2016 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული ქუი ნუინი გახდა
სულ რამდენიმე წუთის წინ ქუი ნუინი პოკერის ისტორიაში შევიდა - ვიეტნამური წარმოშობის მოთამაშე 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა, $8.000.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ფინალური მაგიდის სტარტის დროს, ვერავინ ივარაუდებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ მაგიდის ყველაზე ნაკლებად ცნობილი მოთამაშე გახდებოდა. უნდა ითქვას, რომ პოკერის მოყვარულებმა ერთ-ერთი საუკეთესო ფინალური მაგიდა იხილეს, უამრავი დაძაბული მომენტითა და აგრესიული თამაშით გაჯერებული.
უკანასკნელი სათამაშო დღის პირველი დარიგება, ფინალური მაგიდის სასტარტო დარიგების მსგავსად დაძაბულად წარიმართა: A4-ით შეიარაღებულმა ნუინმა, ბატონის პოზიციიდან, 2.700.000-მდე გაზარდა, რასაც კლიფ ჯოზეფიმ AQ და 8.500.000 ჩიპიანი რირეიზი დაახვედრა. გორდონ ვაიომ ადვილი გადაწყვეტილება მიიღო და მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ დატოვა. ნუინმა 4-ბეთით 20.900.000-მდე კვლავ გაზარდა, რასაც ჯოზეფის ოლინი მოჰყვა. ბორდზე დადებულმა AQ73Q-მა ვეტერან მოთამაშეს დარიგების მოგებისა და გაორმაგების საშუალება მისცა.
ზუსტად 4 დარიგების შემდეგ, WSOP-ის ფინალური მაგიდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქულერი გათამაშდა: კლიფ ჯოზეფიმ 22-ით 2.500.000-მდე გაზარდა, რასაც რაზეც სმოლ ბლაინდის პოზიციიდან, 33-ით, ვაიომ, ქოლით უპასუხა. ბიგ ბლაინდზე მყოფმა ნუინმა კი AJ-ით 7.700.000-იანი რირეიზი გააკეთა, რასაც დარჩენილი მოთამაშეები არ შეუშინებია. K32 ფლოპზე ნუინმა 9.900.000 დადო, რასაც სეტებით შეიარაღებული ორივე მოთამაშის მხრიდან ქოლი მოჰყვა. თერნზე დადებული 4-ის შემდეგ, ვაიომ და ნუინმა ჩექი ითამაშეს. ჯოზეფიმ 21.000.000 ბეთი გააკეთა, რასაც ვაიომ ოლინით, ხოლო ნუინმა ფოლდით უპასუხა. რივერზე დადებული 6-მა კლიფ ჯოზეფის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ამ მტკივნეული 'სეტ ოვერ სეტ' დარიგებაში ჯოზეფიმ სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა და 8 ბიგ ბლაინდით დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფიმ ორჯერ მოახერხა გაორმაგება, 9 დარიგების შემდეგ ჯოზეფიმ თამაში მე-3 პოზიციაზე დაასრულა.
გადამწყვეტი ჰედს-აპის წინ, WSOP-ის ტრადიციის მიხედვით, სათამაშო მაგიდაზე პირველი ადგილისთვის დაწესებული რეალური ფულის რამდენიმე ათეული შეკვრა გამოიტანეს. ორთაბრძოლა მომავალი ჩემპიონის ჩიპლიდით დაიწყო. ESPN-ის კომენტატორებისთვის განსაკუთრებული გაკვირვება ვაიოს თამაშმა გამოიწვია, რომელიც საგრძნობი პასიურობით გამოირჩეოდა: ის ხშირად ყრიდა საუკეთესო ხელს და რამდენჯერმე, დასრულებული კომბინაციის მიღების შემდეგაც, ვერ გაბედა აგრესიული მანევრებით ჩიპების მოგროვება. უნდა ითქვას, რომ დაძაბული 7 საათიანი თამაშის განმავლობაში, გორდონ ვაიომ ყველაფერი იღონა, რათა თამაშიდან არ გავარდნილიყო, მაგრამ ბლაინდების ზრდასთან ერთად იძულებული გახდა აგრესიულ თამაშზე გადასულიყო: ნუინის KT-ით გაკეთებულ 8.500.000 ბეთის შემდეგ, ვაიომ JT-ით, ყველასთვის მოულოდნელად, ოლინი გამოაცხადა. K97 ფლოპმა ნუინს ტოპ წყვილი, ვაიოს კი გათშოთი მისცა, მაგრამ თერნზე და რივერზე დადებული 2 და 3 სიტუაციას უცვლელს ტოვებდა.
გამარჯვებული ვიეტნამელი მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიო პოკერის ისტორიაში ახალი გვერდი დაწერა. როგორც ნუინი ამბობს, მოგებული თანხის გარკვეულ ნაწილს, ის, საქველმოქმედო ფონდში Wounded Warriors Project-ში გადარიცხავს, რომელიც ომგამოვლილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებზე ზრუნავს.