კალიფორნიის მერს არასრულწლოვნებთან სტრიპ პოკერის თამაშში ადანაშაულებენ

კალიფორნიის შტატის ქალაქ სტოქტონის მერს, მის მიერ გამართულ საზაფხულო ბანაკში, არასრულწლოვნებთან გამართული სტრიპ პოკერის თამაშისა და ფარული ვიდეოჩანაწერების გაკეთების გამო, ბრალი წაუყენეს. თავად სტოქტონის მერი, ანტონი რეი სილვა, რომელიც კალიფორნიაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით. გარდა წაყენებული ბრალდებებისა, სილვას, არასრულწოვნებისთვის ალკოჰოლის მიწოდებაშიც ადანაშაულებენ. 

სტოქტონის მერს უკვე საკმაოდ შელახული რეპუტაცია აქვს: გასულ წელს, მასზე გაფორმებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრეს 13 წლის მოზარდი, თუმცა, ანტონი სილვას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ძარცვის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც, მას, მკვლელობაში გამოყენებული იარაღი მოპარეს.

ქალაქის მთავრობის 41 წლის ხელმძღვანელს ბრალი შემდეგ ქმედებებში ედება: 21 წლამდე პირებისთვის ალკოჰოლური სასმელების შეთავაზება და მიწოდება; 21 წლამდე მოზარდების სექსუალური ხასიათის ქმედებაში ჩართვა და მათი ქცევის ფარულად გადაღება. 6 ბიჭიდან, რომლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშიც ქალაქის მერს ბრალი ედება, ერთი მხოლოდ 16 წლისაა. 

აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, სტოქტონის მერმა განცხადება გაავრცელა: "პირველ რიგში, იქ შეკრებილი ადამიანების ასაკი 18 წელს აღემატებოდა; მე არასდროს შემითავაზებია და არ მიმიწოდებია ალკოჰოლური სასმელი მოზარდისთვის; და რაც მთავარია - მე არასდროს, არასდროს, არასდროს მიძალადია ბავშვზე! მე სრულიად უდანაშაულო ვარ!" თუ სასამართლო პროცესზე, რომელიც 18 აგვისტოსაა დანიშნული, სილვას ბრალი დაუმტკიცდა, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 

რუმები

ქართული უცხოური