ბილ პერკინსთან დადებული სანაძლეოსთვის ჯეიმი სტეპლსმა 23 კილო დაიკლო
მიმდინარე წლის 26 მარტს, ბილ პერკინსის იახტაზე, ჯეიმი სტეპლსი, მისი ძმა და თავად პერკინსი ონლაინ პოკერის სესიებს 'სტრიმავდნენ', როცა უცნაური სანაძლეოების დიდოსტატს ახალი იდეა გაუჩნდა: პერკინსის გადაწყვეტილებით, ჯეიმი და მეტ სტეპლსების $3.000 დოლარის წინააღმდეგ, მან $150.000 დოლარი დადო, თუ ერთი წლის შემდეგ ძმების წონებში განსხვავება მხოლოდ ერთი ფუნტი, ანუ დაახლოებით ნახევარი კილო იქნებოდა.
"მე და ჩემი ძმა $3.000 დოლარს ვრისკავთ, პერკინსის $150.000-ის წინააღმდეგ, - თქვა PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიმი სტეპლსმა, რომელმაც ონლაინ გამოცემას სანაძლეოს მიმდინარე მდგომარეობა გააცნო, - ჩვენი შანსები 50 1-თანაა. 2018 წლის 26 მარტს, ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ერთი ფუნტი უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება სანაძლეოში სხვებიც ჩავრთოთ და მოგება გავზარდოთ. წარმატების შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ $150.000 დოლარი შეგვხვდება.
კითხვაზე, იყო თუ არა სანაძლეო განპირობებული თავად ჯეიმი სტეპლსის წონაში დაკლების სურვილით, მოთამაშემ ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს და შეძლებისდაგვარად უკეთ გამოიყურებოდეს. მთელი ცხოვრებაა წონის პრობლემის წინაშე ვდგავარ. სკოლის ასაკიდან კი ეს ყველაფერი სულ უფრო რთულდებოდა. მივხვდი, რომ ამ სანაძლეომ ძალების მოკრების საშუალება მომცა. პირველ რიგში, დასახულ მიზანს მინდა მივაღწიო. $150.000 დოლარზე, რომელიც მე და ჩემმა ძმამ უნდა გავიყოთ, საერთოდ არ ვფიქრობ. ეს გამარჯვება $75.000 დოლარზე გაცილებით დიდია."
სანაძლეოს დასაწყისისთვის, ჯეიმის წონა 305 ფუნტი იყო (დაახლოებით 138 კგ), ხოლო მისი ძმის - 134 ფუნტი (დაახლოებით 60 კგ). როგორც ჯეიმი სტეპლსი ამბობს, მათ კიდევ 90 ფუნტიანი განსხვავება დარჩათ დასაფარი. "მან 35 ფუნტი მოიმატა, მე 50 დავიკელი. მართალია, მე გაცილებით დიდი დისტანცია დამრჩა, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, მისთვის წონის მომატება ბევრად რთულია, ვიდრე ჩემთვის დაკლება. ამჟამად, ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, კვირაში 5 დღე კარდიო ვარჯიშები მაქვს. დღეში 1.450 კალორიას ვღებულობ, რაც ჩემთვის საკმაოდ დიდი დეფიციტია. ჩემი დღიური რაციონი ასეთია: 120 გრამი ცილა, 80 გრამი ცხიმი და 40 გრამი ნახშირწყალი. ჩემს ძმას რაც შეეხება, ის იმდენს ჭამს, რამდენიც შეუძლია."