დაგ პოლკი ნეგრანუს წინააღმდეგ; კვებეკი ონლაინ პოკერის აკრძალვას გეგმავს
ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი და, სავარაუდოდ, მსოფლიოს საუკეთესო ჰედს-აპის მოთამაშე, დაგ პოლკი, თავის ახალ ვიდეოში დენიელ ნეგრანუს აკრიტიკებს. WSOP-ის 2 სამაჯურის მფლობელმა, პირადი ვიდეო-ბლოგის, Polkernews-ის საშუალებით დენიელ ნეგრანუს ის დაპირებები შეახსენა, რომელიც კანადელმა მოთამაშემ 'პოკერსტარსზე' მიმდინარე ცვლილებების დროს გასცა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ოქტომბერში, PokerStars-ის მფლობელმა კომპანია Amaya-მ დიდი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვითაც 2016 წლიდან სუპერნოვა ელიტის სტატუსის მქონე მოთამაშეებს ის ბენეფიტები შეეზღუდათ, რითიც აქამდე თამაშობდნენ; გარდა ამისა, გარკვეულ ლიმიტებზე გათამაშების საკომისიო გაიზარდა, ხოლო $10/$20 ლიმიტის ზემოთ რეიკბექი საერთოდ გაუქმდა. მაშინდელი ცვლილებები, დენიელ ნეგრანუმ იმით ახსნა, რომ 'პოკერსტარსსა' და მოთამაშეებს შორის არასწორი კომუნიკაცია დამყარდა, რის გამოც მომხმარებლებმა ყველაფერი ზედმეტად ნეგატიურად მიიღეს - "PokerStars-ის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ არავინ საუბრობს იმაზე, თუ რას მოხმარდება ის დაზოგილი ფული, რაც რეიკბექში უნდა დახარჯულიყო. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რონალდოსთან და ნეიმართან, რათა კომპანიის სახეები გახდნენ. 2016 წლის წამახალისებელი აქციები კი აქამდე უპრეცედენტო იქნება!" დაგ პოლკის განცხადებით კი, 'პოკერსტარსმა' ფეხბურთელებთან გაფორმებული კონტრაქტების გარდა, არცერთი პირობა არ შეასრულა, რადგან საიტზე არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, რომელიც უშუალოდ მოთამაშეებისთვის იქნებოდა გამოსადეგი.
წლის დასაწყისში, კანადაში, კვებეკის პროვინციის მთავრობამ ონლაინ პოკერის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც კვებეკში არსებული ინტერნეტის პროვაიდერები ვალდებულები არიან დაბლოკონ ნებისმიერი საერთაშორისო ონლაინ კაზინო თუ პოკერის ოპერატორი. მართალია, კანონი ჯერ ძალაში არ შესულა და კვებეკის მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ აქვთ საშუალება ისეთ საიტებზე ითამაშონ, როგორებიც PokerStars, 888poker და PartyPoker არიან, მაგრამ თუ კვებეკის მთავრობა მას აამოქმედებს, ერთადერთი საიტი, რომელზე წვდომასაც კვებეკელები შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Espacejeux იქნება. ეს კი, ონლაინ გემბლინგის მონოპოლირებას შეუწყობს ხელს. კანადის უსადენო ტელეკომუნიკაციების ასოციაციამ უკვე შეიტანა სარჩელი კვებეკის მთავრობის წინააღმდეგ. ასოციაციის განცხადებით, კვებეკის ხელმძღვანელობას არ აქვს უფლებამოსილება ფედერალური მთავრობის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს საქმიანობა აუკრძალოს. კვებეკის ფინანსთა მინისტრის, კარლოს ლიტაოს განცხადებით კი, ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მოტივით კეთდება - მთავრობა იმ ადამიანებზე ზრუნავს, რომლებიც აზარტულ თამაშებზე არიან დამოკიდებულები. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კი, პროვინციის ხელმძღვანელობას სრული უფლებამოსილება გააჩნია, ფართო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გადაწყვეტილება მიიღოს.