გაიცანით ელი ელეზრა - პოკერის დიდების დარბაზის 2016 წლის ნომინანტი
Poker Hall Of Fame-ში რომ ვინმეს პოკერის გადაჭარბებული და განსაკუთრებული სიყვარულის გამო ირჩევდნენ, ელი ელეზრა უკვე მრავალი წლის 'ფეიმერი' იქნებოდა - "წლევანდელ WSOP-ზე 10-ჯერ მოვახერხე საპრიზო ადგილებზე გასვლა, ორჯერ კი ფინალური მაგიდა ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის ეს უბრალოდ გართობა არ არის: 11-12 საათიანი სატურნირო სესიის შემდეგ 'ბელაჯიოში' ან 'არიაში' მივდივარ, ქეშ-გეიმის სათამაშოდ და იქ დილის 5 საათამდე ვრჩები. 11 საათზე ვიღვიძებ და ტურნირს ვუბრუნდები. რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ მიყვარს პოკერი." 55 წლის ელი ელეზრა პირველად გახდა Poker Hall Of Fame-ში შესვლის კანდიდატი.
"ვეგასში 1987 წლიდან ვთამაშობ. მაშინაც ისე ხდებოდა, როგორც დღეს - კვირაში 6 დღე პოკერს თამაშს ეთმობა. დღესდღეობით ისეთი მაღალი ლიმიტები აღარ მიზიდავს, როგორიც ადრეულ პერიოდში. ჩიპ რიზის გარდაცვალების შემდეგ, დოილ ბრანსონს დავუმეგობრდი. ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებით ერთმანეთს. ზოგჯერ დოილი მეუბნება, რომ თავს ცუდად გრძნობს, ან ავადაა და ამის გამო თამაშზე მოსვლას არ აპირებს. მე კი ვიცი, რომ პოკერი მისი წამალია. მაშინვე ვეუბნები: თუ თავს ცუდად გრძნობ, აწიე ერთი ადგილი და მოდი სათამაშოდ! როცა თამაშობ, არასდროს ხდები ცუდად! ყველაფერს გეფიცებით, სიმართლეს ვამბობ. პოკერი ჩემზეც ასე მოქმედებს - თამაშის დროს არანაირი ავადმყოფობა არ მეკარება."
ელი ელეზრას ბიოგრაფია, რომელიც ებრაულ ენაზე 2017 წლის დასაწყისისთვის გამოვა, მისი ცხოვრების შესახებ უამრავ საინტერესო ფაქტს გვთავაზობს. მანამდე კი ის ვიცით, რომ ელეზრა იერუსალიმში დაიბადა. ისრაელის არმიის ლეიტენანტი, 1982 წელს, ისრაელი-ლიბანის სამხედრო კონფლიქტის დროს დაჭრეს, რის გამოც სამხედრო კარიერა ვეღარ გააგრძელა. ის ალიასკაზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯერ კონსერვების ქარხანაში, შემდეგ კი ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ალიასკელ ტაქსის მძღოლებთან პოკერის თამაშის შემდეგ, ელეზრა, ლას ვეგასში მოხვდა, სადაც მისმა დამ ჩაიყვანა და დიდ პოკერთან ზიარების საშუალება მისცა. "მე პირდაპირ $40/$80 თამაშები დავიწყე. თავიდან ბლექჯექი და ბაკარა ვცადე და მომწონდა კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ პოკერი ჩემი საქმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდი, კაზინოს თამაშებისგან განსხვავებით, პოკერი გაცილებით დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. კაზინოს თამაშებში ყოველთვის წააგებ, პოკერში კი 10-დან 2 დარიგება მაინც რომ მოიგო, განსაკუთრებულ სიამოვნებას იგრძნობ და მეც გადავწყვიტე ჩემი ფული სიამოვნებაში დამეხარჯა."
მალე ელეზრას ნახვა Mirage-ში იყო შესაძლებელი, სადაც $500/$1.000 მაგიდებზე ჰოვარდ ლედერერთან, დევიდ გრეისთან და სხვა დიდ სახელებთან ერთად თამაშობდა. 1998 წელს კი, როდესაც 'ბელაჯიო' გაიხსნა და ბობი ბოლდვინმა ჰაი სტეიკს რეგულარები სათამაშოდ მიიწვია, ელეზრა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კაზინოს ვიაიპი ოთახში თამაშის უფლება მიიღო. "ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი ნახტომი იყო. მე, დოილ ბრანსონთან და ჩიპ რიზთან ერთად, $1.000/$2.000 და $1.500/$3.000 ლიმიტებში ვიყავი ჩართული. ხშირად მათ უფრო დიდი თამაში უნდოდათ და მეც მხარს ვუბამდი. ჩემი თამაშის სტილის გამო ყველა გიჟად მთვლიდა, მაგრამ ჩემი ტაქტიკა ამართლებდა და სულ უფრო და უფრო მეტს ვიგებდი. ჩვენ პოტ ლიმიტ ომაჰას, ულიმიტო ჰოლდემს და შერეულ თამაშებს ვთამაშობდით. 2-7 ტრიპლ დროუს მოგვიანებით გავეცანი, რაც დოილის და ჩიპის დამსახურებაა."
ჰაი სტეიკს რეგულარებს, მალე, ჯენიფერ ჰერმანი, გას ჰენსენი და ჯეისონ ლესტერი შეუერთდნენ. თამაში ხშირად ადიოდა $2.000/$4.000, ან $6.000/$12.000 ლიმიტებამდე. ელეზრას ბიზნესი ვითარდებოდა, მაგრამ პოკერისთვის რომ უფრო მეტი დრო დაეთმო, მთელი საქმიანობა ოჯახის წევრებს გადააბარა. "იმ დროისთვის 20-მდე მაღაზია გვქონდა, მაგრამ მე ღამეში $400.000-მდე ვიგებდი ან ვაგებდი. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი და მომგებიანი საქმე იყო. ყველაზე დიდი თანხა, რაც ერთ სესიაზე წამიგია $1.1 მილიონი დოლარია. ეს თანხა 30 საათში, ჯონ იანგ ბრაუნთან წავაგე. ის Kentucky Fried Chicken-ის მფლობელი იყო. მოთამაშეები სახლში მიდიოდნენ, იძინებდნენ, ისვენებდნენ, შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ და ჩვენ ისევ მაგიდასთან ვხვდებოდით. ბევრს გიჟი ვეგონე. ყველაზე დიდი მოგება $1.8 მილიონი დოლარი იყო, რომელმაც მიმახვედრა, რომ პოკერს შენი მორალური სიმტკიცის აშენება ან დანგრევა შეუძლია. თუ წარმატებული სესია გაქვს, გგონია, რომ ხელშეუხებელი ხარ, ხოლო თუ აგებ, გგონია, რომ მეორედ ვერასდროს მოიგებ. როცა 2003 წელს პოკერის ბუმი დაიწყო და თამაშმა ტელევიზიები მოიცვა, მივხვდი, რომ ჩემს შვილებს არასდროს ვყავდი ეკრანიდან ნანახი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
2007 წელს ელი ელეზრამ WSOP-ის პირველი სამაჯური მოიგო, მაგრამ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სატელევიზიო შოუში - High Stakes Poker-ში მიიღო მონაწილეობა. "მახსოვს როგორ მოვიდა ჩვენთან გადაცემის პროდიუსერი, მორი ესკანდანი. ის ჩვენი რეალური თამაშის ტელევიზიით ჩვენებას აპირებდა, განსხვავება მხოლოდ იმაში იქნებოდა, რომ მაყურებელს ჩვენი კარტების ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა. მე, დოილ ბრანსონი და დენიელ ნეგრანუ მაშინვე დავთანხმდით. გადაცემის 7 სეზონის შემდეგ, უკვე ისეთი პოპულარობით ვსარგებლობდი, როგორც მეტ დეიმონი."
მიუხედავად იმისა, რომ 2013 და 2015 წლებში ელეზრამ კიდევ თითო-თითო WSOP-ის სამაჯური მოიგო, Poker Hall Of Fame-ის ჟიურიმ ებრაელ მოთამაშეს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც უკანასკნელ პერიოდში მისი სახელი ტურნირებზე აქტიურად გამოჩნდა. წარმატებულ სატურნირო თამაშს კი, თავად ელეზრა, წარუმატებელ ქეშ-გეიმს აბრალებს და სხვას არაფერს. დღესღეობით, ის, ჩვეული ლიმიტებისგან განსხვავებით $200/$400 ლიმიტებს თამაშობს და ტურნირებს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს. "Poker Hall Of Fame-ში შესვლა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა, - ამბობს ელეზრა, - წელს იქნება თუ რამდენიმე წლის შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს უდიდესი პატივი იქნება ჩემთვის."