ტონი ჯის რუსეთში შესვლა აუკრძალეს
ევროპარლამენტის წევრს, ანტანას გუოგას რუსეთში შესვლა ოფიციალურად აეკრძალა. გუოგა, რომელიც პოკერის სამყაროში ტონი ჯის სახელითაა ცნობილი, 'ტვიტერის' საკუთარ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. მისი აზრით, ის რუსულ შავ სიაში მხოლოდ იმ მიზეზით მოხვდა, რომ ევროპის პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროს მან რუსეთის წარმომადგენელი 'დატროლა'.
პოლიტიკაში გადასვლამდე, ტონი ჯის პოკერის მოთამაშის წარმატებული კარიერა ჰქონდა. გარდა ქეშ-გეიმებში ნაჩვენები არაჩვეულებრივი შედეგისა, ტონი ჯიმ ისეთ საიტებს ჩაუყარა საფუძველი, როგორებიც PokerNews და TonyBet Poker არიან. ლიტვური წარმოშობის მოთამაშე, რომელიც პოკერის ტურნირებზე ხშირად ავსტრალიას წარმოადგენდა, სათამაშო მაგიდებთან კონფრონტაციას არასდროს ერიდებოდა. ის ხშირად იყენებდა საუბრის გამომწვევ და გამაღიზიანებელ მანერას, რის გაგრძელებასაც დღეს უილ კასუფი ცდილობს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კასუფისა და ტონი ჯის დონეებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დარიგების ნახვა სტატიის ბოლოს შეგიძლიათ, სადაც ის რუსეთის სახელით მოთამაშე რალფ პერის სიტყვიერად დაუპირისპირდა და, შეიძლება ითქვას, მორალურად გაანადგურა კიდეც.
ევროპის პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ანტანას გუოგამ რამდენიმე დიდ ქეშ-გეიმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტურნირებში მისი ბოლო საპრიზო ანაზღაურება 2013 წლით თარიღდება. რა თქმა უნდა, ლეგენდარული მოთამაშე, და აწ უკვე პოლიტიკოსი, დატვირთული გრაფიკის გამო აქტიურ პოკერში ვეღარ ერთვება, შესაბამისად - პოკერის გულშემატკივრები მის შესახებ სიახლეებს ხშირად ვერ გებულობენ, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიმართ სიყვარული ტონი ჯის კიდევ უფრო გაუნელდებოდა.