2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ჯო მაკკიენი WSOP-ის მე-2 სამაჯურს იგებს
2015 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებულმა, ჯო მაკკიენმა კარიერაში რიგით მე-2 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. პირველი და ყველაზე მთავარი სამაჯურისთვის, მაკკიენმა $7.000.000 დოლარზე მეტი მიიღო. ამჯერად კი მისი პირველი ადგილის ანაზღაურებამ $311.817 დოლარი შეადგინა. თუმცა, 2015 წლისგან განსხვავებით, მაკკიენმა ლიმიტირებული ჰოლდემის ტურნირი მოიგო, რაც ულიმიტო ჰოლდემის პროფესიონალისგან სასიამოვნო მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს.
ფინალური დღე ამერიკელმა მოთამაშემ შორტსტეკის სტატუსით დაიწყო. ფინალურ სამეულშიც კი მისი სტეკი საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მეტოქეებისას. სორელ მიცისთან მოგებული უმნიშვნელოვანესი დარიგების შემდეგ, მაკკიენმა სიტუაცია გამოასწორა და პირველ ადგილზე მყოფ ჯარედ ტალარიკოს თითქმის გაუთანაბრდა. "ეს ლიმიტირებული ჰოლდემია. შეიძლება სტეკი საკმაოდ შეგიმცირდეს, მაგრამ თუ რამდენიმე დარიგების მოგება მოახერხე, რთული მდგომარეობიდან გამოსვლას ყოველთვის შეძლებ, - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა, - როგორც აღმოჩნდა, დარიგებების უმეტესობა მე მოვიგე. არნახულად მიმართლებდა."
ერთ-ერთი საშიში მოთამაშე, რომელმაც სულ რამდენიმე დღით ადრე $10.000 დოლარიან 2-7 ლოუბოლის ივენთზე ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო, ბენ იუ იყო. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ჩიპლიდს და გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა, სორელ მიცისთან წაგებული დარიგებების შემდეგ, მისი სტეკი საგრძნობლად შემცირდა და საბოლოოდ მე-4 პოზიციიდან თამაშს გამოეთიშა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი, რომელიც ფინალურ მაგიდას ამშვენებდა, ჯეისი ტრენი იყო. ჯეისი ტრენმა წარსულში WSOP-ის 3 ოქროს სამაჯური მოიგო, რაც მას ნებისმიერ ტურნირში არასასურველ მეტოქედ აქცევს. სორელ მიცის მცირე პერიოდის აფსვინგს, ბენ იუსთან ერთად, ტრენის სტეკიც შეეწირა. საბოლოოდ, სორელ მიციმ საკუთარი ჩიპები ჯო მაკკიენს გადააბარა და თავად, მე-3 ადგილისთვის, $135.985 დოლარი მიიღო.