აშშ-ის რამდენიმე შტატმა არჩეულ ვიცე პრეზიდენტს ონლაინ გემბლინგის აკრძალვის თხოვნით მიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ქვეყნის სათავეში ჩადგომამდე თვეზე მეტი რჩებათ. მიუხედავად ამისა, აშშ-ში არსებულმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა უკვე მოასწრეს თხოვნით მიემართათ ქვეყნის მომავალი მეთაურებისთვის.
ოფიციალური წერილი, რომლის ადრესატებიც დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი არიან, აშშ-ის ათი შტატის იუსტიციის დეპარტამენტის უმაღლესი მენეჯმენტის მიერაა შედგენილი. წერილი ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გაიგზავნა, მაგრამ მისი არსებობისა და შინაარსის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ, PPA-ის (პოკერის მოთამაშეთა ალიანსი) მიერ გახდა ცნობილი.
წერილი იმ რისკებს განიხილავს, რომელთა წინაშე ამერიკის მოსახლეობა დადგება, თუ ქვეყანა ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ "გამოასწორებს" და ონლაინ ტოტალიზატორების პარალელურად, ონლაინ პოკერსა და Fantasy Sports-ს არ აკრძალავს. რისკების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელ სიას მოიცავს: არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვა, თაღლითობა, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება, ფულის გათეთრება, კიბერ კრიმინალი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ლუდომანია, ფულის გამოძალვა, შანტაჟი და დაშინება...
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წერილის მთავარი მიზანი იმ პრეცედენტების აღმოფხვრაა, რომლებიც ონლაინ პოკერის ლეგალიზებას შეუწყობს ხელს. ამისთვის კი ნიუ ჯერსიში, ნევადაში და დელავერში ონლაინ პოკერი უნდა აიკრძალოს, რათა პენსილვანიამ, მიჩიგანმა, კალიფორნიამ და სხვა შტატებმა, რომლებიც ონლაინ პოკერის ლეგალიზებას აქტიურად მოითხოვენ, მსგავსი დავის წარმოება ვეღარ შეძლონ.
რთული სათქმელია რამდენად გაიზიარებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი წერილის პათოსს, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე შტატის იუსტიციის დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა გაერთიანებული ძალებით შეეტიათ ონლაინ გემბლინგისთვის და ეს ყველაფერი არჩევნებიდან სულ რაღაც 9 დღის შემდეგ გაეკეთებინათ.