მაკაუს High Roller-ზე მიკიტა ბადიაკოვსკიმ ტომ დუანი დაამარცხა
მაკაუში მდებარე Babylon Casino-ში, კვირას გამართული HK$500.000 Super High Roller ივენთის ფინალურ ჰედს-აპში, ბელორუსმა მოთამაშემ, მიკიტა ბადიაკოვსკიმ ლეგენდარული ტომ დუანი დაამარცხა. ტურნირი 2017 წლის Macau Billionaire Poker (MBP) Spring Challenge-ის სერიის ფარგლებში გაიმართა.
ტურნირის ბაი-ინი დაახლოებით $64.400 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ტურნირის ლაინაფი საკმაოდ მწირი იყო - ივენთზე სულ რაღაც 12 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღონისძიება მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტომ დუანის გამოჩენა იყო. ტურნირი პირდაპირი ეთერით Douyu TV-ზე - Twitch-ის მსგავს ადგილობრივ მედია პლატფორმაზე გადაიცემოდა, ჩინელი წამყვანების კომენტარებით.
ტომ დუანის სატურნირო კარიერაში უკანასკნელი საპრიზო ადგილი 2014 წლით თარიღდება. მისი გუშინდელი შედეგი კი უკანასკნელი წლების განმავლობაში საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს. მან მიკიტა ბადიაკოვსკის წინააღმდეგ ფინალური ჰედს-აპი ითამაშა. დროის გარკვეული მონაკვეთით დუანი სიტუაციას აკონტროლებდა, მას მნიშვნელოვანი ჩიპლიდი ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან სტეკის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დათმო.
პირველი ადგილისთვის ბელორუსმა მოთამაშემ $420.000 აშშ დოლარი, ხოლო მისმა მეტოქემ - $275.000 დოლარი მიიღო. მართალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი სატურნირო ანაზღაურება დუანისთვის საუკეთესოა, მაგრამ სხვადასხვა მოთამაშის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ონლაინ პოკერის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის მიერ ნათამაშები ქეშ-გეიმების სვინგებთან მეორე ადგილისთვის აღებული თანხა უმნიშვნელო ხურდა ფულად შეიძლება ჩაითვალოს.