ხელოვნურმა ინტელექტმა პოკერის მოთამაშეები დაამარცხა
30 იანვარს დასრულდა 20 დღიანი მარათონი სახელად Brains vs. Artificial Intelligence: Upping the Ante, რომელშიც ერთმანეთს კარნეგი მელონის უნივერსიტეტში აწყობილი კომპიუტერი Libratus და პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები უპირსპირდებოდნენ. 120.000 დარიგების შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ჩიპების საერთო რაოდენობიდან 1.766.250 ჩიპს ფლობდა, რაც მეცნიერების გამარჯვების აშკარა დასტურს მოასწავებდა.
კვლევა, რომელშიც პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები მონაწილეობდნენ, ხელოვნური გონების განვითარებაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ფაქტით ცხადი გახდა, რომ მანქანებს შეუძლიათ კომპლექსური და ადამიანის გონებისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებების მიღება, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნეს მოლაპარაკებებში, სამხედრო სტრატეგიების დაგეგმვაში, კიბერ-უსაფრთხოებასა და ქირუქგიაში.
"ამ ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ Libratus-ის დონეზე განვითარებულ კომპიუტერს შესწევს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება მაშინაც კი, როცა ინფორმაცია გაურკვეველი, დაუზუსტებელი და არაზუსტია, ზუსტად ისე, როგორც ეს პოკერში ხდება, - ამბობს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი და Libratus-ის ერთ-ერთი შემქმნელი ტუომას სენდჰოლმი, - ხელოვნური ინტელექტი ვერ მოიგებს პოკერის რამდენიმეათასიან სესიას, თუ მას ბლეფის გაკეთების უნარი არ აქვს. ბლეფის გაკეთება, დაძაბული დინამიკის შექმნა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გაძლიერება, თანაც არასრული ინფორმაციის პირობებში, ნამდვილად ადამიანური თვისებებია. ეს კი ძალიან დიდი ნაბიჯია მეცნიერებაში. წარმოიდგინეთ, მალე თქვენს ტელეფონს შეეძლება თქვენი ჩარევის გარეშე თქვენთვის სასურველი ნივთი იყიდოს და თანაც მოლაპარაკებები თითონ აწარმოოს."
პროფესიონალთა გუნდში დონ კიმი, ჯიმი ჩოუ, ჯეისონ ლესი და დენიელ მაკოული შედიოდნენ, რომლებიც $200.000 დოლარიანი საპრიზო ფონდის იმ ნაწილს მიიღებენ, რომელიც მარათონის დასრულების შემდეგ დარჩენილი ჩიპების ექვივალენტური იქნება.