პოკერის ყველაზე სამარცხვინო მოთამაშეები
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც WSOP-ის მესვეურებმა 2016 წლის Poker Hall Of Fame-ის ნომინანტთა ვინაობა გაასაჯაროეს, უამრავი მსჯელობა და განხილვა მიდის იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს პოკერის დიდების დარბაზში შესვლას და რა დამსახურებებით უნდა აირჩიონ ის. დენიელ ნეგრანუ, ფილ ჰელმუტი, ბარი გრინშტაინი და სხვა დიდი მოთამაშეები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და მყარი არგუმენტებით უპირსპირდებოდნენ WSOP-ის მიერ გამოქვეყნებულ სიას. რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, მაგრამ ვინც მსოფლიო პოკერში კარგადაა ჩახედული, ნამდვილად შეთანხმდება იმაზე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან არცერთი მათგანი არასდროს არ მოხვდება WSOP-ის დიდების დარბაზში. ერთადერთი შანსი, რაც მათ გააჩნიათ, პოკერის სირცხვილის დარბაზში შესვლაა.
რას ჰემილტონი - მთავარი ადრესატი იმ ბრალდებებისა, რაც ცნობილი პოკერ-რუმის Ultimate Bet-ის სკანდალს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ჰემილტონმა, Ultimate Bet-ის მომხმარებლებისგან, ე.წ. სუპერ იუზერის საშუალებით, $22 მილიონი დოლარი მოიპარა. როგორც შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, 23 ექაუნთი, რომელიც უკანონო და არასამართლიანი გზებით მოთამაშეებს ფულს უგებდა, მოგებულ თანხებს რას ჰემილტონის სახელზე რიცხავდნენ. 2013 წელს გასაჯაროვდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც ჰამილტონისა და Ultimate Bet-ის ხელმძღვანელობა აღნიშნული სკანდალის შესახებ მსჯელობს. ერთ-ერთ ეპიზოდში ისმის ჰემილტონის ხმა: "მე ავიღე ეს ფული და არ ვაპირებ ამ საქციელის გამართლებას. ასე რომ რაც შეიძლება მალე უნდა ავორთქლდეთ."
რეი ბიტარი - ადამიანი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა FullTiltPoker-ის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ სკანდალში. ამერიკის სათამაშო კომისიის მიერ 'ფულტილტისთვის' ლიცენზიის შეწყვეტის შემდეგ, რეი ბიტარმა კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადა და მოთამაშეთა კუთვნილი $443 მილიონი დოლარის გაცემაზე უარი განაცხადა. ის 2013 წელს დააკავეს და რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდება. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, დაკავების დროს ჩამორთმეულ ნივთებს შორის, ბიტარის $40 მილიონი დოლარიც შედიოდა.
კრისტიან ლუსარდი - 2014 წელს, ლუსარდი, Borgata Winter Poker Open-ში ღებულობდა მონაწილეობას. ტურნირის რამდენიმესაათიანი მსვლელობის შემდეგ, ორგანიზატორები იძულებულები იყვნენ ღონისძიება შეეწყვიტათ. მიზეზი თამაშში აღმოჩენილი ყალბი სათამაშო ჩიპები იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, კრისტიან ლუსარდი იმ მომენტში დააკავეს: ის Harrah's Casino Hotel-ის საკუთარ ნომრის ტუალეტში ყალბი ჩიპების ჩაყრას და ჩარეცხვას ცდილობდა. სიმართლე რომ ითქვას, ჩიპების ასეთი მეთოდით დამალვა მან ნამდვილად შეძლო, მაგრამ რამდენიმე წუთში, სასტუმროს ხელმძღვანელობამ დაზიანებულ მილებში ნაპოვნი ჩიპები აღმოაჩინა, რამაც სამართალდამცავებისა და გამომძიებლების დაინტერესება გამოიწვია. ის ამჟამად ამერიკის ციხეში 5 წლიან სასჯელს იხდის. მას ტურნირის ორგანიზატორებისთვის $463.000, ხოლო სასტუმროსთვის, დაზიანებული მილების ღირებულების ასანაზღაურებლად, $9.445 დოლარის გადახდა დაეკისრა.
ჰოვარდ ლედერერი - ის Tiltware LLC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო - კომპანიისა, რომელმაც 2004 წელსFullTiltPoker დააარსა. 7 წლის შემდეგ კი, 2011 წელს, ე.წ. 'შავი პარასკევის' მოვლენების დროს, როდესაც კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, ჰოვარდ ლედერერმა საკუთარი $42 მილიონი დოლარი მოითხოვა და მიიღო კიდეც. როგორც გაირკვა, FullTilt-ის ხელმძღვანელობას ლედერერისთვის და მენეჯმენტის უმაღლესი რგოლისთვის გადასახდელი თანხები აღმოაჩნდათ, ხოლო მოთამაშეების ექაუნთები, რომელთა საერთო თანხა $443 მილიონ დოლარს აღემატებოდა, განოლდა. პოკერის საზოგადოება და თავად 'ფულტილტის' მომხმარებლები ლედერერს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. სწორედ ის იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მოთამაშეებს პოკერ-რუმის იმედი ჰქონდათ და თამამად ანდობდნენ საკუთარ ფულს.