NL Hold'em 6-Max-ის დაპყრობას ხელოვნური ინტელექტი 2 წელში შეძლებს

კომპიუტერული ბოტის Libratus-ის შემქმნელი, რომელმაც ერთი თვის წინ ჰედს-აპის 4 საუკეთესო მოთამაშე დაამარცხა, ვარაუდობს, რომ მის მიერ შექმნილი მანქანა 6-მაქს მაგიდებზე მოთამაშეების დამარცხებას დაახლოებით 2 წელში მოახერხებს. CardPlayer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, Libratus-ის დამპროექტებელმა იმ გამოწვევებსა და მიზნებზე ილაპარაკა, რომელიც მომავალი ორი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების მთავარ ქვაკუთხედს შექმნის. 

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნომ ბრაუნი, რომელიც მალე პროფესორის ხარისხს მიიღებს, Libratus-ის გარდა Claudico-ს დამპროექტებელიცაა. თუმცა, 2015 წელს Claudico დაგ პოლკისა და მისი გუნდის მსხვერპლი გახდა. 2017 წლისთვის კი ყველაფერი შეიცვალა. ბრაუნი გაკვირვებულია იმ მაჩვენებლით, როგორი უპირატესობითაც ხელოვნურმა ინტელექტმა თანამედროვეობის საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეები დაამარცხა (14BB/100). როგორც ბრაუნი ამბობს, ის მზად იყო მის მიერ შექმნილი ბოტის გამარჯვებისთვის, რადგან მას უკვე ჰყავდა დამარცხებული Claudico გაცილებით უკეთესი მაჩვენებლით, ვიდრე ეს 2015 წელს დაგ პოლკის გუნდმა შეძლო. 

ნომ ბრაუნის ვარაუდით, მანქანის ასეთი შედეგი იმით იყო გამოწვეული, რომ ადამიანებმა მისი სისუსტეების გამოყენება ვერ შეძლეს. Claudico-სთან ყველაფერი სხვანაირად იყო: მოთამაშეებმა მისი უამრავი სუსტი წერტილი აღმოაჩინეს, განსაკუთრებით სასტარტო რეიზების ფართო დიაპაზონი, რომელთან ადაპტირებასაც ბოტი ვერ ახერხებდა. მაგრამ Libratus-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა: ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს მასზე რაიმე უპირატესობა მოეპოვებინათ, ბოტმა თავად დაიწყო მოთამაშეების შესწავლა და მათ დინამიკაზე მორგება. 

"სიმართლე რომ ვთქვა, ის ცოდნა, რაც Libratus-ის მეხსიერებაშია დაგროვილი, რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგაც შეიძლება გამოიყენო, - ამბობს ნომ ბრაუნი, - მაგრამ 6-მაქსის სრულად დაუფლებამდე მას გარკვეული მოდიფიკაციები სჭირდება, რაც დაახლოებით 2 წელს წაგვართმევს." როგორც ირკვევა, სამეცნიერო წრეებში ამჟამად აქტიურად განიხილება 6-მაქს ბოტების შექმნა, რომელიც ადამიანზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებს. 

მსგავსი მანქანების შექმნა ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, მისი აზროვნების გაუმჯობესებას არასრული ინფორმაციის პირობებში, რითიც ის კიდევ უფრო დაემსგავსება ადამიანის აზროვნებას. მისი გამოყენება უამრავი მიმართულებით იქნება შესაძლებელი, დაწყებული საბანკო და საფინანსო საქმიანობიდან, დამთავრებული ქირურგიული ოპერაციებით. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად პოკერ-რუმებს მნიშვნელოვანი თავსატეხი გაუჩნდებათ რთული მოდიფიკაციის პოკერის ბოტების აღმოსაჩენად.

რუმები

ქართული უცხოური