პოლ ფუა პოკერის სკოლას ხსნის
მალაიზელმა ბიზნესმენმა და მსოფლიოს უდიდესი ქეშ-გეიმების ორგანიზატორმა, პოლ ფუამ პოკერის ონლაინ სკოლის გახსნა გადაწყვიტა, რომლისთვისაც 'იუთუბი' საუკეთესო ადგილი უნდა იყოს. როგორც ფუას 'იუთუბის' გვერდის აღწერა გვეუბნება, არხის გამომწერები ისწავლიან ყველაფერს პოკერისა და სათამაშო სტრატეგიების შესახებ; ფუა საუკეთესო მოთამაშეების აღზრდას გეგმავს, რაშიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას.
მიუხედავად ხმაურიანი წამოწყებისა, 'იუთუბის' არხზე რამდენიმე ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, რომელთა შორის ერთ-ერთი ტომ დუანის მიერ ნათამაშებ ხელს განიხილავდა, ფუამ ყველაფერი წაშალა. გაუგებარი რჩება, როგორც არხის შექმნის, ასევე - მისი კონტენტისგან გასუფთავების მიზეზი.
პოლ ფუა პოკერის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ, არაპროგნოზირებად და ეგზოტიკურ მთამაშედ ითვლება, რომელსაც ჩინურ კრიმინალურ ტრიადებთან ახლო ურთიერთობასა და სათამაშო ბიზნესის არაკანონიერ მფარველობაში სდებენ ბრალს. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ჭორების მიხედვით, მას, ტომ დუანის მძევლად აყვანაც ბრალდებოდა, მაგრამ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, პოლ ფუასთან დაწყებული მეგობრობის შემდეგ ტომ დუანი მართლაც გაქრა მსოფლიო პოკერის რადარებიდან. უკანასკნელი ცნობებით, ის მაკაუში იმყოფება, სადაც ჩინელ და მალაიზიელ ბიზნესმენებთან ასტრონომიულ ლიმიტებზე თამაშობს. როგორც დენიელ ქეითსი ყვება, ის ტომ დუანის ერთ-ერთ დარიგებას შეესწრო, რომლის დროსაც ლეგენდარულმა მოთამაშემ $20.000.000 დოლარი წააგო.
დაგ პოლკი, ჰედს-აპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, საკუთარ ვიდეო ბლოგში პოლ ფუას მიერ იუთუბის არხის შექმნას მიესალმება და თვლის, რომ რაც უფრო მეტი მოთამაშე მიმართავს მსგავსი ხერხებით საკუთარი ბრენდის შექმნასა და საკუთარი სახელის ფართო პუბლიკისთვის წარდგენას, მით უფრო გაიზრდება პოკერის პოპულარობა.