ფილ ჰელმუტი მაიკ მატუსოუს ამარცხებს
World Poker Tour-ზე უამრავი საიდ ივენთი იმართება, რომელსაც დიდ ყურადღებას არავინ უთმობს. ამ მხრივ არც WPT L.A. Poker Classic იყო გამონაკლისი, სადაც რამდენიმე იაფიანი ტურნირი გაიმართა. თუ ვინმე $40.000 დოლარამდე თანხას მოიგებს, ის გაზეთების მთავარ გვერდებს ნამდვილად ვერ დაიმსახურებს, მაგრამ როცა ეს ვინმე ფილ ჰელმუტი ან მაიკ მატუსოუ აღმოჩნდებიან, ყველაფერი სხვა დატვირთვას იძენს.
"შეიძლება ფილ ჰელმუტი ბევრს ნამდვილი ნაგავი ეგონოს, მაგრამ თუ ვინმე მას ახლოს იცნობს, აუცილებლად დაგიდასტურებთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და მეგობრული ადამიანია პოკერის ინდუსტრიაში" - 'poker brat'-ის შესახებ მატუსოუმ წლების წინ ისაუბრა. მიუხედავად ამ ორის დიდი ხნის მეგობრობისა, მათი მეტოქეობისა და მაგიდასთან დაუნდობელი მტრობის შესახებ ყველასთვისაა ცნობილი. სატელევიზიო გადაცემა High Stakes Poker-ში მათი დაპირისპირება ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა - ისინი ათეულ ათასობით დოლარისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ერთმანეთის მეტოქეობა დაძაბულობის გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვიდრე მაგიდის ცენტრში მოხვედრილი ფული. ჰელმუტის მიერ მატუსოუს წინააღმდეგ განხორციელებული ლეგენდარული 72-იანი ბლეფი მსოფლიო პოკერის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გათამაშებად ჩაიწერა. 2013 წელს NBC National Poker Heads-up Championship-ის ფინალში მატუსოუმ, ღონისძიების ყოფილი ჩემპიონი, ფილ ჰელმუტი დაამარცხა. ორივე მოთამაშისთვის მაშინდელ შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ, რაც მარცხსაც და მოგებასაც დამატებით დატვირთვას ანიჭებდა.
WPT L.A. Poker Classic-ის ფარგლებში გამართულ საიდ ივენთის ფინალურ ჰედს-აპში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ფილ ჰელმუტმა მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე დაამარცხა. 72 მოთამაშიანი ფილდზე გამარჯვებისთვის ჰელმუტმა $25.200 დოლარი მიიღო. მსგავსი მოგება მთავარ ჰედლაინებს ვერასდროს დაიმსახურებდა, თუ არა ლეგენდარული მოთამაშეების დუელი. ივენთი ომაჰა ჰაი-ლოუ/სტად ჰაი-ლოუს მოიცავდა. ფინალური ჰედს-აპი მეტოქეებმა ჩიპების თანაბარი რაოდენობით დაიწყეს, მაგრამ ჰელმუტმა ლიდერობის მოპოვება და საბოლოოდ მისი ისტორიული მოწინააღმდეგისა და მეგობრის დამარცხება შეძლო. ფილ ჰელმუტის სატურნირო კარიერის მოგება $21 მილიონ დოლარს აღემატება და მსოფლიო რეიტინგში ის მოწინავე ადგილებს იკავებს. მატუსოუს კარიერული მოგება კი თითქმის $10 მილიონ დოლარს აღწევს.