ფილ აივი და დევიდ ულიოტი Poker Hall of Fame-ის წევრები გახდნენ
2017 წლის WSOP Main Event-ის შესვენების დროს, Rio All-Suite Hotel & Casino-ში, პოკერის ორი ლეგენდა - ფილ აივი და დევიდ Devilfish ულიოტი Poker Hall of Fame-ში წარადგინეს. წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დიდების დარბაზის 27 ცოცხალმა წევრმა და მედიის 18 წარმომადგენელმა დაუჭირა. Poker Hall of Fame-ში მოხვედრის შემდეგ, აივი და ულიოტი ისეთი მოთამაშეების გვერდით დადგნენ, როგორებიც ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი, დენიელ ნეგრანუ, ჩიპ რიზი და სტუ ანგარი არიან.
ფილ აივის Poker Hall of Fame-ში მოხვედრას მხოლოდ მისი ასაკი აფერხებდა - დიდების დარბაზში მოსახვედრად, კანდიდატი 40 წლის მაინც უნდა იყოს. აივი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოთამაშედაა მიჩნეული. უამრავი პროფესიონალი გემბლერის აზრით, მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის თანაბრად ფლობს პოკერის თითქმის ყველა სახეობას. 'პოკერის ტაიგერ ვუდსს' WSOP-ის 10 სამაჯური აქვს მოგებული, ხოლო HandonMob-ის ბაზაზე დაყრდნობით, მისი სატურნირო მოგება $24 მილიონ დოლარს აღემატება.
მისი აზარტული კარიერა ჯერ კიდევ იმ ასაკამდე დაიწყო, სანამ მას ლეგალურად თამაშის საშუალება ექნებოდა - აივი ყალბ საბუთებს იყენებდა, რათა კაზინოში შესვლის უფლება მიეღო. 2000 წელს, 23 წლის ასაკში, აივიმ პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, რომელსაც, 2 წლის შემდეგ, კიდევ 3 სამაჯური დაუმატა. ფილ აივი, პოკერის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც WSOP-ის 4 ოქროს სამაჯური მოიგო. ამ ყველაფერს WPT-ის ტიტული და Aussie Millions-ზე გამარჯვება მოჰყვა.
"მადლობა მინდა გადავუხადო პოკერის დიდების დარბაზის ამჟამინდელ წევრებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, - თქვა აივიმ, - დიდი პატივია ისეთი ლეგენდების გვერდით ყოფნა, როგორებიც დოილ ბრანსონი და ჩიპ რიზი არიან. მე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან საშუალება მომეცა ჩემი საყვარელი თამაში შემოსავლის წყაროდ მექცია. მე დღესაც ისეთი ენთუზიაზმით ვუდგები პოკერს, როგორც იმ დროს, როცა ბინიონების Horseshoe-ში პირველად შევედი, WSOP-ის ტურნირებზე სათამაშოდ."
დევიდ Devilfish ულიოტი, სამწუხაროდ, 2015 წელს გარდაიცვალა. ფილ ჰელმუტის, მაიკ მატუსოუს, დოილ ბრანსონისა და სხვა მოთამაშეების აზრით, ულიოტი პოკერის სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გამორჩეული და საყვარელი სახე იყო, რომლის სახელიც, პოკერის დიდების დარბაზში შეყვანამდეც კი, დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. ულიოტმა განსაკუთრებული გავლენა იქონია ბრიტანულ და ევროპულ პოკერზე. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში პოკერის პოპულარიზაციას. ულიოტმა სატურნირო კარიერაში $6.2 მილიონი დოლარი დააგროვა, WSOP-ის ოქროს სამაჯურთან და WPT-ის ტიტულთან ერთად.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დევიდ ულიოტმა პოკერის სამყაროსა და პოკერის მოთამაშეებს დაუტოვა, ფერადი, მხატვრული, ექსცენტრიული და გამოკვეთილად სპეციფიური მოთამაშის პერსონაა. მან ნათლად დაგვანახა, რომ პოკერში მთავარია არამხოლოდ შავი სათვალე, მათემატიკური აზროვნების ნიჭი, ფსიქოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა, ემოციების კონტროლი და სხვა გავრცელებული წარმოდგენები, არამედ სათამაშო მაგიდასთან მოქცევის ეტიკეტი, სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობის ხელოვნება და, პერიოდულად, ხმაურიანი 'გამოხტომები', რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებულად ახალისებს.
მაქს პესკატორი, მეტ სევიჯი, მაიკ მატუსოუ, ჰაკ სიდი, ტედ ფორესტი, თორ ჰენსენი და დევდ ჩიუ ის მოთამაშეები არიან, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ პოკერის დიდების დარბაზში, მაგრამ ვერ მიიღეს ხმების საკმარისი რაოდენობა,