მაიკ ვოტსონი WCOOP-ის 8-გეიმსის ივენთზე ბენ სალსკის ამარცხებს
2016 წლის WCOOP-ის მიწურულს, მაიკ ვოტსონმა თავის კარიერას კიდევ ერთი WCOOP-ის ტიტული შემატა. 2016 წლის PokerStars Caribbean Advanture-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა, მაიკ ვოტსონმა, $10.300 დოლარიან 8-გეიმსის ტურნირზე ონლაინ პოკერის ლეგენდა, ბენ სალსკი დაამარცხა და $280.238 დოლარის მფლობელი გახდა. 119 დარეგისტრირებული მოთამაშიდან, ფინალურ მაგიდაზე ვოტსონისა და სალსკის გარდა, მეთიუ ეშტონი, PocketFive-ის ყოფილი ნომერ პირველი მოთამაშე კელვინ ანდერსონი და სემი კელოპორუ გავიდნენ.
73-ე ივენთის გამარჯვებული, ჰოლანდიელი ონლაინ გრაინდერი 'maggess88' გახდა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში იური მარტინსს მოუგო და ბანკროლი $37.885 დოლარით გაიმდიდრა. 'maggess88', წარსულში, 2014 წლის WCOOP-ის მეინ ივენთის მეორეადგილოსანია. მაშინდელ ჰედს-აპში, ის, გერმანელ ფედორ ჰოლცთან დამარცხდა. 75-ე ულიმიტო ჰოლდემის ივენთის გამარჯვებული მაიკლ დატანი გახდა. ტურნირზე 1360 მოთამაშე დარეგისტრირდა, ფინალურ დუელში კი დატანისთან ერთად 'Leonidus1988' მოხვდა. ხალხმრავალი ფილდის უკან მოტოვების შემდეგ, მოთამაშეები საპრიზო თანხის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და სათამაშოდ თანხის მცირე ნაწილი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დატოვეს. საბოლოოდ, მაიკლ დატანიმ $75.193 დოლარი და პირველი WCOOP-ის ტიტული მოიგო.
ლეგენდარული ვიქტორ Isildur1 ბლომის მეორე ადგილზე გასვლიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, შვედმა მოთამაშემ, ლეო ნორდინმა, რომლის ინსპირატორი აშკარად ბლომია, 76-ე ივენთის მოგება მოახერხა. ლეო 'ISILDRooN' ნორდინი $320 დოლარიან ტურნირზე დარეგისტრირებულ 636 მოთამაშეს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და WCOOP-ის პირველ ტიტულთან ერთად $34.397 დოლარი მოიგო.