სერიიდან: "durrrr-ის დაბრუნება" - ტომ დუანი 'ტვიტერზე' გამოჩნდა
ინგლისურენოვანი მედია ტომ დუანის არსებობის ნებისმიერ დამადასტურებელ ფაქტს დიდი ყურადღებით სწავლობს, აანალიზებს და შემდეგ გარკვეულ დასკვნებს გვთავაზობს. დუანი თანამედროვე პოკერის ლეგენდად არამხოლოდ თავბრუდამხვევი კარიერის გამო იქცა, არამედ მან ამ სიტყვას კლასიკური გაგება დაუბრუნა - ამერიკელი მოთამაშის რეალურობასა და არსებობაში უამრავ ადამიანს შეეპარა ეჭვი.
ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე საშიშ მოთამაშედ აღიარებული ტომ დუანი სრულიად მოულოდნელად მედია რადარიდან გაქრა. მის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც ის ხან ჩინური ტრიადების მძევალი, ხან პოლ ფუას პირადი მოთამაშე. ზოგიერთი წყარო მის განოლებასა და მოთამაშის კარიერის დასასრულზე ლაპარაკობდა. უამრავი მოსაზრება გამოითქვა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც. ნიუ ჯერსიში დაბადებულმა მოთამაშემ პოპულარობა სატელევიზიო შოუებით, High Stakes Poker-ითა და Poker After Dark-ით მოიპოვა. ამ გადაცემებში მის მიერ ნათამაშები ხელები დღემდე აქტიურად განიხილება და პოკერის უმაღლესი დონეს განასახიერებს.
რამდენიმე კვირის წინ დუანის დაბრუნების შესახებ კიდევ ერთი წყაროდან გახდა ცნობილი. ამჯერად მის დაბრუნებაზე დენიელ ქეითსი ალაპარაკდა, რომელთანაც დუანს დაუსრულებელი durrrr Challange აქვს გასაგრძელებელი. ქეითსი ამ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მის ოპონენტს არასაიმედო მოთამაშედ ასახელებდა, რაც აზარტულ სფეროში დიდი ბრალდებაა.
25 იანვარს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა: 'ტვიტერიდან' ორწლიანი გაუჩინარების შემდეგ, ტომ დუანის გვერდზე მის მიერ გაკეთებული კომენტარი გაჩნდა. მისი კომენტარი 'ფეისბუქის' ყალბ და არარეალურ ექაუნთებს ეხება, რომლებიც ტომ დუანის სახელს იყენებენ.
მართალია მისი 'ტვიტები' განსაკუთრებულობითა და ინფორმატიულობით არ გამოირჩევიან, მაგრამ 2015 წლის შემდეგ მისი გამოჩენა და ინტერნეტ სივრცეში დაბრუნება შეიძლება ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავდეს. 2013 წლის შემდეგ, რაც ტომ დუანი Full Tilt Poker-ის გუნდს გამოეთიშა, მას ინტერნეტში ერთი დარიგებაც კი არ უთამაშია. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად დუანის სახელზე დარეგისტრირებული არცერთი ექაუნთით მსგავსი რამ არ მომხდარა. ის არც "2+2 ფორუმზე" გამოჩენილა. "2+2" კი ის ადგილია, სადაც უამრავმა ლეგენდამ აიდგა ფეხი და სადაც ტომ დუანი 10 წლის განმავლობაში დღეში მინიმუმ ერთ პოსტს მაინც წერდა.