WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე ბენ ლემი მეორედ ითამაშებს
ბენ ლემი (Ben Lamb) თანამედროვე ქეშ-გეიმის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ომაჰას ეხება. მიუხედავად ამისა, ამერიკელ მოთამაშეს არც სატურნირო კარიერაში აქვს ნაკლები სახელი მოპოვებული: 6 წლის განმავლობაში, მან მეორედ მოახერხა WSOP Main Event-ის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა.
"იმ ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა, რომელზეც 7.000 მოთამაშეა დარეგისტრირებული, წარმოუდგენელი შედეგია -, ამბობს ლემი, - არ აქვს მნიშვნელობა საუკეთესო მოთამაშე ხარ, თუ საუკეთესოზე ათჯერ ძლიერი - ფინალურ მაგიდაზე მოხვედრის შანსები ძალიან დაბალია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასეთი შედეგი 6 წლის მანძილზე ორჯერ გაიმეორო."
მართლაც საოცარია: 2011 წელს ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა, შემდეგ კი წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მიიღო; 2012 წელს, მართალია იგივე შედეგის გამეორება ვერ შეძლო, მაგრამ მეინ ივენთზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მნიშვნელოვან ჩიპლიდს ფლობდა; წელს კი ის კვლავ ფინალურ მაგიდაზეა და, როგორც თავად ამბობს, მთავარი პრიზისთვის იბრძვის: "მე $8 მილიონის მოსაგებად ვთამაშობ. მართალია, დიდ ფულზე თამაში ხშირად მიწევს, მაგრამ მეინ ივენთს სულ სხვა დატვირთვა აქვს."
ფინალურ მაგიდაზე ბენ ლემი, ჩიპების რაოდენობის თვალსაზრისით, საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაშია, მაგრამ როგორც თვითონ განმარტავს, ის თამაშის ახალი კონცეფციების მისაღებად და მათ გამოსაყენებლად მზადაა.
ბენ ლემი კოლეჯში ბილიარდს და გოლფს თამაშობდა. 2003 წელს, კრის მანიმეიკერის მიერ მეინ ივენთის მოგების შემდეგ, ის პოკერით დაინტერესდა და მალე სან ანტონიოს უნივერსიტეტისთვის ნაყიდი წიგნები კარტებმა ჩაანაცვლეს: "ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მქონდა. გადავწყვიტე, სწავლა ცოტა ხნით გვერდით გადამედო და ძალები პოკერში მომესინჯა. მას შემდეგ ყველაფერი საუკეთესოდ მიდის."