Poker After Dark სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება
ლეგენდარული სატელევიზიო გადაცემა Poker After Dark ტელეეთერს უბრუნდება. ამის შესახებ განცხადებას Poker Central-ის შვილობილი კომპანია, PokerGO აქვეყნებს. გადაცემის პირველი ეპიზოდი, სავარაუდოდ, 14 აგვისტოს გამოვა.
სამწუხაროდ, მაუწყებლობაზე წვდომა ფასიანი იქნება და მხოლოდ პრემიუმ მომხმარებლებს შეეძლებათ. მაგრამ, როგორც ტელევიზიის წარმომადგენლები ამბობენ, ფასიან გამოშვებებთან ერთად, გადაცემის გარკვეული ნაწილი ინტერნეტის საშუალებით, სრულიად უფასოდ გავრცელდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ აპირებს გადაცემაში მონაწილეობის მიღებას და თამაშს. Poker Central-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაგ პოლკი რამდენიმე მოთამაშეს ასახელებს, რომელთა ნახვასაც ის გადაცემაში ისურვებდა. ესენი არიან: ფილ აივი, ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი, დენიელ ნეგრანუ და ა.შ. პოკერის ძველ გვარდიასთან ერთად, პოლკი ახალი სუპერ ვარსკვლავების მოწვევისა და მათი ძველ თაობასთან დაპირისპირების ინიციატივით გამოდის. ფედორ ჰოლცი, ბენ სალსკი, აიზიკ ჰექსტონი, ჯეკ შინდლერი - ეს იმ მოთამაშეთა მცირე ჩამონათვალია, ვინც, პოლკის აზრით, ოლდ-სქულ პოკერს უნდა დაუპირისპირდეს. დაგ პოლკი პოკერის კულუარებში საკმაოდ ჩახედული ფიგურაა და, სავარაუდოდ, ის ასეთ სახელებს შემთხვევით არ დაასახელებდა.
Poker After Dark-ის პარალელურად, ახალი სატურნირო სერიის - Poker Masters-ის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც თავისი შინაარსით, დაახლოებით, Super High Roller Bowl-ის მსგავსი იქნება. ბაი-ინები $50.000-დან $100.000 დოლარამდე გაიზრდება და ის 5 ტურნირს გააერთიანებს. Super High Roller Bowl-ისგან განსხვავებით, რომელიც პოკერის გულშემატკივრებისა და მაყურებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.