის ქენჯნას არ განიცდის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოკერის სესიების დროს ის კომპიუტერთან საერთოდ იმყოფებოდა, ბოტი მისი მითითებებით მოქმედებდა. როგორც ჩანს, პოკერის მოთამაშემ მის მიერ შექმნილ პროგრამას სხვა მოთამაშეების ათასობით დარიგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, წინასწარ განუსაზღვრა როგორ უნდა ემოქმედა კონკრეტული ბეთსაიზინგის, სტეკის ზომების, სიტუაციებისა და პოზიციების მიხედვით, დანარჩენს კი მანქანა თავისით აკეთებდა.
themadbotter-ის მტკიცებით, ყველაფერი ექსპერიმენტის გამო ხდებოდა. თამაშიც იმიტომ შეწყვიტა, რომ ყოველ ღამე იძულებული იყო ათიათასობით დარიგებიდან მნიშვნელოვანი მომენტები ამოეღო, გაეანალიზებინა და შეემოწმებინა, ხომ არ უშვებდა ბოტი შეცდომებს, ხომ არ იყო მისი თამაში ზედმეტად სწორხაზოვანი და თვალშისაცემი? ამას გარდა, როგორც თავად ამბობს, themadbotter ახალ კარიერას იწყებს და პოკერი წარსულში რჩება.
რა თქმა უნდა, ფორუმის მომხმარებელთა რეაქციები განსხვავებული იყო: ბევრმა მათგანმა themadbotter-ის ასეთი საქციელი დაგმო და თაღლითობად შეაფასა. მაგრამ უმეტესობას, მონაყოლის მიმართ, დიდი ინტერესი ეტყობოდა. სავარაუდოდ, არა იმიტომ, რომ ბოტების შექმნისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ, არამედ პირიქით - მათი ამოცნობისა და თავიდან აცილების მიზნით. როგორც themadbotter ამბობს, ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ გამოეცადა, თუ რამდენად გამართულად ითამაშებდა მანქანა. ყველაფერი მის ცოდნას და რეალურ დარიგებებზე მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობოდა, ამიტომაც ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
მას შემდეგ, რაც 2+2 ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნიკით NovaCaine ჩიტერის ვინაობის შესახებ ინფორმაციის ფლობაზე გააკეთა აქცენტი, themadbotter-მა უკან დაიხია. NovaCaine ამტკიცებდა, რომ ბოტის შემქმნელის ვინაობა იცოდა და მას WinningPokerNetwork-ის ადმინისტრაციას გადასცემდა. themadbotter-მა კი ყველაფერი ხუმრობად გაასაღა, თუმცა, იმ დეტალების შემდეგ, რაც მან საჯაროდ დაწერა, რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა ყოფილიყო.